Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1999 წლის მოწვევის პარლამენტის თავისებურებები


1995 და 1999 წლის მოწვევის პარლამენტების შედარება მკაფიოდ ავლენს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის მთავარ ხაზს: არაკონკურენტული გარემოს გარდაქმნას კონკურენტულ გარემოდ.

ამ მტკივნეულ პროცესს თან ახლავს ხელისუფლებაში დაძაბულობის ზრდა და შრომის ნაყოფიერების კლება. უარყოფითი "გვერდითი" მოვლენების მიუხედავად, პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობა მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.

1995 წლის მოწვევის პარლამენტში სერიოზული წარმომადგენლობით სამი პარტია მოხვდა: მოქალაქეთა კავშირი, აღორძინება და ეროვნულ-დემოკრატები. 1999 წლის არჩევნებში გაზრდილი ბარიერი აგრეთვე სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა: მოქალაქეთა კავშირმა, აღორძინების კავშირმა და პარტიამ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს". ორივე პარლამენტში ყველაზე დიდი დეპუტაცია მოქალაქეთა კავშირს ჰყავდა.

ამ ორ პარლამენტს შორის მსგავსებასაც და განსხვავებასაც ერთი და იგივე პროცესი განაპირობებს: დეზინტეგრაცია. წინა პარლამენტში დაიშალა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და დეპუტაციის ნაწილი დაკარგა აღორძინებამ. ამავდროულად, ცალკე ფრაქციები შექმნეს ვახტანგ რჩეულიშვილმა და შალვა ნათელაშვილმა, რომლებიც დროთა განმავლობაში გაძლიერდნენ და პოლიტიკური პროცესის მნიშვნელოვან პერსონაჟებად ჩამოყალიბდნენ.

ამჟამინდელ პარლამენტში დეზინტეგრაციის პროცესი შეეხო როგორც აღორძინებას, ისე მოქალაქეთა კავშირს. ამ პროცესის შედეგად ისევ გაჩნდნენ დამოუკიდებელი პოლიტიკური ლიდერები, რომლებმაც საკუთარი ფრაქციები და, მოგვიანებით, პარტიები შექმნეს. ისინი დღევანდელი პოლიტიკური პროცესის მთავარი პერსონაჟები არიან.

ორ პარლამენტს შორის სქემატური მსგავსება აშკარაა. მაგრამ თუ სქემის მიღმა შინაარსს მოვიკითხავთ, საუბარი მხოლოდ განსხვავებებზე მოგვიხდება. 1995 წლის მოწვევის პარლამენტმა საბჭოთა საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს სახელმწიფოს კანონმდებლობად გარდაქმნა. ეს შრომატევადი საქმიანობა იმ საფუძველზე განხორციელდა, რომ მმართველ პარტიას ჰყავდა თავისი უმრავლესობა, რომელიც ადვილად იღებდა გადაწყვეტილებებს; უმრავლესობას კი ჰყავდა ლიდერი, რომელიც წარმატებით და შეუფერხებლად ატარებდა პრეზიდენტის საპარლამენტო პოლიტიკას.

როდესაც 1999 წლის პარლამენტში მოქალაქეთა კავშირი კიდევ უფრო სოლიდური წარმომადგენლობით მივიდა, ამ ფაქტმა თავის თავში მოიცვა როგორც წარმატების, ისე საფრთხის შესაძლებლობა. ერთი მხრივ, მმართველ პარტიას გზა გაეხსნა რადიკალური რეფორმების ჩასატარებლად, რადგან მას მხარს ლამის საკონსტიტუციო უმრავლესობა უმაგრებდა. მეორე მხრივ, რაკი ოპოზიცია გადაწყვეტილებების მიღებაში ვერ ერეოდა თავისი მცირე წარმომადგენლობის გამო, საფიქრებელი იყო, რომ მთავარი კონფლიქტი განვითარდებოდა არა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, არამედ - უმრავლესობის წიაღში.

გარდაქმნების იმედი თავიდანვე დაუკავშირდა არა იმდენად მოქალაქეთა კავშირის წარმატებას, რამდენადაც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტად არჩევას მეორე ვადით. მაგრამ როდესაც 2000 წლის ზაფხულში პრეზიდენტმა პარლამენტს დასამტკიცებლად ისევ ძველი მთავრობა წარუდგინა, ცხადად დადასტურდა, რომ რეფორმები არ დაიწყებოდა; შესაბამისად, დაიწყებოდა საპარლამენტო უმრავლესობის სრული დეზინტეგრაციის პროცესი. ფაქტობრივად, თავიდანვე არსებული ორი შესაძლებლობიდან, რომელიც წარმატებას და საფრთხეს მოიცავდა, წარმატების შესაძლებლობა მოკვდა, ხოლო საფრთხის შესაძლებლობა გაცოცხლდა.

წინა პარლამენტისგან განსხვავებით, ამჟამინდელ პარლამენტში დაწყებულმა დაშლის პროცესმა თითქმის მთლიანად ჩაშალა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა. წინა პარლამენტში მოქალაქეთა კავშირმა არა მხოლოდ თავისი დეპუტაციის შენარჩუნება შეძლო, არამედ აჭარის დეპუტაციის ნაწილიც შეიმატა და თანდათან გაძლიერდა. ამჟამინდელ პარლამენტში კი თავად უმრავლესობა დაიხლიჩა მრავალ სეგმენტად, რამაც ორ სახელისუფლო პროცესს დაუდო სათავე: ქმედობაუნარიანობის დაქვეითებას და დაძაბულობის ზრდას.

ნიშანდობლივია, რომ უმრავლესობისგან გამოცალკევებული სეგმენტები ერთსა და იმავე თვისებას ატარებს: ახალი ფრაქციების ლიდერები საკუთარ თავს პრეზიდენტობის კანდიდატებად მოიაზრებენ. დღეს თითოეულ მათგანს საკუთარი პარტია ჰყავს და საკუთარი ძალით მოძრაობს საპრეზიდენტო არჩევნებისკენ. ეს ვითარება 1999 წლის მოწვევის პარლამენტის მთავარ შედეგად და თავისებურებად უნდა მივიჩნიოთ.

1995 წლიდან 1999 წლამდე პოლიტიკური პროცესი იმგვარად განვითარდა, რომ ხელისუფლებას ჰყავდა ერთი მთავარი პერსონაჟი - ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ინარჩუნებდა კონტროლს დანარჩენ ფიგურებზე. ამავე რეალობით დაიწყო საქმიანობა 1999 წლის პარლამენტმა. თუმცა მისი უფლებამოსილების ამოწურვის მიჯნაზე საქართველოში თვისებრივად ახალი ვითარებაა: ქვეყანას ჰყავს რამდენიმე დამოუკიდებელი პოლიტიკური ლიდერი, რომლებიც კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოს ქმნიან.

ამჟამად უკვე ელექტორატის პასუხისმგებლობაა, 2 ნოემბრის არჩევნებში რამდენად შეინარჩუნებს კონკურენტულ გარემოს, ვის მიანიჭებს უპირატესობას და რა სასტარტო პირობებს შეუქმნის ახალგაზრდა ლიდერებს საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
XS
SM
MD
LG