Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში ვითარება კვლავ დაძაბულია, თამარ შარკილის დაღუპვაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ


აფხაზეთში - განსაკუთრებით კი სოხუმში - ვითარება უწინდებურად დაძაბულია. მიუხედავად იმისა, რომ არძინბა იქ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს,

მისი ფავორიტი პრეზიდენტობის კანდიდატი პოზიციებს არ თმობს. რაულ ხაჯიმბა და სერგეი ბაღაფში შეთანხმებას ვერ აღწევენ. აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერი ნოდარ ხაშბა სოხუმში მომხდარ არეულობასა და ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწის თამარ შარკილის დაღუპვაში სერგეი ბაღაფშს ადანაშაულებს. თბილისში კი, აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში, ვარაუდობენ, რომ ურთიერთდაპირისპირება აფხაზეთში კიდევ დიდხანს გასტანს.

სოხუმში ვითარება დაძაბულია, თუმცა არა ისე, როგორც რამდენიმე დღის წინ, 12 ნოემბერს, იყო. მაშინ, სამთავრობო შენობაში სერგეი ბაღაფშის მომხრეების შეჭრისას, 3 ადამიანი დაიჭრა. ერთი მათგანის - ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწისა და რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერის თამარ შარკილის - გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. შარკილის დაღუპვას, გავრცელებული ინფორმაციით, ხმაურიანი ინციდენტი მოჰყვა. ხაჯიმბას მომხრეებმა დაკითხვის პროცესიდან გაიტაცეს შარკილის დაჭრის თვითმხილველი. სხვა მხრივ, სერიოზულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. როგორც ჩანს, ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწის დაღუპვამ მხარეებს, გარკვეულწილად, თავშეკავებისკენ უბიძგა. ექსპერტი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ სიცხადე მათ ურთიერთობაში შეიძლება შარკილის დაკრძალვის ცერემონიაზე გამოიკვეთოს.

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “მე იმედი მაქვს, რომ დაკრძალვის დროს შეიძლება დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ. არ არის გამორიცხული დაკრძალვამ გამოიწვიოს გარკვეული ვნებათაღელვა მათ შორის, მაგრამ ნაკლებად მგონია ასე მოხდეს. მე ვიცი, რომ თავად ამ ქალბატონის ოჯახში იყო გაყოფილი აზრი - მისი ოჯახის გარკვეული წევრები ბაღაფშს ემხრობოდნენ. “(სტილი დაცულია)

აფხაზეთში არ უარყოფენ სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებას. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა როინ აგრბამ ჩვენთან საუბრისას ამ საშიშროებასთან დაკავშირებით აღნიშნა:

[როინ აგრბას ხმა] “ყველა ლაპარაკობს ამ საშიშროებაზე, პრინციპში საშიშროება არსებობს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ იყო მსხვერპლი, გარდაიცვალა ცნობილი საზოგადო მოღვაწე, დიდი სისხლისღვრა თავიდან აცილებულ იქნა. იმედი მაქვს მხარეები გამოიჩენენ პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე და კიდევ უფრო არ გაამწვავებენ ვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციულ ქმედებებს. “

პროვოკაციულ ქმედებებში იგლისხმება ადმინისტრაციულ შენობებში შეჭრა და რადგან თამარ შარკილი ამ არეულობისას დაიჭრა, მისი გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობას არძინბას გარემოცვა ბაღაფშს აკისრებს. ეს უკანასკნელი კი ფიქრობს, რომ პასუხისმგებლობა იმას ეკისრება, ვინც გასცა ბრძანება უიარაღო ხალხისთვის ესროლათ. მაგრამ რა ხდება ამ სროლის შემდეგ? სოხუმში დღეს არსებულ ვითარებას როინ აგრბა ასე ახასიათებს:


[როინ აგრბას ხმა] “სოხუმში ვითარება მშვიდია. სავაჭრო და სხვა ობიექტები მუშაობს. პარალიზებულია ადმინისტრაციული შენობები. მათ ბაღაფშის მომხრეები აკონტროლებენ. მიმდინარეობს კონსულტაციები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. “

კონსულტაციებთან დაკავშირებით სერგეი ბაღაფშის საარჩევნო შტაბში კომენტარს არ აკეთებენ - აცხადებენ, რომ ამისთვის დრო არა აქვთ.


როგორ განვითარდება პროცესები აფხაზეთში, მივა თუ არა საქმე სერიოზულ დაპირისპირებამდე, არავინ იცის. თბილისში, აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში, ვარაუდობენ, რომ ურთიერთდაპირისპირება აფხაზეთში კიდევ დიდხანს გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, დაიკავებს ბაღაფში პრეზიდენტის პოსტს თუ არა.
XS
SM
MD
LG