Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელ ახალგაზრდულ პროგრამას


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი დღევანდელ ახალგაზრდულ პროგრამას

საერთო თემა არ განწონის. პირველ ნაწილში პიროვნებაზე მოგითხრობთ, მეორეში - მოვლენაზე. ეს მოვლენაა "პენ-მარათონი 2003", რომელიც წელს მეორედ ტარდება. ჩვენი სტუდიის სტუმრები იქნებიან ადამიანები, რომელთაც მოიფიქრეს ლიტერატურული კონკურსის ასეთი ფორმა. მანამდე კი ეკა წამალაშვილი გიამბობთ, როგორ გარდატყდა ერთი ადამიანის - აფხაზეთიდან დევნილი 18 წლის თიკო წერეთლის - ცხოვრებაში დრამატული ბედი და, ალბათ, უნიკალური ნიჭი.

ეკა წამალაშვილი:

აფხაზეთიდან დევნილი თიკო წერეთელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია; სწავლობს იაპონურ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს, იტალიურ ენაზე კი უკვე თავისუფლად საუბრობს. ამ ენის შესწავლაში თიკოს და მის დას, თამრიკოს, დედა და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების იტალიაში სამ-სამი თვით გამგზავრების პროგრამა დაეხმარა. თიკომ და თამრიკომ და სხვა ასობით აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდამ ამ გზით იტალიაში ბევრი მეგობარი შეიძინეს. სამშობლოში დაბრუნებულებმა კი იტალიასთან ურთიერთობის საზოგადოება " ხიდი" დააარსეს. თიკოს უფროსი და, 20 წლის თამრიკო, სწორედ ამ საზოგადოების აქტივისტია, თიკო კი თანამშრომლობს ფონდთან "აფხაზეთის მომავალი" და ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების მიღწევის საქმეში საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს. ამას წინათ გაიმარჯვა კონკურსში თემით "მე რომ მშვიდობის დესპანი ვიყო." ჩემს შეკითხვას, მაინც რას გააკეთებდა, მშვიდობის დესპანი რომ იყოს, უპასუხა: "ამ მხრივ იმდენი რამ არის გასაკეთებელი, იმდენია სალაპარაკო, ძალიან დიდ დროს წაგვართმევსო." ამიტომ მოკლედ ვიტყვით, რომ თიკომ, როგორც ერთგვარმა მშვიდობის დესპანმა, უკვე მოასწრო ერთი კონკრეტული საქმის გაკეთება, როცა ერევანში, ქართველი და აფხაზი მოზარდების შეხვედრაზე, აფხაზ და ქართველ გოგონებს საკუთარი ხელით შექმნილი ულამაზესი კაბები ჩააცვა და ამ კაბების ჩვენება მოაწყო. მაშინ ერთ-ერთ აფხაზ გოგონას თიკოსთვის უთქვამს, აფხაზეთში მოდელების სააგენტო არ გვაქვს და შენ დიდი ხნის ოცნება ამიხდინეო.
თიკო იხსენებს, რომ ამ შეხვედრის წინ ყველანი ნერვიულობდნენ - არ იცოდნენ, როგორ მოახერხებდნენ აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას, მაგრამ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხადრიყო.

[თიკო წერეთლის ხმა] "ახლოს გავიცანით ერთმანეთი, გავიგეთ ერთმანეთის ტკივილი, რა გვიხარია. მე ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია. იმედი მაქვს, მე დავბრუნდები და, როცა ასე მოხდება, ჩვენ უნდა შევძლოთ ერთად ცხოვრება, ურთიერთთანამშრომლობა. ასეთ შეხვედრებს კი ამისთვის, ვფიქრობ, ძალინ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია."

"ჩვენ არ მიგვიძღვის წვლილი ომში, ამიტომ ჩვენ მომხდარზე პასუხი არ უნდა ვაგოთ, ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რაც უფროსებმა ამდენ ხანს ვერ შეძლეს - შერიგება" - აი, ასე ფიქრობს 18 წლის თიკო და ელის, რომ აუცილებლად აუხდება ოცნება და საკუთარი ნამუშევრების ჩვენებას მშობლიურ ქალაქში, სოხუმში, გამართავს იქ დაბრუნების შემდეგ.

როგორც უკვე გითხარით, კაბებს თიკო უცნაური მასალისგან, ერთჯერადი ცელოფნის პარკებისგან, კერავს. ძირითადად, ღამე მუშაობს და წინასწარ დახატული კაბის შეკერვას ხან ერთ, ხან ორ კვირას ანდომებს. მასალის შეძენაში ფონდი "აფხაზეთის მომავალი" ეხმარება. როგორია ერთჯერადი ცელოფნის პარკებისგან შეკერილი კაბები, მეცხრამეტე საუკუნის სტილის კაბები, როგორც თავად თიკო ამბობს, ამის წარმოდგენა უნახავად ძნელია.

