Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონდოლიზა რაისი - პირველი შავკანიანი ვაშინგტონის საგარეო უწყების სათავეში


გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე კონდოლიზა რაისის კანდიდატურა წამოაყენა.

ამრიგად რაისმა, რომელიც ოთხი წლის მანძილზე სახელმწიფო უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობდა, საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე კოლინ პაუელი უნდა შეცვალოს. პაუელი - კაბინეტის ექვს სხვა წერთან ერთად - დაკავებული თანამდებობიდან ორშაბათს გადადგა. თუ სენატმა კონდოლიზა რაისის კანდიდატურა დაამტკიცა - და უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეც მოხდება - შეერთებული შტატების ისტორიაში იგი პირველი შავკანიანი ქალი იქნება, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვან სამთავრობო პოსტს დაიკავებს; და მხოლოდ მეორე ქალი (მედლინ ოლბრაიტის შემდეგ), რომელიც საგარეო უწყებას ჩაუდგება სათავეში.

კონდოლიზა რაისს აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში იცნობენ არა მარტო თავბრუდამხვევი კარიერის შემოქმედად, არამედ ჯორჯ ბუშისადმი ერთობ ლოიალურად განწყობილ ადამიანადაც. პრეზიდენტისა და სახელმწიფო უშიშროების დარგში მისი მრჩევლის ოთხწლიანი თანამშრომლობის მანძილზე თითქმის ვერ გაიხსენებთ შემთხვევას, ბუშსა და რაისს შორის სერიოზული უთანხმოება გაჩენილიყო. რაისი პრეზიდენტს ერაყში ომის დაწყების საკითხშიც მხარში ამოუდგა, რის გამოც ჟურნალისტებმა იგი არაერთი ირონიული მეტსახელით შეამკეს.

რაისის მხრიდან პრეზიდენტ ბუშის გადაწყვეტილებათა ესოდენ ურყევმა მხარდაჭერამ, როგორც ზოგიერთი მიმომხილველი ვარაუდობს, ვაშინგტონს შეიძლება კიდევ უფრო გაურთულოს ურთიერთობა მოკავშირეთა ერთ ნაწილთან. გერმანიასა და საფრანგეთს, რომლებიც ერაყში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ, რაისის წინამორბედი კოლინ პაუელი კაბინეტის იმ წევრთა საპირწონედ ეგულებოდათ, მკაცრი ხაზის მიმდევრებად რომ ითვლებიან. ცნობილია, რომ პაუელსა და პენტაგონის მესვეურებს შორის არაერთხელ გამართულა ცხარე კამათი საგარეო პოლიტიკის მრავალი საკითხის ირგვლივ, მათ შორის უკვე ნახსენები ერაყის გარშემოც.

თუმცა, ექსპერტთა შორის არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ადმინისტრაციის შეწყობილი მოქმედება, პირიქით, დადებით გავლენას მოახდენს ვაშინგტონისა და მისი ევროპელი მოკავშირეების ურთიერთობაზე.

[ანტონიო მისიროლის ხმა] "თუ კონდი რაისი აშშ-ის ადმინისტრაციაში ერთიანი თვალსაზრისის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, ევროპელები, ვფიქრობ, მხოლოდ მოხარული იქნებიან, რადგან ეს საფუძველს შეუქმნის ადმინისტრაციასთან ჭეშმარიტ მოლაპარაკებას - დიპლომატიის სფეროში შეერთებული შტატების სახელით ერთი ადამიანი ილაპარაკებს."

ასე ფიქრობს ანტონიო მისიროლი, ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხთა კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელი.

რა მოსაზრებებსაც უნდა გამოთქვამდნენ სპეციალისტები, ერთი უდავოა: პირქუში გარეგნობის მიუხედავად, კონდოლიზა რაისს იცნობენ სხარტი გონების, განათლებულ ადამიანად, რომლისთვისაც არც ხელოვნებაა უცხო და არც სპორტი.

კონდოლიზა რაისი დაიბადა 1954 წლის 14 ნოემბერს ალაბამის შტატის ქალაქ ბირმინგემში (სამიოდე დღის წინ მას 50 წელი შეუსრულდა). დედამისი მუსიკის მასწავლებელი იყო, ხოლო მამა - პასტორი და სკოლის დირექტორი. იმდროინდელი ბირმინგემს სახელი დაგდებული ჰქონდა ქალაქად, რომელშიც რასობრივი სეგრეგაცია ბატონობდა და რაისმაც ბავშვობიდანვე შეითვისა ერთი ჭეშმარიტება: თუ ჭაობიდან თავის დაღწევა სურდა, საფუძვლიანი და მრავალმხრივი განათლება უნდა მიეღო.

თავიდან ფორტეპიანოზე დაკვრის ხელოვნებას დაეუფლა (პარალელურად სერიოზულად იყო გატაცებული ფიგურული ციგურაობით), მაგრამ მოგვიანებით მუსიკას თავი დაანება და საერთაშორისო ურთიერთობათა შესწავლას შეუდგა. სხვათა შორის, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანწილად განაპირობა ლექციათა კურსმა, რომელიც რაისმა მოისმინა. საოცარია, მაგრამ კურსის ავტორი იყო ჩეხი ლტოლვილი იოზეფ კორბელი, მედლინ ოლბრაიტის მამა.

მერე კი დაიწყო აღმასვლა კარიერის კიბეზე. უფროსი ჯორჯ ბუშის მმართველობის პერიოდში კონდოლიზა რაისი, რუსული ენის შესანიშნავი მცოდნე, მუშაობდა საბჭოთა კავშირის საკითხებში სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ექსპერტად. მოგვიანებით, 2000 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, იგი საგარეო პოლიტიკის სფეროში უმცროსი ჯორჯ ბუშის კონსულტანტი იყო.

რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, იმხანად რაისი იზიარებდა მოსაზრებას, რომ ვაშინგტონმა სხვა ქვეყნები უნდა მიიღოს ისეთად, როგორადაც მათ დღემდე მოაღწიეს; და ხელი უნდა აიღოს ამბიციაზე, გარდაქმნას განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე ერები. ამ გარემოებას თავის გუშინდელ ნომერში ხაზს უსვამს გაზეთი "ლოს ანჯელეს ტაიმსი", რომელიც დასძენს, რომ დღეს რაისი - როგორც ერაყის მაგალითმაც გვიჩვენა - გაცილებით უფრო მიუახლოვდა პოზიციას, პოლიტოლოგთა წრეებში "ნეოკონსერვატულს" რომ უწოდებენ.

გუშინ კონდოლიზა რაისმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მისი კანდიდატურის წამოყენებისთვის და განაცხადა, რომ მისთვის პატივია ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში მუშაობა.

[კონდოლიზა რაისის ხმა] "მიხარია, რომ - სენატის თანხმობაც თუ იქნა - საშუალება მომეცემა, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ვიმუშაო იმ იმედიანი და ამბიციური გეგმის შესასრულებლად, რომელიც თქვენ დასახეთ. ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის პატივია, კიდევ ერთხელ ვემსახურო თქვენს ადმინისტრაციასა და ჩემს ქვეყანას."
XS
SM
MD
LG