Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაკავებულების წინააღმდეგ ცრუმოწმეებს იყენებენ


საქართველოში დაკავებულების წინააღმდეგ უწინდებურად აქტიურად იყენებენ ცრუმოწმეებს. როგორც ადამიანის უფლებების დამცველები აღნიშნავენ, ცრუმოწმეებად

პოლიცია ზოგ შემთხვევაში თავისსავე აგენტებს იყენებს, ზოგ შემთხვევაში კი ამა თუ იმ პირისგან ყალბი ჩვენების გამოსაძალველად მისი დაშინების პრაქტიკას მიმართავს. 19 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციაში “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ცრუმოწმეების გამოყენების პრობლემაზე მსჯელობა ბოლო დროს გამოვლენილ ფაქტთან დაკავშირებით წარიმართა. საქმე ისაა, რომ 2004 წლის 4 მარტს დაკავებული ირაკლი ასათიანის წინააღმდეგ გამოყენებულმა ცრუმოწმეებმა აღიარეს, რომ გამოძიებას ყალბი ჩვენება პოლიციელების ძალდატანებით მისცეს.

ირაკლი ასათიანი პოლიციელებმა ნარკოტიკების ამოღების ფაქტზე დააკავეს. მისგან ნარკოტიკების ამოღების ფაქტი გამოძიებას რამდენიმე თვის წინ ორმა მოწმემ დაუდასტურა. დღეს ორივე მოწმე ამბობს, რომ გამოძიებისთვის მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რომ ისინი სამართალდამცავებმა მოტყუებით და დაშინებით ცრუმოწმეებად გამოიყენეს. ერთ-ერთმა მოწმემ, გვარად კალოიანმა,ეს უკვე თქვა ირაკლი ასათიანის სასამართლო პროცესზე. სასამართლო მოწმეების დაკითხვას განაგრძობს. მეორე მოწმეც მალე დაიკითხება და ცრუმოწმეობას სასამართლოს წინაშე ისიც აღიარებს. მოწმეთა აღიარება ამყარებს ასათიანის ადვოკატის ქეთი ბექაურის მტკიცებას, რომ მის დაცვაში მყოფი პირის წინააღმდეგ სამართალდამცავებმა ნარკოტიკების ჩადების მეთოდი გამოიყენეს. ადვოკატის თქმით, ასათიანი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 15-მდე პოლიციელმა დააკავა, ის პოლიციის ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და მისი ცემა პოლიციის განყოფილებაში გააგრძელეს. მაგრამ დავუბრუნდეთ მოწმეებს, რომლებიც აღიარებენ, რომ ისინი ასათიანის წინააღმდეგ ცრუმოწმეებად მოტყუებით და ძალდატანებით გამოიყენეს.

[ადვოკატ ქეთი ბექაურის ხმა] “ეს არის დანაშაული და რადგან დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლო უკვე იხილავს საქმეს, მოსამართლის პრეროგატივაა გამოიტანოს საქმის აღძვრის განჩინება ამ პოლიციელთა მიმართ, რომ მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით მოეთხოვოთ პასუხი. პოლიციელების მიმართ პროკურატურას უნდა აღეძრა საქმე, რაც თავის დროზე არ გაკეთდა. “

ეს იყო ადვოკატი ქეთი ბექაური. მის დაცვაში მყოფი პირის ირაკლი ასათიანის წინააღმდეგ მოწმედ გამოყენებული კონსტანტინე კალოიანი კი ამბობს, რომ დაკავებულისგან ნარკოტიკების ამოღება მას არ დაუნახავს, რომ ასათიანის წინააღმდეგ ჩვენებაზე მოტყუებით მოაწერინეს ხელი. მას შემდეგ, რაც ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ითქვა, კალოიანს (ის ტაქსის მძღოლია, თანაც ადრე ნასამართლები პირი) მანქანის საბუთები წაართვეს. მას ურეკავდნენ , ემუქრებოდნენ, პოლიციაში იბარებდნენ. მუქარები მას მერე შეწყდა, რაც კალოიანზე ზეწოლის ფაქტი საინფორმაციო საშუალებებში გახმაურდა, მას უცნობმა პირმა წართმეული საბუთებიც მიუტანა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” აღნიშნავენ, რომ ირაკლი ასათიანის წინააღმდეგ ცრუმოწმეების გამოყენების ფაქტი გამონაკლისი არ არის და რომ პოლიცია ცრუმოწმეებს ძალიან ხშირად იყენებს. გელა ნიკოლეიშვილი ორი ტიპის ცრუმოწმეებზე საუბრობს:

[გელა ნიკოლეიშვილის ხმა] “ ორი ტიპის დამსწრეები ჰყავთ: ერთი - როცა არიან პირდაპირი აგენტები, პროფესიონალი ცრუმოწმეები, რომლებიც გამოჭერილები ჰყავთ და რაღაც გასამრჯელოსაც უხდიან და მეორე - როცა ცრუდამსწრეებად შემთხვევით პირებს ძალდატანებით იყენებენ. “

ძალდატანება, უმეტესწილად, წარსულში ნასამართლევი პირების წინააღმდეგ ჭრის. ადამიანის უფლებების დამცველები აღნიშნავენ, რომ დაკავებულების წინააღმდეგ პოლიცია ცრუმოწმეებს, უმეტესწილად, მაშინ იყენებს, როცა პირის დაკავებისთვის ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადების მეთოდს მიმართავს.
XS
SM
MD
LG