Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ეჭვები უკავშირდება მმართველი ძალის ინიციატივას საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების შესახებ?


მმართველი ძალა საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების ინიციატივით გამოდის. ეს ინიციატივა საარჩევნო კანონში

ცვლილებების შესახებ კანონპროექტში ჩაიდო და ის ოთხშაბათს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა. ჯერი პარლამენტზეა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებას ისე, როგორც ამას მმართველი ძალა ითხოვს, ოპოზიცია ეწინაააღმდეგება, საეჭვოა, წინააღმდეგობამ რაიმე შედეგი გამოიღოს. რას გვთავაზობს მმართველი ძალა და რა ეჭვები უკავშირდება მის ინიციატივას ამის შესახებ?

ახალი ინიციატივით, შვიდწევრიანი ცენტრალური საარჩევნო კომისია საჯარო კონკურსით შერჩეული პირებით უნდა დაკომპლექტდეს. კონკურსით შერჩეულები, არა უმეტეს 18- სა და არა უმცირეს 12 პირისა, პარლამენტს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს. კომისიის თავმჯდომარეს დანიშნავს პრეზიდენტი, კომისიის 6 წევრს კი დაამტკიცებს პარლამენტი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გამოწვევა კომისიიდან განსაზღვრული ვადის განმავლობაში შეუძლებელი იქნება. საარჩევნო კომისია არაპარტიული, პროფესიული ნიშნით უნდა დაკომპლექტდეს ზედა დონეებზე. საოლქო კომისიების წევრებს ასევე პროფესიული ნიშნით დააკომპლექტებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საუბნო კომისიებში კი შენარჩუნებული იქნება პარტიული ნიშანი.

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისთვის გამოსაცხადებელ კონკურსში მონაწილეობისთვის პირი არ უნდა იყოს პარტიული, უნდა ფლობდეს სათანადო სერტიფიკატს და უნდა იყოს უმაღლესი განათლების. მისი კანდიდატურის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობა რეპუტაციას და კვალიფიკაციას უნდა მიენიჭოს, თუმცა საქართველოში, ცოტა არ იყოს, ძნელია საარჩევნო კომისიისთვის შესარჩევად კვალიფიციური და, ამავდროულად, კარგი რეპუტაციის პირის მოძებნა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ამაზე მეტად სხვა საკითხი აფიქრებთ. “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე ფიქრობს, რომ
საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება ისე, როგორც ამას სათანადო კანონპროექტი განსაზღვრავს, ერთპარტიული საარჩევნო ადმინისტრაციის მიღების საშიშროებას ატარებს. “ახლები” ალტერნატიული წინადადებით გამოდიან:

[მამუკა კაციტაძის ხმა] “ჩვენ ვამბობთ: თუ პროფესიული ნიშანია ამოსავალი, მოვდივართ ამაზე, მაგრამ კვოტები უნდა განისაზღვროს, რათა კონკრეტულმა სუბიექტებმა წარადგინონ კანდიდატები. ერთი დანიშნოს პრეზიდენტმა, 2- 2 კი წარადგინონ იმ პარტიებმა, რომლებმაც აიღეს 3 პროცენტზე მეტი წინა არჩევნების დროს. თუ დაკანონდა ის, რასაც გვთავაზობენ, ეს ნიშნავს იმას, რომ გვექნება ერთპარტიული ცენტრალური საარჩევნო კომისია და არჩევნები დამთავრდება არჩევნების დაწყებამდე. “

ეჭვს პროფესიულის ნაცვლად ერთპარტიული საარჩევნო ადმინისტრაციის მიღების შესახებ ყოფილი პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძეც იზიარებს. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის განსაზღვრისას მთავარია ისეთი მექანიზმის მოფიქრება, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს უნდობლობას საარჩევნო კომისიების მიმართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: მმართველი ძალის ინიციატივის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს, დანარჩენი 6 წევრი კი პარლამენტმა, სადაც მმართველ ძალას დიდი უმრავლესობა ჰყავს:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] “თუ ავიღებთ პრეზიდენტს, ის ერთ-ერთი პარტიის ლიდერია. პარლამენტში უმრავლესობა აქვს ერთ პარტიას. თუ ამ სტრუქტურებს მიენდობა ფორმირება, უპარტიო საზოგადოებასაც გაუჩნდება ეჭვი - ეს ორგანოები დანიშნავენ კი ისეთ ადამიანებს, რომლებიც იმოქმედებენ კანონისა და მათი დამნიშნავების სურვილის მიხედვით. “

ასეთ ეჭვებს - გნებავთ, შეკითხვებს - მმართველ ძალაში შემდეგნაირად უპასუხებენ:

[გიგა ბოკერიას ხმა] "არ არსებობს სხვა გზა. გარდა ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების შტოებისა, სხვა ვინ უნდა იყოს წყარო ნომინაციისა? სხვა ვერ იქნება ნორმალურ ვითარებაში."

ეს იყო პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია. ის დარწმუნებულია, რომ მმართველი ძალის კანონპროექტში ჩადებულმა ინიციატივამ საქმე სწორი მიმართულებით უნდა წაიყვანოს.
XS
SM
MD
LG