Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები აჭარასა და ქვემო ქართლში. მეთვალყურეთა კომენტარები


დავით პაიჭაძე, თბილისი პარლამენტის არჩევნების უცხოელმა მეთვალყურეებმა 3 ნოემბერს განაცხადეს, რომ საარჩევნო დარღვევებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონები.

4 ნოემბერს თავიანთი დაკვირვებები და აღნუსხული ფაქტები წარმოადგინეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებმა. ისინი დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ არჩევნებს და დიდძალი საგულისხმო მასალა წამოიღეს საარჩევნო უბნებიდან. გაგაცნობთ მათ ნაწილს.

[თინა ხიდაშელის ხმა] "რაც ქვემო ქართლში მოხდა, ამის პატიება, უბრალოდ, არ შეიძლება. ჩვენ არ ვაპირებთ ამის დათმობას. არ ვაპირებთ, ფიანდაზად დავუგოთ ხელისუფლებას 200 ათასი ხმა, რომელსაც ის ქვემო ქართლიდან ელოდება. ჩვენ გვაქვს ყველა მტკიცებულება ჩვენი სიმართლის გასატანად. არ დავუშვებთ, რომ საქართველოში იყოს სრული ნიჰილიზმი და ისეთი განწყობა, თითქოს არაფერს მნიშვნელობა არა აქვს და ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც გვიკარნახებენ".

რის პატიებას არ აპირებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები? თინა ხიდაშელმა და ზურაბ ბურდულმა წარმოადგინეს დარღვევათა ვრცელი, 11 ფურცლიანი, ნუსხა, რომელშიც რუსთავში, გარდაბნის, ბოლნისისა და მარნეულის რაიონში დაფიქსირებულ დარღვევათა მცირე ნაწილი იყო შესული. ასე მაგალითად, სოფელ სავანეთის საარჩევნო უბანზე ასეთი დარღვევები შენიშნეს:

[ზურაბ ბურდულის ხმა] "ერთი და იგივე ადამიანი ადგილზე უპრობლემოდ იღებდა რამდენიმე ბიულეტენს და შემოხაზავდა. ამის გამო ჩვენი დამკვირვებლის მიმართვაზე კომისიის წევრები არ რეაგირებდნენ. შემოხაზვა ხდებოდა კომისიის წევრების მიერ კაბინაში შესვლამდე, მაგიდაზე, სადაც ბიულეტენები ეწყო. როცა შენიშვნას ვაძლევდით კომისიის წევრებს, გვპასუხობდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, ისედაც ვიცით, ვინ ვის აძლევს ხმასო. მოდიოდნენ ადამიანები უცნაური საბუთებით - მაგალითად, დიპლომებით - და ამის საფუძველზე აძლევდნენ ხმას."

ჭაშნიკად წარმოგიდგენთ რამდენიმე დარღვევას სხვადასხვა უბნებიდან: გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ერთმა და იმავე პიროვნებებმა რამდენჯერმე მისცეს ხმა. მარკირება არ ხდებოდა რეგულარულად და კანონის დაცვით. კომისიის ერთ-ერთი წევრი თავად გასცემდა უკვე შემოხაზულ ბიულეტენებს. ბიულეტენებს გასცემდნენ დოკუმენტების წარდგენის გარეშე. მარნეულის რაიონის სოფელ ხანჯიგაზლოში არ ჩატარდა წილისყრა, სრულად არ იყო საარჩევნო სიები, რაც იყო, იმაში წინასწარ აღენიშნათ პირადობის მოწმობათა მონაცემები. დღის სამი საათიდან დაიწყეს ბიულეტენების გაცემა მოწმობათა გარეშე. ბოლნისის რაიონის სოფელ ჭაპალაში ამომრჩევლებს არ უკეთებდნენ მარკირებას, უბანზე ღიად ეწეოდნენ საარჩევნო აგიტაციას, ამომრჩევლის ნაცვლად საარჩევნო კომისიის წევრები თავად აკეთებდნენ არჩევანს სარეგისტრაციო მაგიდებზე. შვიდის ნახევარზე შუქი ჩაქრა და უცნობმა პირებმა ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა დაიწყეს.

აჭარაში საარჩევნო ვითარების აღსაწერად ერთ დეტალს გაგაცნობთ: არჩევნების დროის ამოწურვისთანავე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლები, ყველა უბანზე, ოთახებში ჩაკეტეს და გარეთ არ უშვებდნენ. მხოლოდ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წევრებმა იხსნეს თავიანთი კოლეგები.

ასოციაციის წევრები ამბობენ, რომ ყველა სამართლებრივ საშუალებას მიმართავენ, რათა ხსენებულ ორ რეგიონში ტოტალურ საარჩევნო დარღვევებზე ადეკვატურ რეაგირებას მიაღწიონ.
XS
SM
MD
LG