Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური დაძაბულობა სოხუმში - სერგეი ბაღაფში უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ცნობს


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის რაულ ხაჯიმბას სარჩელის განხილვა აფხაზეთის უმაღლესმა სასამართლომ

სკანდალური გადაწყვეტილების მიღებით დაასრულა. ეს არის გადაწყვეტილება 3 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ, რაც სასამართლოზე ხაჯიმბას მომხრეების აშკარა ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული. ეს თავად მოსამართლემაც აღიარა. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამაც უკვე მოაწერა ხელი ბრძანებულებას ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ. როგორია ამ ყველაფერზე აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებული სერეგი ბაღაფშის რეაქცია და საითკენ მიდის პროცესები აფხაზეთში?

რაულ ხაჯიმბას სარჩელს აფხაზეთის უმაღლესი სასამართლო მთელი 10 დღე განიხილავდა. დაპირისპირებული მხარეები ( ვგულისხმობთ ხაჯიმბას და აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებულ სერგეი ბაღაფშს) შეთანხმებულები იყვნენ, რომ ცნობდნენ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას, - ეს ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში პარასკევს თავად სერგეი ბაღაფშმა აღნიშნა, - მაგრამ ბაღაფში უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას არ ცნობს. შეგახსენებთ: 28 ოქტომბერს აფხაზეთის უმაღლესმა სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო ხაჯიმბას მოთხოვნა 3 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ, სასამართლოს შენობაში ხაჯიმბას მომხრეების შეჭრისა და იქაურობის დარბევის შემდეგ კი არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა. “ეს არის მუქარის და უხეში ზეწოლის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება,” - თქვა თავად მოსამართლემ. ბაღაფშმა მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ხაჯიმბას იმ მომხრეების მიმართ, რომლებიც უმაღლესი სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ , საქმის მასალები დაწვეს და იქ მყოფ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სერგეი ბაღაფში ასეთი ზეწოლის შედეგად გამოტანილ გადაწყვეტილებას არ ცნობს და აცხადებს, რომ აფხაზეთში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება, თუმცა უკვე ხელმოწერილია ბრძანებულება ხელახალი არჩევნების დანიშვის შესახებ. არჩევნები დეკემბერში უნდა შედგეს.

[სერგეი ბაღაფშის ხმა] “აფხაზეთში ხელახალი არჩევნები დანიშნული არ იქნება, რადგან ამას არ დაუშვებს ამომრჩეველი, რომელმაც დაუჭირა მხარი ჩვენს ბლოკს. ჩვენ ველოდებით პარლამენტის და ეროვნული უშიშროების გადაწყვეტილებას იმ იმედით, რომ კანონიერების რაღაც ნასახი მაინც დარჩა ჩვენს სახელმწიფოში. არ იქნება მეორე ტური, არ იქნება ხელახალი არჩევნები.

დღეს დილით არძინბას დაცვა ავიდა სატელევიზიო ანძაზე და გათიშა გადამცემები. ჩვენ არ შეგვიძლია მივმართოთ ჩვენს მხარდამჭერებს. დახურულია ყველა ჩვენი გაზეთი, ასე რომ, სრული ვაკუუმია, სრული განუკითხაობა. “

თქვენ მოისმინეთ ფრაგმენტი ინტერვიუდან, რომელიც რადიო “თავისუფლებას” სერგეი ბაღაფშმა მისცა. ამავე ინტერვიუში მან აღნიშნა: “სასურველია საქმე არ მივიდეს სერიოზულ დაპირისპირებამდე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ჩვენის მხრივ, შევეცდებით საქმე აქამდე არ მივიდეს.”

მოხერხდება თუ არა აფხაზეთში პოლიტიკური დაპირისპირების შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაზრდის აღკვეთა, ამის თქმა დღეს არავის შეუძლია. ვითარებაზე კონტროლის შენარჩუნებისთვის 29 ოქტომბერს სოხუმში ეროვნული უშიშროების საბჭო შეიკრიბა, პარალელურად გაიხსნა აფხაზეთის პარლამენტის საგანგებო სესია.


პარასკევს ვრცელდებოდა ინფორმაცია აფხაზეთის სხვადასხვა რაიონებიდან სოხუმისკენ ბაღაფშის მომხრეების დაძვრის შესახებ; ბაღაფშის საარჩევნო შტაბში კი განგვიმარტეს, რომ საპროტესტო აქციები არ სჭირდებათ, რადგან არსებობს უმაღლესი სასამართლოს პირველი და კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ არჩევნებში გამარჯვებული სერგეი ბაღაფშია. სასამართლოს მეორე და, ამავდროულად, საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორც უკვე ვთქვით, იქ არ ცნობენ.
XS
SM
MD
LG