Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ცხინვალის რეგიონის სამომავლო სტატუსზე პოლიტიკური დიალოგის დაწყება სურს. - როგორ უყურებენ ამას ცხინვალში


20 ოქტომბერს, როგორც იქნა, გადაწყდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის ედუარდ

კოკოითის შეხვედრის საკითხი. შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ქალაქ სოჭში, 10 ნოემბრამდე - სავარაუდოდ, 5-6 ნოემბერს - გაიმართება და მასზე ზურაბ ჟვანია ცხინვალის რეგიონის პოლიტიკურ სტატუსზე შეეცდება დიალოგის გახსნას. როგორ უყურებს კოკოითის გარემოცვა ამ ინიციატივას? ამასთან დაკავშირებით, აი, რას აცხადებს კოკოითის პირადი წარმომადგენელი ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში ვაჟა ხაჭაპურიძე:

[ვაჟა ხაჭაპურიძის ხმა] “ე, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ურემეზე ვზივართ და ვფიქრობთ მთვარეზე გაფრენას. როგორ შეიძლება პოლიტიკური სტატუსის ასე პრმიტიულად გადაწყვეტა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდათ სტატუსის საკითხის გადაწყვეტა. პოლიტიკურ სტატუსამდე ბევრი რამეა გასაკეთებელი, ბევრი რამეა მისაღწევი.”

ამ მისაღწევებზე მარტო ცხინვალში რომ არ ფიქრობენ, ეს ედუარდ კოკოითს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა დაუდასტუროს. შეხვედრაზე, რომელიც სოჭში 10 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს, საქართველოს მხარე სტატუსის თაობაზე დიალოგის დაწყებას კი შეეცდება, მაგრამ მანამდე სხვა საკითხებს წამოსწევს.
იმის გასარკვევად, თუ რა წინადადებებით ჩავა ზურაბ ჟვანია სოჭში, სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გიორგი ხაინდრავას მივმართე.

[გიორგი ხაინდრავას ხმა] “სამი ბლოკია ძირითადი: პირველი - უსაფრთხოება და დემილიტარიზაცია რეგიონის, შეთანხმებების შესრულება, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გაყვანა. მეორე - ეკონომიკური - ბლოკი გულისხმობს ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას. აქ შედის როკის გვირაბის საკითხიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია . რაღაცნაირად უნდა მოხდეს მოძრაობის ლეგალიზაცია. ჩრდილო ოსეთისთვისაც მნიშვნელოვანია ეს გზა. ეს არის უმოკლესი გზა საქართველოს პორტებამდე და იქიდან ევროპისკენ. ამასთან ერთად, იქნება მსჯელობა ეკონომიკური ხასიათის სარეაბილიტაციო პროგრამებზე და, მესამე, ეს არის პოლიტიკური დიალოგის დაწყება. “

საქართველოს ხელისუფლებაში აქვთ მიახლოებითი წარმოდგენა იმაზე, თუ რა წინადადებაზე უნდა აიგოს პოლიტიკური დიალოგი:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] “ვმუშაობთ ამ მიმართულებით როგორც რუსეთის მხარესთან, ისე ვენეციის კომისიასთან, რათა ჩამოყალიბდეს ხედვა იმ წინადადებებზე, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივცეთ ოსებს. ეს არის ისეთივე უფლებები, როგორიც აქვს ჩრდილო ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში. ვფიქრობთ, ეს აბსოლუტურად საკმარისი წინადადებაა. “



სახელმწიფო მინისტრის მიერ ნახსენებ “საკმარის წინადადებაში” რადგან რუსეთის შემადგენლობაში ჩრდილო ოსეთის უფლებები უნდა ვიგულისხმოთ, საჭიროა განვმარტოთ კიდეც, რომ ამჟამინდელი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციაში ნებაყოფლობით გაერთიანებულ სუვერენულ წარმონაქმნს, თავისი სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკით, კონსტიტუციით და ასე შემდეგ.

ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთის შემადგენლობაში ჩრდილოეთ ოსეთის უფლებების მსგავსი და, შესაძლოა, ცოტა უფრო მეტი უფლებების შეთავაზების იდეა არცთუ დიდი ხნის წინ მოსკოვში მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა.მის წინადადებაზე ოსური მხარის რეაქცია მკვეთრად უარყოფითი იყო. მოვიყვანთ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგანგებო საქმეთა მინისტრის ბორის ჩოჩიევის მაშინდელ განცხადებას: “ ოსმა ხალხმა 1992 წლის რეფერენდუმზე ხმა მისცა სამხრეთ ოსეთის სრულ დამოუკიდებლობას და ჩვენ არ ვაპირებთ ამ არჩევანის გადახედვას.” ოსები პოზიციის შეცვლას რომ არ აპირებენ, ამას ვაჟა ხაჭაპურიძე ირიბად ადასტურებს. ის ამბობს, რომ საქართველოს შემადგენლობაში ცხინვალის რეგიონის სტატუსზე დიალოგის დაწყება ნაადრევია:

[ვაჟა ხაჭაპურიძის ხმა] “გახურებული ომია და ეკონომიკური ბლოკადაა გამოცხადებული. რომელ სტატუსზე ვლაპარაკობთ, როცა აქ ყველაფერი შეზღუდულია. აქაურ ოსებზე უნდა იყოს ზრუნვა. მანამდე სტატუსზე ასე ხელაღებით ლაპარაკი მე ნაადრევად მიმაჩნია. “

შეძლებენ თუ არა მხარეები პოლიტიკური დიალოგის აწყობას, სოჭის შეხვედრაზე გაირკვევა. იქვე, როგორც გიორგი ხაინდრავამ აღნიშნა, კონფლიქტის ზონაში სარეაბილიტაციო პროექტების ამუშავებაზეც უნდა წარიმართოს მსჯელობა. იგულისხმება საერთაშორისო ორგანიზაციების 2 მილონ-ნახევრიანი პროექტები ომით დანგრეული სახლებისა და ენერგეტიკული ობიექტების აღდგენისთვის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. გიორგი ხაინდრავამ ჩვენთან საუბრისას უარყო საქართველოს საინფორმაციო სააგენტოების მიერ 21 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კოკოითთან შეხვედრის წინაპირობად ჟვანია მისგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ითხოვს და ამის გამო შეხვედრა შეიძლება ჩაიშალოს. შეხვედრა შედგება, - აცხადებენ თბილისშიც და ცხინვალშიც. ასე რომ, ვნახოთ, რას მოიტანს ის.
XS
SM
MD
LG