Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტელიგენციის როლი და ადგილი დღევანდელ საქართველოში


ნინო ბურჯანაძემ ორი დღის წინ საჯაროდ მოუწოდა საზოგადოებას: "კატასტროფა ახლოვდება; ყველა ნორმალური ადამიანი - ყველა, ვინც ერთნაირად ხედავს თავისი ქვეყნის მომავალს - ერთად უნდა დადგეს ამ მომავლის გადასარჩენად".

პარლამენტის თავმჯდომარის ეს ფრაზა შეიძლება განვიხილოთ, როგორც მიმართვა, ერთი მხრივ, პოლიტიკოსებისადმი, მეორე მხრივ, ინტელიგენციისადმი. როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დადგა დრო, როდესაც ინტელექტი და პოლიტიკა უნდა დაახლოვდეს.

ინტელიგენციის ცნება, თუკი მას განსჯით კონტექსტში წარმოვთქვამთ, ოდნავ დაზუსტებას მოითხოვს. განსაკუთრებით იმ დისკუსიის შემდეგ, რომელიც მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა შესთავაზა საზოგადოებას 2001 წლის სექტემბერში. დისკუსიის მთავარი თემა იყო "ძველი ინტელიგენცია და ახალი ინტელექტუალები". საკითხის ამგვარად წარმოჩენა - ზღვრის გავლება ძველ ინტელიგენციასა და ახალ ინტელექტუალებს შორის - საინტერესოც არის და არსებითიც. მაგრამ როდესაც საუბარია პოლიტიკისა და ინტელექტის დაახლოებაზე, თანაც, ქვეყნისთვის კატასტროფის თავიდან აცილების კონტექსტში, ალბათ, ინტელიგენციისა და ინტელექტუალების გამიჯვნა არაფერს მოგვცემს.

შესაძლოა, ამ შემთხვევაში უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდეს სხვაგვარი დაყოფა. ძველ დროშიც არსებობდა და ახალ დროშიც არსებობს ინტელიგენციის ერთი ნაწილი, რომელიც დაახლოებულია ხელისუფლებასთან, და მეორე ნაწილი, რომელიც პრინციპულად გაურბის ხელისუფლებასთან კონტაქტს. ეს მეორე ნაწილი თავისი დუმილით და განზე დგომით მეტ-ნაკლებ დისკომფორტს უქმნიდა მმართველ წრეს ძველ დროში. ასეა ახლაც.

ვითარების ახსნა მარტივია: ხელისუფლებასა და ინტელიგენციას შორის რეალური თანამშრომლობის პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს ხანგრძლივი პრაქტიკა ინტელიგენციის გამოყენებისა პოლიტიკის შესალამაზებლად. ის ადამიანები, განსაკუთრებით შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებიც ამა თუ იმ გზით დაახლოებული იყვნენ კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან, განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ. მაგრამ მათ ჰქონდათ ასეთივე განსაკუთრებული მისია: ედუარდ შევარდნაძის პოზიციების გამყარება და მისთვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ამ მისიის გამო, ინტელიგენციის მეორე ნაწილს, უბრალოდ, ეშინოდა ხელისუფლებასთან გაკარება, რათა შეუბღალავად დაეცვა საკუთარი პატიოსანი იმიჯი.

ზუსტად იგივე მოდელი მოქმედებს დღესაც, ოღონდ გაცილებით "რბილი" ფორმით. ხელისუფლებასთან დაახლოებული ინტელიგენციის როლი დაკნინებულია, თუმცა ფუნქცია უცვლელია; ამავდროულად, რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერის მიმართ მწერლების, მსახიობების, მომღერლების მხარდაჭერა ისევ და ისევ პოლიტიკის შელამაზების მცდელობად აღიქმება, მეორე ნაწილის დუმილი კი - დამოუკიდებლობის და პატიოსანი იმიჯის შენარჩუნების სურვილად.

ფაქტია, რომ ინტელიგენციის დიდი ნაწილი დღესაც იმგვარადვე გაურბის პოლიტიკასთან რაიმე კავშირს, როგორც ძველ დროში. ისიც ფაქტია, რომ ამა თუ პოლიტიკოსის მოწოდებაზე გამოხმაურება აღიქმება არა საზოგადოების ინტერესების დაცვის მცდელობად, არამედ ერთი ძალის მხარდაჭერად მეორის წინააღმდეგ. ამიტომ, რაგინდ მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნის მომავლის გადასარჩენად, ინტელიგენციის ჩართვა პოლიტიკურ პროცესში, პოლიტიკისა და ინტელექტის დაახლოება, პოლიტიკოსებისა და ინტელიგენციის რეალური თანამშრომლობა მოსალოდნელი არ არის.

საქმე ისაა, რომ ვიდრე პოლიტიკოსები შეძლებენ ერთიანი საქმიანობისთვის დაიახლოონ ინტელიგენციის ჯგუფები, შესაცვლელია საკმაოდ ფესვმაგარი პარადიგმა. როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, საზოგადოება სწორედ შემოქმედებით ინტელიგენციას (და არა პოლიტიკოსებს) მიიჩნევდა ეროვნული ფასეულობების გადარჩენის გარანტად. შემდეგ, როდესაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა და საქართველოს ბედი ქართველი პოლიტიკოსების ხელში აღმოჩნდა, ეროვნული ინტერესების დაცვის პასუხისმგებლობა სწორედ მათზე გადავიდა. როდესაც ინტელიგენციისა და პოლიტიკოსების თანამშრომლობა ხერხდებოდა, ძველ დროშიც და ახალშიც, ამ პროცესს, ძირითადად, კერძო ინტერესები ედო საფუძვლად. საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით კი, პოლიტიკოსები და ინტელიგენციის წრეები ათწლეულების განმავლობაში ერთმანეთთან დაპირისპირებულნი იყვნენ. ამ მყარი პარადიგმის რღვევის გარეშე პოლიტიკისა და ინტელექტის დაახლოება შეუძლებელია, რაგინდ მყარად გრძნობდეს ორივე მხარე ამგვარი თანამშრომლობის აუცილებლობას.
XS
SM
MD
LG