Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აერობუსი A380 პირველად აიჭრა ჰაერში


დღეს სამხრეთი საფრანგეთის ქალაქ ტულუზიდან, სადაც კომპანია "ერბასის" შტაბ-ბინა მდებარეობს, მსოფლიოს უდიდესი საჰაერო ხომალდის, A380-ის პირველი გაფრენა მოეწყო.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ორსართულიანი საჰაერო გიგანტი, რომლის ცალკეული მოდელები 550-დან 850 მგზავრს დაიტევს, 2006 წლიდან შეუდგება რეგულარული რეისების შესრულებას.

ტულუზის აეროდრომზე შეკრებილი ათასობით ადამიანი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს ასაფრენ ბილიკზე გასულ გიგანტურ აერობუსს, რომელმაც ჯერ სიჩქარე აკრიფა, შემდეგ კი მიწას მოწყდა.

[თვითმფრინავის ძრავის ხმაური, ტაში, შეძახილები]

თვითმფრინავის ძრავების ხმაური, რომელიც აღტაცებული შეძახილებისა და ტაშის ფონზე გესმოდათ, კომპანია "როლს როისის" დამზადებულია და, როგორც თვით კონსტრუქტორები ამტკიცებენ, ახალი თაობის ძრავებს მიეკუთვნება.

რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა ბრეფნი ო'რურკმა ტულუზაში დაურეკა "ერბასის" პრესმდივანს დავიდ ველუპილაის, რომელმაც ხაზი გაუსვა პირველი ფრენის მნიშვნელობას 18-მილიარდდოლარიანი პროექტის საბოლოო წარმატებისთვის.

[დავიდ ველუპილაის ხმა] "ეს ქვაკუთხედია. თვითმფრინავი პირველად აფრინდა ჰაერში, რითაც დაიწყო კიდეც ერთწლიანი საფრენი გამოცდები."

დავიდ ველუპილაი დასძენს, რომ პირველ თვითმფრინავებს დამკვეთები 2006 წლის განმავლობაში მიიღებენ. ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ პირველი გაფრენის წარმატება, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი - როგორც თვით "European Airbus"-ის კონსორციუმისთვის, ისე მისი მუშტრებისთვის. "ერბასმა" უკვე 15 ავიაკომპანიისგან მიიღო შეკვეთები 154 ცალი გიგანტის დასამზადებლად, რაც, იმავე დავიდ ველუპილაის თქმით, "არნახულად კარგი შედეგია", თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგულარული საცდელი გაფრენები ჯერ არც დაწყებულა.

რამდენად შეიძლება A380-ის ყიდვა? ერთი აერობუსის ფასი, არც მეტი, არც ნაკლები, 280 მილიონი დოლარია. მისი მწარმოებელი კომპანიის ექსპერტთა თანახმად, "ერბასს" 260 თვითმფრინავის გაყიდვა დასჭირდება, ვიდრე მოგებაზე წარმოებას დაიწყებდეს.

ორსართულიანი საჰაერო გიგანტი პირველ კლასში, ბიზნეს-კლასსა და ეკონომიურ კლასში 550 მგზავრს დაიტევს. დამკვეთის სურვილის შესაბამისად, ნავარუდევია ისეთი მოდელების გამოშვებაც, რომლებიც მხოლოდ ეკონომიური კლასის ადგილებით აღიჭურვება. ასეთი მოდელების ტევადობა 850 კაცს მიაღწევს.

თუმცა, არის ამის საპირისპირო გეგმაც, ანუ განზრახულია, შეიქმნას A380-ის ფეშენებელური მოდელები. მაგალითად, ავიაკომპანია "ვირჯინ ატლანტიკმა" "ერბასს" უკვე შეუკვეთა რამდენიმე თვითმფრინავი, რომელიც აღჭურვილი იქნება ე.წ. "ფიტნეს-სტუდიით", კაზინოთი, კაფე-ბარით, ორსაწოლიანი კუპეებითა და სხვა. აი, როგორ აღწერს თავის სურვილებსა და გეგმებს "ვირჯინ ატლანტიკის" თანამფლობელი რიჩარდ ბრენსონი:

[რიჩარდ ბრენსონის ხმა] "მე ვეძებ თვითმფრინავს, რომელიც ოცნებებს აგვისრულებს. "ვირჯინ ატლანტიკის" ოცნებაა, შექმნას ისეთი კაბინა, რომელიც არ ჰგავს არც ერთი სხვა თვითმფრინავის კაბინას და, საერთოდ, არასოდეს შექმნილა."

A380-ს ბევრი სპეციალისტი "ბოინგ 747"-ის მემკვიდრედ მიიჩნევს. დაახლოებით ოთხი ათეული წლის მანძილზე საკონტინენტთაშორისო რეისების განხრით სწორედ "ბოინგ 747" იყო დედამიწის ცათა მპყრობელი და სწორედ ის შევიდა ავიაციის ისტორიაში, როგორც მსოფლიოს პირველი სუპერთვითმფრინავი.

და მაინც, A380 "ბოინგ 747"-ზე გაცილებით დიდია. მისი ფრთების სიგანე 80 მეტრს აღწევს და 15 მეტრით აღემატება "ბოინგ 747"-ისას. ახალი პროექტის წარმატება თუ წარუმატებლობა "ერბასის" მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება. ის განსაზღვრავს, რამდენად სწორი იყო კომპანიის მესვეურთა გადაწყვეტილება, საჰაერო ტრანსპორტით სარგებლობის მსურველთა სავარაუდო ზრდისთვის გიგანტური თვითმფრინავის შექმნით ეპასუხათ. გავიგებთ იმასაც, შეცდა თუ არა "ბოინგის" ხელმძღვანელობა, როცა იმავე პროგნოზიდან განსხვავებული დასკვნა გამოიტანა: გადაწყვიტა, რომ მომავალში მგზავრებს უფრო მობილური რეისებისკენ გაუწევთ გული, ანუ დანიშნულების ადგილთან შეძლებისდაგვარად ახლოს ჩაფრენა მოუნდებათ, რაც მხოლოდ მცირე და საშუალო ზომის თვითმფრინავებით იქნება შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG