Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური სპექტრის მარცხენა ფლანგის პრობლემები


ბოლო წლების განმავლობაში, საპარლამენტო არჩევნებში განსაკუთრებული სიმჭიდროვით მარცხენა ფლანგი გამოირჩევა. ეს ბუნებრივია ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი

სიღატაკის ზღვარზე ან ამ ზღვრის მიღმა ცხოვრობს. ბევრი პროცესი, რომელიც ძაბავს პოლიტიკურ ცხოვრებას, სწორედ მარცხენა ფლანგზე შექმნილ მდგომარეობას უკავშირდება.



1999 წლის არჩევნებში სპექტრის უმრავლესობას მემარცხენე პოლიტიკური ორიენტაციის პარტიები შეადგენდნენ. ოღონდ იმ არჩევნების მთავარმა სუბიექტებმა - მოქალაქეთა კავშირმა და აღორძინების კავშირმა - დაპირისპირების ხაზი ერთმანეთს შორის გაავლეს. ყველა სხვა ფაქტორმა მნიშვნელობა დაკარგა და მემარჯვენეობის თუ მემარცხენეობის თემა, ისევე როგორც მარცხენა ფლანგზე შექმნილი სიმჭიდროვე, აღარავის გახსენებია.

2 ნოემბრის არჩევნებისთვის პოლიტიკური სპექტრი მეტ-ნაკლებად შეიცვალა. მარჯვენა ფლანგზე ეულად აღმოჩნდა "ახლების" პარტია, ცენტრში ბურჯანაძე-ჟვანიას ტანდემი განლაგდა, მარცხენა ფლანგზე კი ისევ და ისევ პარტიების სიმრავლეა. აქ თავი მოიყარეს ლეიბორისტებმა, ნაციონალებმა, "აღორძინებამ", სახელისუფლო ბლოკმა და ზვიად გამსახურდიას მომხრე ორგანიზაციებმა. თითოეული ამ საარჩევნო სუბიექტის მთავარი დასაყრდენი ქვეყნის მოსახლეობის უკიდურესად გაჭირვებული და პოლიტიკაში ნაკლებად გარკვეული ნაწილია.

მარცხენა ფლანგზე განლაგებული პარტიები ერთმანეთის მიმართ ტრადიციული აგრესიულობით გამოირჩევიან. განსაკუთრებული წნეხის ქვეშ მაინც ნაციონალური მოძრაობა მოექცა: მას უტევს როგორც ხელისუფლება, ისე ლეიბორისტული პარტია და "აღორძინება". ერთი მხრივ, ეს ვითარება თავად მიხეილ სააკაშვილის რადიკალიზმით აიხსნება. იმის მიუხედავად, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ყველა საჯარო გამოსვლაში მორატორიუმს აცხადებს ოპონენტების ლანძღვასა და შეურაცხყოფაზე, მისი შეფასებები როგორც ხელისუფლების, ისე ლეიბორისტების მიმართ ყოველთვის მეტისმეტად მწვავეა. მეორე მხრივ, განცხადებების სიმწვავით სააკაშვილს არც შალვა ნათელაშვილი ჩამორჩება და, ხშირად, არც ასლან აბაშიძე. მაგრამ სხვაობა ისაა, რომ ლეიბორისტებისა და "აღორძინებისგან" ისეთ რეალურ საფრთხეს არავინ ელოდება, როგორსაც - ნაციონალური მოძრაობის ლიდერისგან, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. შიში განსაკუთრებით მკაფიოდ იკითხება ამჟამინდელი ხელისუფლების თვალებში.

ერთია საფრთხის განცდა, ხოლო მეორეა ის რეალობა, რომ ელექტორატი სასრული სიდიდეა და მემარცხენე ორიენტაციის პარტიები ერთმანეთს რეალურ კონკურენტებად აღიქვამენ. თუ მემარჯვენეების ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ საკუთარი ამომრჩეველი არ დაკარგონ, მემარცხენე პარტიებს ხმების მოპოვება ერთმანეთის ხარჯზე უხდებათ. ეს ზრდის დაპირისპირების და, შესაბამისად, საფრთხის ხარისხს. თუმცა 2 ნოემბრის არჩევნებში მთავარი ბრძოლა მაინც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არის მოსალოდნელი; მემარცხენე ფლანგის სიმჭიდროვე და რადიკალიზმი კი მხოლოდ თანამდევ პრობლემად უნდა მივიჩნიოთ.
XS
SM
MD
LG