Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსულის აფეთქებამ 22 ადამიანი იმსხვერპლა


ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულში გუშინ განხორციელებულმა ტერაქტმა, სულ ცოტა, 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაღუპულთა შორის 17 ჯარისკაცია - 15 ამერიკელი და ორი ერაყელი. დაჭრილთა რიცხვი, ოფიციალური მონაცემებით, 70-ს აღწევს. ამ თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა "ალ-ყაიდის" მოკავშირე ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ სახელწოდებით "ანსარ სუნას არმია", რომლის განცხადებით, თავდასხმა თვითმკვლელმა მოიერიშემ განახორციელა.

მოსულის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ამერიკელი გენერლის კარტერ ჰემის ცნობით, აფეთქება მარეზის სამხედრო ბაზაზე მოხდა. დახოცილთა შორის, აშშ-ისა და ერაყის სამხედრო მოსამსახურეების გარდა, არიან როგორც ამერიკელი, ისე სხვა ქვეყნების ინსტრუქტორები.

[კარტერ ჰემის ხმა] "მოხდა ერთი, მძლავრი აფეთქება, სასადილო დარბაზში. არ ვიცით, რა იყო აფეთქების წყარო, გამოძიება დაიწყეს ამ საქმის ექსპერტებმა და წყაროს ისინი დაადგენენ."

მოსულში მოწყობილ თავდასხმას გუშინვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. მან ღრმა მწუხარება გამოხატა მომხდარის გამო და თანაგრძნობა გამოუთქვა დაღუპულთა ოჯახებს.

[ჯორჯ ბუშის ხმა] "ჩვენ ვლოცულობთ მათთვის. გულითად სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა და დაჭრილთა ახლობლებს, რომლებსაც დღეს ასე უჭირთ. გვინდა იცოდნენ, რომ ეს მისია სასიცოცხლოდ აუცილებელია და მშვიდობის საქმეს ემსახურება."

ამასთანავე, ჯორჯ ბუშმა რწმენა გამოთქვა, რომ ერაყში საბოლოოდ დემოკრატია გაიმარჯვებს.

[ჯორჯ ბუშის ხმა] "მტკიცედ მწამს, ერაყში დემოკრატია გაიმარჯვებს. ვიცი, რომ თავისუფალი ერაყი უფრო მშვიდობიანი მსოფლიოს ნაწილი იქნება. ამიტომ, ღმერთს შევთხოვთ, დაიფაროს ყველა, ვინც ამ უმნიშვნელოვანეს მისიაში მონაწილეობს."

აშშ-ის პრეზიდენტის ამ და სხვა მსგავსი განცხადებების მიუხედავად, აშკარაა, რომ ერაყში სტაბილურობის მიღწევა და შემდეგ შენარჩუნება უაღრესად რთული საქმე იქნება. მით უმეტეს ახლა, საყოველთაო არჩევნებამდე დარჩენილ 40 დღეში, როცა მეამბოხეები განსაკუთრებით აქტიურობენ.

ვითარების გამწვავების კიდევ ერთი დასტური იყო დღეს გავრცელებული ცნობა, რომ შეერთებული შტატების მსხვილმა სამშენებლო კომპანია "კონტრეკმა" გადაწყვიტა, მონაწილეობა აღარ მიიღოს ერაყის აღდგენის სამუშაოებში. არადა, მარტში "კონტრეკის" მეთაურობით შექმნილმა გაერთიანებულმა კომპანიამ მოიგო 325-მილიონდოლარიანი ტენდერი, რომელიც ითვალისწინებს ერაყში სატრანსპორტო სექტორის აღდგენას, კერძოდ გზების, ხიდების, ავტოსტრადების, ნავსადგურებისა და აეროპორტების მშენებლობას. გაზეთ "ლოს-ანჯელეს ტაიმსის" დღევანდელ ნომერში დაბეჭდილია "კონტრეკის" პრეზიდენტის კარიმ კამელ-ტუეგის ინტერვიუ, რომლის თანახმად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯები ერაყში დღეს იმდენად მაღალია, რომ კომპანიისთვის იქ საქმიანობა აზრს კარგავს.

ბევრი შიშობს, რომ მოსულის გუშინდელი აფეთქება სხვა კომპანიებსაც უბიძგებს, "კონტრეკის" მაგალითს მიბაძონ.
XS
SM
MD
LG