Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარფურის საკითხზე რეზოლუციის მიღება მომავალი კვირისთვის არის ნავარაუდევი


ხუთშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოში, დახურულ კარს მიღმა გამართულ სხდომაზე, მოეწყო დასავლეთი სუდანის დარფურის პროვინციაში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის განხილვა.

უფრო ზუსტად, განხილვის საგანი იყო რეზოლუციის პროექტი, რომლის მიღებაც უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობას სურს. რეზოლუციის პროექტის მიღება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, თუმცა, როგორც სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში, აშშ-ის ელჩმა ჯონ დენფორთმა ივარაუდა, ტექსტში რამდენიმე ცვლილების შეტანის შემდეგ პროექტს მომავალ კვირაში მიიღებენ.

დარფურში შექმნილ ვითარებას გაერო "დედამიწაზე არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისს" უწოდებს. თვითმხილველთა მტკიცებით, ეს განსაზღვრებაც კი არ არის საკმარისი იმის წარმოსადგენად, რაც სუდანის ამ პროვინციაში ხდება. თავად განსაჯეთ: თუ ისევ გაეროს მონაცემებს დავეყრდნობით, იქ უკვე 50 ათასი ადამიანი დახოცეს, ხოლო მილიონზე მეტი - საკუთარი სახლ-კარიდან აყარეს და ლტოლვილად აქციეს. მოკლულთა და ლტოლვილთა უდიდესი უმრავლესობა შავკანიანი, ქრისტიანი აფრიკელები არიან; ხოლო მათი მკვლელები და ამწიოკებლები - სუდანის მთავრობის მხარდამჭერი, "ჯანჯავიდის" სახელით ცნობილი, მაჰმადიან არაბთა შეიარაღებული რაზმების წევრები.

მიუხედავად ტრაგედიის მასშტაბისა, გაეროც და უშიშროების საბჭოს ცალკეული წევრებიც აქამდე ერიდებოდნენ მასთან მიმართებით სიტყვა "გენოციდის" ხმარებას - რადგან დარფურის მოვლენების გენოციდად გამოცხადების შემთხვევაში გარდაუვალი გახდება სუდანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღება, იქნებ სამხედრო ჩარევაც კი.

მაგრამ ხუთშაბათს, ბევრისთვის მოულოდნელად, სიტყვა "გენოციდი" აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა იხმარა:

[კოლინ პაუელის ხმა] "მას შემდეგ, რაც ჩვენი გუნდის მიერ შეგროვილი მასალა შევისწავლეთ და ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელთ არსებულ სხვა ინფორმაციასთან შევაჯერეთ, თან საერთაშორისო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და მედიით არაერთგზის გავრცელებული მასალებიც გავითვალისწინეთ, დავასკვენით... მე დავასკვენი, რომ დარფურში განხორციელებულ იქნა გენოციდი. მისთვის პასუხისმგებელი არიან სუდანის მთავრობა და მისი მხარდამჭერი ჯანჯავიდის გასამხედროებული რაზმები."

კოლინ პაუელის ამ ბრალდებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა სუდანის ხელისუფლება. სამხრეთ კორეაში ვიზიტად მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ოსმალ ისმაილმა ჟურნალისტებთან საუბარში თეთრი სახლის მესვეურები სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, არჩევნების წინ მათ სურთ, მოსახლეობის ყურადღება ერაყიდან სხვა საკითხებზე გადაიტანონო.

[მუსტაფა ოსმან ისმაილის ხმა] "ისინი ხელაღებით ამტკიცებენ, იქ გენოციდიაო, ისევე, როგორც თავის დროზე ხელაღებით ამტკიცებდნენ, ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი არისო, და სულ ახლახან ამისთვის ბოდიშიც მოიხადეს."

ასეა თუ ისე, მომავალ კვირაში უშიშროების საბჭო კიდევ ერთხელ იმსჯელებს რეზოლუციის პროექტზე, რომელშიც გამოთქმულია მოწოდება დარფურში აფრიკის ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული სამშვიდობო ძალის შეყვანისკენ, "ნავთობის სექტორში" სანქციების შემოღებისკენ და სუდანის მთავრობის იმ წარმომადგენელთა დასჯისკენ, რომლებიც არაფერს აკეთებენ სისხლისღვრის შესაჩერებლად და უარს აცხადებენ საერთაშორისო მეთვალყურეებთან თანამშრომლობაზე.

ექსპერტებს, რომლებსაც რადიო "თავისუფლება" ესაუბრა, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ იმის თაობაზე, რა უფრო მნიშვნელოვანია: ნავთობის სექტორში სანქციების შემოღება თუ დარფურში მრავალრიცხოვანი სამშვიდობო ძალის შეყვანა. ჯოან კროკის სახელობის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი რობერტ ჯოჰანსენი, მაგალითად, ფიქრობს, რომ უმჯობესია, აქცენტი სამშვიდობო ძალაზე გაკეთდეს.

[რობერტ ჯოჰანსენის ხმა] "მომხრე ვარ სამშვიდობო ძალის რიცხობრივი შემადგენლობის გაზრდისა - უმჯობესია, გაეროს ეგიდით, რათა მან დაიცვას დაზარალებული და საფრთხეში მყოფი მოსახლეობა. გულახდილად რომ გითხრათ, ეს უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე ხართუმის წინააღმდეგ სანქციების შემოღება - ნავთობთან იქნება ეს დაკავშირებული თუ სხვა რამესთან."

კიდევ ერთი ამერიკელი პოლიტოლოგი, პრინსტონ ლაიმანი, რომელიც ერთ დროს აფრიკაში დიპლომატად მუშაობდა და იქაურ ვითარებას კარგად იცნობს, უფრო მეტ მნიშვნელობას სანქციებს ანიჭებს.

[პრინსტონ ლაიმანის ხმა] "სუდანზე ზეწოლა, თუნდაც უშიშროების საბჭოში ვერ მოხერხდეს ნავთობით ვაჭრობაზე სანქციების შემოღება, ის არის, რის აუცილებლობაზეც კარგა ხანია, ვლაპარაკობ. ისინი უნდა გრძნობდნენ ნავთობზე სანქციების შემოღების საფრთხეს - უნდა ფიქრობდნენ: ვიცით, გაერო ამას ვერ გააკეთებს, მაგრამ ვაითუ ცალკეულმა ქვეყნებმა გააკეთონო. რადგან ეს არის ერთადერთი სანქცია, რომელიც მათ მართლა ავნებდა."

სუდანი ყოველდღიურად 250 ათას ბარელ ნავთობს აწარმოებს. ამიტომ ეჭვგარეშეა, რომ სანქციები ნავთობით ვაჭრობის სფეროში ამ ქვეყანას მართლაც სერიოზულად დააზარალებდა. ამავე დროს, ეჭვს არც ის იწვევს, რომ სანქციების შემოღება წინააღმდეგობას წააწყდება უშიშროების საბჭოს, სულ ცოტა, ორი წევრის - ჩინეთისა და პაკისტანის მხრიდან, რომლებიც სუდანის ნავთობის მომხმარებლები არიან.
XS
SM
MD
LG