Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი თბილისსა და სოხუმს დიალოგის დაუყოვნებელი განახლებისკენ მოუწოდებს


ჩვენმა მსმენელმა იცის, რომ ხუთშაბათს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განახლდება დიალოგი

საქართველოს ხელმძღვანელობასა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერებს შორის. გაეროს უშიშროების საბჭოსთვის განკუთვნილ საანგარიშო მოხსენებაში ანანი საბჭოს მოუწოდებს, კიდევ ექვსი თვით გაუგრძელოს ვადა გაეროს სამშვიდობო მისიას აფხაზეთში.

თავის ანგარიშში კოფი ანანი აღნიშნავს, რომ თბილისსა და სოხუმს შორის უკვე ხუთი თვეა, არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რის გამოც აფხაზეთში გაეროს სამშვიდობო მისია შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული მცირე მასშტაბის პროექტების განხორციელებით შემოიფარგლებოდა.

ხუთშაბათს გაეროს პრესმდივანმა სტეფან დუჟარიკმა სამშვიდობო პროცესის სირთულეებზე ისაუბრა:

[სტეფან დუჟარიკის ხმა] "აფხაზეთში ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ შეზღუდა ორ მხარეს შორის მოლაპარაკების საშუალება. კოფი ანანი იმედოვნებს, რომ პოლიტიკური ვითარების სტაბილიზება შესაძლებელს გახდის მოლაპარაკების განახლებას."

პოლიტიკური ვითარების სტაბილიზების იმედს გაეროს აფხაზეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები აძლევს. ეს იმედი მთლად უსაფუძვლო რომ არ არის, ამ ორიოდე დღის წინათ, ინტერფაქსის სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობაც ადასტურებს. ამ ცნობის თანახმად, სოხუმის ხელისუფლებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები მზადყოფნას გამოთქვამენ ე.წ. "ჟენევის ფორმატით" სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისთვის. ეს მოლაპარაკება უწინ რეგულარულად იმართებოდა "მეგობარი ქვეყნების ჯგუფის" შუამავლობით, მაგრამ აგერ უკვე ნახევარი წელია, აღარ ჩატარებულა. შემდეგი ასეთი შეხვედრა, როგორც ვარაუდობენ, გაზაფხულზე მოეწყობა.

ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში გაეროს გენერალური მდივანი ხაზს უსვამს დიალოგის განახლების აუცილებლობას, რათა შემუშავებულ იქნეს უახლოეს მომავალში გასატარებელი ღონისძიებების გეგმა. ამ ღონისძიებებს შორის კოფი ანანი იძულებით ადგილნაცვალ პირთა სამშობლოში დაბრუნებას ასახალებს. მაგრამ, ანგარიშის თანახმად, დიალოგის მონაწილეებმა ძირითადი ყურადღება უნდა დაუთმონ კონფლიქტის უმთავრეს საკითხს: საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსს.

კოფი ანანის ანგარიშში კრიტიკულად არის შეფასებული აფხაზთა ლიდერების ზოგიერთი ქმედება, მაგალითად ის, რომ მათი მხრიდან არ შეინიშნება თანამშრომლობის სურვილი. მაგალითად მოყვანილია გაეროს მეთვალყურეთა გადაადგილების შეზღუდვის ფაქტები როგორც სოხუმის აეროპორტში, ისე ენგურის ხიდზე და მდინარე ფსოუზე მოწყობილ სასაზღვრო გადასასვლელზე. გარდა ამისა, გაეროს ხელმძღვანელი უკმაყოფილებას გამოთქვამს აფხაზეთა მხარის უარის გამო, გალში ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნის ნება დაერთო გაეროს მისიისთვის და გალის რაიონში მოქმედების უფლება მიეცა გაეროს სამოქალაქო პოლიციისთვის.

ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აფხაზთა მხარემ უფლება მისცა გაეროს განვითარების პროგრამას, დაეწყო რეგიონის რეკონსტრუქციის პროგრამის განხორციელება. დეკემბერში პროგრამის წარმომადგენლები უკვე შეუდგნენ ვითარების შესწავლას გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში ინფრასტრუქტურისა და სასოფლო-სამეურნეო სექტორის აღდგენის მიზნით.

რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი რობერტ მაკმეჰონი ესაუბრა გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორს საქართველოში ლენს კლარკს, რომლის აზრით, ამგვარი პროექტების განხორციელება შერიგებისკენ მიმავალი ერთ-ერთი უმოკლესი გზაა.

[ლენს კლარკის ხმა] "ქართველებს სურთ დაამტკიცონ, ამ სახის პროექტების მხარდაჭერით, რომ აფხაზებთან თანამშრომლობა რეგიონის რეაბილიტაციის საქმეში მაინც შეუძლიათ. აფხაზები კი, ჩემი აზრით, მიესალმებიან იმას, რომ საშუალება ეძლევათ, ჰუმანიტარული დახმარების ჩარჩოებს გასცდნენ და ჭეშმარიტ რეაბილიტაციაზე იზრუნონ."
XS
SM
MD
LG