Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფესიონალიზმის დეფიციტის მიზეზები


საყოველთაო აღიარებით, საქართველოში პროფესიონალიზმის დეფიციტია. თავად ქვეყნის პრეზიდენტმა ბოლო ორი ფინანსთა მინისტრის საქმიანობა ერთი და იმავე ფრაზით შეაფასა:

ამ ადამიანმა როცა საქმე ისწავლა, თანამდებობას მაშინ ნუ დავატოვებინებთო. ედუარდ შევარდნაძის შეფასებიდან ის გამომდინარეობს, რომ პროფესიონალიზმის დეფიციტს პოლიტიკური მოტივი უდევს საფუძვლად.

ედუარდ შევარდნაძის ცინიკური განცხადების ქვეტექსტი მწარე სიმართლეს მოიცავს: მინისტრი, რომელმაც თავისი საქმე არ იცის, თანამდებობაზე მხოლოდ პოლიტიკური მოტივით შეიძლება დაინიშნოს. ასეც ხდება. საქართველოში მაღალ სახელისუფლო თანამდებობაზე ადამიანები პოლიტიკური და არა პროფესიული ნიშნით ხვდებიან. საქმე ისაა, რომ თუ ლიდერის მთავარი მოტივი ძალაუფლების მოპოვება და შენარჩუნებაა, მაშინ იგი საკუთარ გარემოცვას პოლიტიკური ნიშნით აყალიბებს. ხოლო თუ ლიდერი მიღწევის მოტივაციას ეყრდნობა, მაშინ იგი ძალაუფლებასაც ახალი მიზნების მისაღწევად იყენებს და გარემოცვას პროფესიული ნიშნით ირჩევს.

დედაქალაქის მერს, ვანო ზოდელავას, არაერთხელ უთქვამს, რომ ბავშვობიდან მუხლჩაუხრელად შრომობს და არ ჰგავს იმ ადამიანებს, რომლებმაც შრომის წიგნაკი პარლამენტში და სახელმწიფო კანცელარიაში გახსნეს. რაკი საქართველოს პარლამენტი და კანცელარია ასეთი ადამიანების თავმოყრის ადგილია, ცხადია, სახელმწიფოს ლიდერის წამყვანი მოტივაცია ძალაუფლების შენარჩუნებაა და სწორედ მისი უსიტყვო ან სიტყვიერი თანხმობით ხდება არაპროფესიონალების თავმოყრა ხელისუფლების სხვადასხვა შტოში. რატომ?

კერძო სექტორი საქმის მცოდნე ადამიანებს იზიდავს და მათ ინტელექტს მეტ-ნაკლები შესაბამისობით ანაზღაურებს. სახელმწიფო სექტორი კი კაპიკებს უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის ბედს წყვეტენ. თუმცა ვერავინ იტყვის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ვინმეზე უარესად ცხოვრობს.

განსხვავება მაინც არსებობს და, თანაც, ნიშანდობლივი: კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ საკუთრება, რომელიც მათ მოქმედების თავისუფლებას ანიჭებს. სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს კი აქვთ საკუთრება, რომელიც მათ მოქმედების თავისუფლებას ართმევს. საქმე მარტივადაა: დასაბუთებული ქონება ადამიანს აძლიერებს, დაუსაბუთებელი ქონება კი ძალას აცლის და ასუსტებს. არაპროფესიონალი, რაგინდ მაღალ თანამდებობას ფლობდეს, გადაწყვეტილებების მიღებას თავს არიდებს ორი მიზეზით: ჯერ ერთი, ზუსტად არ იცის, რა არის სწორი და, მეორეც, საკუთარი კორუფციული საქმიანობა უბიძგებს, რაც შეიძლება ნაკლებად მოხვდეს ვინმეს თვალში. ეს ის ვითარებაა, რაც ძალაუფლების მოტივაციის მქონე ლიდერს სჭირდება გარემოცვისგან: ნაკლები ცოდნა და მეტი ცოდვა. სწორედ ამ ორი მიზეზით არის საქართველოს მთავრობის სხდომები ისეთი მოსაწყენი და უინტერესო, როგორიც არის. სხვაგვარი ვერც იქნება. ასეთივე მოწყენილი და უინტერესოა ჩვენი ქვეყანაც.
XS
SM
MD
LG