Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ერთმანეთს შეხვდნენ ქართულ-ოსური შერეული საკონტროლო კომისიის წევრები


20 ოქტომბერს ქართულ-ოსური კონფლქიტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონში განუწყვეტელი სროლის

პრობლემა განიხილეს. საქართველოს მხარე თავის დროზე შერეული სამშვიდობო ძალებისთვის გადაცემულ, მაგრამ ოსების ხელში აღმოჩენილ სიმაღლეებზე შერეული სამშვიდობო ძალების საგუშაგოების გახსნას მოითხოვდა. საქართველოს მხარე ირწმუნება, რომ სწორედ ამ სიმაღლეებიდან უხსნიან ოსები ცეცხლს ქართულ სოფლებს.

ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების შეხვედრა თბილისში მოსალოდნელზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამ ხანგრძლივი შეხვედრის შედეგები ასეთია: გადაწყვეტილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის ედუარდ კოკოითის შეხვედრა. როგორც საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ გვითხრა:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] “ეს ქალაქ სოჭში მოხდება, სავარუდოდ, 5-6 ნოემბერს. ამ საკითხის გარდა, დღეს იყო განხილვა სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების.”

ამას გარდა, მიღწეულია შეთანხმება გამოძიებულ იქნეს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების დარღვევის ყველა ფაქტი.


ცხინვალის რეგიონში ბოლო პერიოდში გახშირებულ ინციდენტებზე 20 ოქტომბრის შეხვედრაზე მოხსენება გააკეთა შერეული სამშვიდობო ძალების სარდალმა კულახმეტოვმა. იყო ხაზგასმული, რომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების დარღვევა მშვიდობიან ადამიანებს აზარალებთ და ისინი არ შეიძლება მუდმივად მსხვერპლის როლში იყვნენ. საქართველოში რუსეთის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ბორის ჩოჩიევი წარმოადგენდა. საქართველოს მხარის მთავარი პრეტენზია მის მიმართ, აგრეთვე რუსეთის მხარის მიმართ, კონფლიქტის ზონაში ქართველების მიერ აღებული - საბოლოოდ კი, ოსების ხელში აღმოჩენილი - სიმაღლეების გაკონტროლების პრობლემას შეეხებოდა. გიორგი ხაინდრავა აცხადებდა, რომ სროლა ქართული სოფლების მიმართულებით სწორედ ამ სიმაღლეებიდან წარმოებს და მათზე საჭიროა შერეული სამშვიდობო ძალების საგუშაგოების დაყენება. ქართული სოფლების მიმართულებით თითქმის ყოველდღე ისვრიან.

[ალექსანდრე კიკნაძის ხმა] “ამ სროლებთან დაკავშირებით გუშინ კონკრეტული ზომები მივიღეთ. ეს მოჰყვა სოფელ ქურთაში განხორციელებულ აქციას. იქ მოსახლეობამ სრულიად სამართლიანად მოითხოვა სროლაზე სამშვიდობოების რეაგირება. სამშვიდობოები ჩაერთვნენ საქმეში და იმ ადგილებში დააყენეს დამკვირვებელთა სამმხრივი ჯგუფი, სადაც სროლა იყო. მაგრამ გუშინ მაინც იყო სროლები და ამაზე დღეს იქნება საუბარი. “

კონფლიქტის ზონაში შექმნილი რთული ვითარება ქართული სამშვიდობო ბატალიონის სარდალმა ალექსანდრე კიკნაძემ დაახასიათა. მე მას ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების შეხვედრის დაწყებამდე ვესაუბრე.

როგორც უკვე ვთქვით, ამ შეხვედრაზე ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ კოკოითის შეხვედრის საკითხი გადაწყდა. კოკოითთან შეხვედრაზე ჟვანია აუცილებლად შეეცდება ცხინვალის რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით დიალოგი გახსნას, თუმცა ვნახოთ, რამდენად მიიღებს კოკოითი მის გამოწვევას.
XS
SM
MD
LG