Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ბაღაფში პოზიციას იძლიერებს - აფხაზური მილიცია დე ფაქტო ხელისუფლებას აღარ ემორჩილება


აფხაზეთში ვითარება, ადრინდელთან შედარებით, მშვიდია, თუმცა დაძაბულობა გრძელდება. დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციები იქ დღითი დღე სუსტდება. დაპირისპირებული

მხარეები კი ( ვგულისხმობთ პრეზიდენტობის კანდიდატებს - სერგეი ბაღაფშსა და რაულ ხაჯიმბას) საერთო ენას ვერ პოულობენ. დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს ანტიკრიზისული ცენტრი, საქმეში უხუცესთა საბჭოც ერევა, თუმცა ამით ჯერჯერობით არაფერი იცვლება. ვინ უნდა ჩაიბაროს არძინბას მემკვიდრეობა? - აფხაზეთში ამ საკითხზე დავა ისევ გრძელდება.

სერგეი ბაღაფშისა და რაულ ხაჯიმბას მომხრეებს შორის დაპირისპირებამ აფხაზურ ოჯახებზეც გაიარა. როგორც ამას წინათ ჩვენთან საუბრისას ექსპერტმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწის თამარ შარკილის ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენელიც კი სერგეი ბაღაფშის მომხრეა. თავად თამარ შარკილი რაულ ხაჯიმბას აქტიური მხარდამჭერი იყო . 12 ნოემბრის არეულობის შედეგად გარდაცვლილ ამ ქალბატონს სიკვდილის შემდეგ აფხაზეთის გმირის წოდება მიენიჭა. თამარ შარკილი უკვე დაკრძალეს. აფხაზური ტრადიციების გათვალისწინებით, ქართველი ექსპერტები დაკრძალვის ცერემონიალზე დაპირისპირებული მხარეების შერიგებას არ გამორიცხავდნენ, მაგრამ შერიგება არ მომხდარა.

პოლიტიკურმა დაძაბულობამ აფხაზეთში კრიმინალები გაააქტიურა. რუსული საინფორმაციო წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ყველაზე მეტად სომეხი ეროვნების მოსახლეობას უქმნიან პრობლემებს. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რომ სრული ქაოსია, ამას აფხაზეთის ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროც აღიარებს. ამ სტრუქტურამ დე ფაქტო პრემიერს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. “ არ ვაპირებთ მოვითმინოთ ქაოსი და არეულობა, რაშიც ბრალი მიუძღვით, უპირველეს ყოვლისა, ნოდარ ხაშბას და მთავრობის სხვა წევრებს, რომლებიც მასმედიისა და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დეზინფორმირებას ეწევიან,” - ნათქვამია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აფხაზეთის ამ ძალოვან უწყებას არ სურს მონაწილეობა მიიღოს არსებული ხელისუფლების ოპონენტთა შესაძლო დარბევაში და ამის შესახებ ღიად უკვე განაცხადა. დე ფაქტო მთავრობისადმი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული უნდობლობა მოწმობს, რომ არძინბას ხელისუფლება იმ გავლენასაც კარგავს, რაც ბოლო პერიოდამდე შემორჩა. პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა მას არ შეუძლია. ამ მიზნის მიღწევას სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ანტიკრიზისული საბჭო ცდილობს. მან მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა; ამას გარდა, მოითხოვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან შეიარაღებული პირების გაყვანა. დაძაბულობის განსამუხტავად საქმეში ეკლესია და აფხაზთა უხუცესთა საბჭოც ჩაერია. უხუცესებს 17 ნოემბერს ჰქონდათ შეხვედრა დე ფაქტო პრემიერთან, ნოდარ ხაშბასთან, და პრეზიდენტობის კანდიდატებთანაც. ერთ-ერთმა მათგანმა, რაულ ხაჯიმბამ, გააკეთა განცხადება, რომ თუ უხუცესთა მითითება იქნება, საკუთარ კანდიდატურას მოხსნის, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სერგეი ბაღაფშიც ანალოგიურად მოიქცევა. მაგრამ სერგეი ბაღაფში, რომელმაც აფხაზეთში გავლენა სერიოზულად გაიფართოვა და რომელიც უკვე ინაუგურაციისთვის ემზადება, წარმოუდგენელია ამას დასთანხმდეს. ერთი სიტყვით, დაპირისპირებული მხარეები პოზიციებს არ თმობენ, ამას კი ყოველ წუთს შეიძლება ვითარების გამწვავება მოჰყვეს. მართალია, აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმა უარყო გავრცელებული ცნობა, თითქოს მან აფხაზეთში წესრიგის დასამყარებლად რუსეთის ჯარის შეყვანა მოითხოვა, ქართველი ანალიტიკოსები რუსეთის სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავენ. თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ რუსეთს ეს ნაბიჯი კიდევ უფრო დააშორებს აფხაზეთს.
XS
SM
MD
LG