Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გააჩერეს სოფელ კეხვთან 300-მდე საქართველოს მოქალაქე


როკის გვირაბით საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლამ ქვეყნის 300-მდე მოქალაქეს სერიოზული პრობლემა შეუქმნა. მგზავრებით სავსე 5 ავტობუსი ქართულ-ოსური

კონფლიქტის ზონაში, სოფელ კეხვთან, სამართალდამცავებმა დააკავეს. მგზავრების ქვეყნის შიგნით გადაადგილება მათ მთელი 2 დღის მანძილზე შეაფერხეს. ამ ყველაფრის მიზეზად დასახელდა საზღვრის უკანონოდ დარღვევა. სოფელ კეხვთან გაჩერებულ მგზავრებს საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა და დეპუტატმა ვასილ მაღლაფერიძემ ჩააკითხეს. მგზავრების დაკავების ფაქტი მათ კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვად შეაფასეს. რა მოხდა სოფელ კეხვთან?

სოფელ კეხვთან დაკავებული მგზავრების კონფლიქტის ზონიდან გაყვანა ორშაბათს საღამომდე ვერ მოხერხდა. 300-მდე მგზავრს, მათ შორის, ქალებს და ბავშვებს, ქართველი სამართალდამცავები 2 დღის მანძილზე ქვეყნის შიგნით გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ. როკის გვირაბით რუსეთიდან საქართველოში შემოსული საქართველოს მოქალაქეები საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში დაადანაშაულეს. ამისთვის კანონის სრული უგულებელყოფა და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა მარტო სახალხო დამცველს არ უწოდებია. საზღვრის უკნონოდ გადმოკვეთის ბრალდებით კონფლიქტის ზონაში საქართველოს 300-მდე მოქალაქის დაკავება უკანონობად მიიჩნიეს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც”. ორშაბათს ასოციაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ მისმა ორგანიზაციამ ვერ მიაკვლია აქტს, რომლის ძალითაც როკის გვირაბით საქართველოში შემოსულ მგზავრებს უკან გაბრუნება მოსთხოვეს.

[ანა დოლიძის ხმა] “ვცდილობთ მოვიპოვოთ ის აქტი, რომლითაც მიუთითებენ, რომ გაბრუნდნენ უკან. ასეთი აქტი წერილობითი სახით არ არსებობს. თუ აქტი გაცემული იყო ზეპირად, 3 დღეში უნდა მოხდეს მისი დაკანონება, ის უნდა გამოიცეს წერილობით და როგორც კი გამოიცემა, ჩვენ მას გავასაჩივრებთ, როგორც უკანონოს. “

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” მიაჩნიათ, რომ თუ ჰქონდა ადგილი საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას, მაშინ კონკრეტული დამნაშავეების მიმართ შესაბამისი პროცედურები უნდა გატარებულიყო, ნაცვლად 300-მდე მგზავრის ფაქტობრივი დაკავებისა.

ქართველმა სამართალდამცავებმა 5 სამგზავრო ავტობუსი სოფელ კეხვთან, საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მოტივით, შაბათ საღამოს 8 საათზე დააკავეს. ავტობუსების მგზავრებს მათ განუმარტეს, რომ როკის გვირაბით მოძრაობაზე შეზღუდვაა დაწესებული და ამიტომ ქვეყანაში სხვა გზით, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით, უნდა შემოსულიყვნენ. მგზავრებმა, რომელთა შორისაც იყვნენ ქალი და ბავშვი, 2 ღამე კონფლიქტის ზონაში ღია ცის ქვეშ გაატარეს. შიდა ქართლის რწმუნებულმა მიხეილ ქარელმა მათი უკან გაბრუნებაც კი მოითხოვა. უფრო მეტიც, მან მგზავრები და მძღოლები გააკრიტიკა იმის გამო, როკის გვირაბით ისარგებლეს და ოს სეპარატისტებს ფინანსური დახმარება გაუწიეს. ქარელის გამოსვლას და მის მიერ წაყენებულ მოთხოვნას მოგვიანებით სერიოზული კანონდარღვევა უწოდა კეხვთან გაჩერებულ მგზავრებთან ჩასულმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა:

[სოზარ სუბარის ხმა] “ითხოვდა ამ ადამიანების დეპორტაციას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, დეპორტაცია ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევა. ამგვარი მოთხოვნა არის სერიოზული კანონდარღვევა თანამდებობის პირის მხრიდან. “

ვინ ჩაიდინა კანონდარღვევა? ამის ძიებაში კონფლიქტის ზონაში დაკავებული მგზავრები სასოწარკვეთილები ელოდნენ ქვეყნის შიგნით გადაადგილების უფლების მიღებას. პროტესტის ნიშნად მათ ავტომაგისტრალი გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა და პოლიციის მხრიდან ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა. მგზავრებს ადგილზე სახალხო დამცველი და დეპუტატი ვასილ მაღლაფერიძე გულშემატკივრობდნენ. ისინი მათთან იყვნენ მანამდე, სანამ ხელისუფლებამ საშიშროების ზონაში იძულებით დატოვებულებს გორისკენ გზა არ გაუხსნა. უშიშროების სამინისტროში გადაწყდა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას იმ მძღოლების მიმართ, რომლებმაც მგზავრები საქართველოში როკის გვირაბის გავლით შემოიყვანეს.
XS
SM
MD
LG