Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენას მოახდენს ერაყის პრეზიდენტად ქურთი პოლიტიკოსის დანიშვნა სეპარატისტულ მოძრაობაზე ახლო აღმოსავლეთში?


გასულ კვირაში ერაყის პრეზიდენტად ქურთი პოლიტიკოსი ჯალალ თალაბანი დაინიშნა, რასაც ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები მილიონობით ქურთი აღფრთოვანებით შეხვდა.

ახლა ექსპერტები იმაზე მსჯელობენ, რა გავლენას იქონიებს თალაბანის დანიშვნა ქურთების მომავალ ბედზე: ანუ ხელს შეუწყობს მათს ინტეგრაციას იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ცხოვრობენ, თუ პირიქით - გაუღვივებს სურვილს, საკუთარი, დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნან?

ჯალალ თალაბანი პირველი ქურთი პოლიტიკოსია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი მოზრდილი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. ლონდონის არაბული და ირანული კვლევითი ცენტრის დირექტორი, ალირეზა ნურიზადე თალაბანის დანიშვნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს:

[ალირეზა ნურიზადეს ხმა] "ჩემი აზრით, პრეზიდენტ თალაბანის დანიშვნა ისევე მნიშვნელოვანია, როგორიც ბერლინის კედლის დაცემა იყო. მნიშვნელოვანია რეგიონში მცხოვრები ყველა ქურთისთვის. ირანელი ქურთები მაჰაბადისა და სად დაშტის ქუჩებში ზეიმობდნენ. ზეიმობდნენ სირიასა და თურქეთში მცხოვრები ქურთებიც. ამდენად, ვფიქრობ, ეს დანიშვნა ყველა ქურთისადმი გაგზავნილი სიგნალია: ხელი აიღეთ სეპარატიზმზე და ეცადეთ, დემოკრატიას მიაღწიოთო!"

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, კერძოდ თურქეთში, სირიაში, ირანსა და ერაყში, როგორც ვარაუდობენ, 30 მილიონამდე ქურთი ცხოვრობს. ბუნებრივია, რომ ქურთების დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა ამ ოთხი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და, საერთოდ, მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას მოახდენდა.

მაგრამ ალირეზა ნურიზადე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ თალაბანის გაპრეზიდენტებამ ქურთების სეპარატიზმის აღზევებას შეუწყოს ხელი. მისი აზრით, ერაყის მაგალითმა ქურთებს უჩვენა, რომ თავიანთი ეროვნული ოცნებებისა და მიზნების მიღწევა მათ დემოკრატიის გზით, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შეუქმნელადაც შეუძლიათ.

ამ მოსაზრებას ბოლომდე ვერ იზიარებს ერაყელი ქურთი კამრან ყარადაღი, ჩვენი რადიოს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამჟამად ლონდონის ომისა და მშვიდობის ინსტიტუტში მუშაობს. და აი, რატომ:

[კამრან ყარადაღის ხმა] "ერაყის ქურთმა მოსახლეობამ საკუთარი პოზიცია არჩევნების დროს გამოხატა, როცა პარალელურად, არაოფიციალურ რეფერენდუმში, მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. მათმა 97-მა თუ 98-მა პროცენტმა დამოუკიდებლობას მისცა ხმა."

ყარადაღი აღნიშნავს, რომ ერაყელი ქურთების მიზანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და არა მნიშვნელოვან სამთავრობო პოსტებზე მოკალათება. თალაბანის გაპრეზიდენტება ამ მხრივ არაფერს შეცვლისო, ფიქრობს კამრან ყარადაღი. ამავე დროს, ქურთ პოლიტიკოსებს ისიც მშვენივრად ესმით, რომ არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, დღეს დამოუკიდებლობაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელია. სხვათა შორის, ეს თავად ჯალალ თალაბანიმაც არაერთხელ აღნიშნა. მისივე თქმით, საკუთარ თავს იგი მხოლოდ ქურთების კი არა, ყველა ერაყელის წარმომადგენლად მიიჩნევს.

თალაბანის ასეთმა პოზიციამ და იმან, რომ მას ერაყელი არაბები ენდობიან - როგორც სუნიტები, ისე შიიტები - გადამწყვეტი როლი შეასრულა პრეზიდენტის თანამდებობაზე მის დანიშვნაში. ქურთ პოლიტიკოსებს შორის ძნელად თუ მოიძებნება სხვა ლიდერი, რომელიც ერაყში ასეთი ნდობითა და პატივისცემით სარგებლობდესო, აღნიშნავენ ექსპერტები. თუმცა, იქვე დასძენენ, რომ პრეზიდენტის პოსტზე თალაბანის არაერთი რთული პრობლემის მოგვარება მოუწევს. იქნება თუ არა მათ შორის მოუგვარებადი პრობლემები, მომავალი გვიჩვენებს.
XS
SM
MD
LG