[თიკო წერეთლის ხმა] "საერთოდ, ვხატავ ბავშვობიდან. გამიჩნდა სურვილი, კაბები, რომლებსაც ვხატავდი, შემექმნა და ისინი ნამდვილ მოდელებს ჩაეცვათ. მასალად ცელოფნის პარკები ავირჩიე. ორიგინალურია, ჩემი აზრით. ეს არის მეცხრამეტე საუკუნის სტილის კაბები, მასში ქალი ძალიან ლამაზი, ამაყი და მიუწვდომელი ჩანს, ჩემი აზრით. "

ყველა კაბას თავის სახელი აქვს. მაგლითად: ცისარტყელა, თევზი, ჩანჩქერი და ასე შემდეგ. პირველი კაბის შექმნაზე თიკომ 750 პარკი გამოიყენა, შემდეგ აღარ დაუთვლია. კაბები ფუშფუშაა, საზეიმო, ისეთი, როგორებიც, თიკოს წარმოდგენით, მეცხრამეტე საუკუნის ქალბატონებს წვეულებებზე ეცვათ და, მართლაც, ძალიან ლამაზია. ამ კაბებში თიკოს მეგობრები, მოდელები, მართლაც, ლამაზები, ამაყები და მიუწვდომლები ჩანან.

თიკო წერეთელი 7 წლის იყო, როცა ოჯახის წევრებთან ერთად მშობლიური სახლი, მშობლიური ქალაქი დატოვა. ეს 1992 წელს მოხდა. მან და მისმა ოჯახის წევრებმა ჯერ სამტრედიაში ნათესავებს შეაფარეს თავი, მერე კი თბილისში გადმოვიდნენ. დღეს აქ ერთ- ერთი გიმნაზიის შენობაში ერთ ოთახში ცხოვრობენ, მაგრამ არავის საყვედურობენ. სჯერათ, რომ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაბრუნდებიან იქ, სადაც ძალიან ცოტა დაუნგრეველი და ძალიან ბევრი მტრობით დანგრეული სახლი და სოხუმის სანაპირო დარჩა.

როცა ეკითხები, თუ როგორ დაამახსოვრდა აფხაზეთი, თიკო მშვიდობიან პერიოდს იხსენებს, სოხუმის სანაპიროს, სადაც თითქმის ყოველდღე სეირნობდა. ომის პერიოდის გახსენება არ სურს, ომზე საერთოდ არ საუბრობს და მის ასეთ ჟესტს კარგად გაიგებს ის, ვისაც ომი საკუთარი თვალით უნახავს. სოხუმის დატოვება ჩვენთან საუბრისას თიკოს დედამ, ქალბატონმა მანანამ გაიხსენა:

[მანანა წერეთლის ხმა] "როცა გადმოვდიოდით, ჩავკეტე კარები და დავფიქრდი, რა გავაკეთო ჩემი შვილებისთვის-მეთქი. დავბრუნდი და ავიღე იტალიური ლექსიკონი, რაც ძალიან წამადგა. მართალია, იტალიური არ ვიცოდი და არასწორად ვასწავლიდი ჩემს შვილებს. აღმოჩნდა, რომ მახსოვრობა ძლიერი ჰქონიათ და სიტყვების დაზეპირებით ერთმანეთში დაიწყეს საუბარი. "

აი, ეს იყო თიკოს და მისი დის იტალიაში გამგზავრების წინაპირობა -
მათი იმ პროგრამაში ჩასმა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების იტალიაში სასწავლებლად გამგზავრებას ითვალისწინებდა. თიკომ და თამრიკომ იქ 2 კვირაში შეძლეს საუბრის დაწყება. დღეს ორივეს თბილისში ცხოვრებაში ეხმარება სტიპენდია, რომელსაც უცხოეთიდან იღებენ.





დავით პაიჭაძე

ბოლო 2 დღის მანძილზე ლიტერატურული პენ-მარათონის შესახებ ინფორმაცია საკმარისად გავრცელდა, მაგრამ, ჩვენი აზრით, არის რამდენიმე კითხვა, რომელთა პასუხი საზოგადოებას არ მოუსმენია. რა თქმა უნდა, პენ-მარათონი არ არის ძალიან სერიოზული მოვლენა ლიტერატურულ ცხოვრებაში. ამ აზრს ეხმიანება გამომცემლობა "დიოგენეს" ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე, რომელმაც საპრეზენტაციო პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პენ-მარათონი, საუკეთესო აზრით, თამაშია. მართლაც, 26 ადამიანის თავმოყრა გემზე და გაშლილ ზღვაში მათი გაყვანა 24 საათის მანძილზე პროზის დასაწერად, შეიცავს მსუბუქი ავანტიურისა და ექსცენტრულობის ელემენტს. ჩვენთან საუბრისას კი თამარ ლებანიძემ აღნიშნა [ლებანიძის ხმა]: "ჩემთვის მთავარია, რომ ეს არის ცოცხალი პროცესი, ცოცხალი ადამიანების მონაწილეობით. ჩვენ სწორედ ასეთ ავტორებს ვეძებთ, რომლებიც მოდიან ამგვარ ექსპერიმენტებზე, არ ეშინიათ თავიანთი რეპუტაციის შელახვის, გარკვეულ სიტუაციაში გამოცდასაც უძლებენ და ყველაფერს თამამად უყურებენ. ეს არის გამუდმებული ექსპერიმენტი. სიახლეები იქნება წელსაც, მომავალ წელსაც და მე იმედი მაქვს, ყოველთვის, სანამ პენ-მარათონი იარსებებს".

თამარ ლებანიძესა და მის პარტნიორს პენ-მარათონის ორგანიზებაში, დრამატურგ ჯარჯი აქიმიძეს, შარშანდელ მარათონზე გავუზიარე ჩემი შთაბეჭდილება: კერძოდ, ვუთხარი, რომ პრემირებული მოთხრობები არ ჰგავდა ექსპრომტად, მხოლოდ დევიზის შეთავაზების შედეგად და შემდეგ დაწერილ ტექსტებს. მათ აშკარად ეტყობოდათ ავტორთა მუშაობის კვალი, რასაც 12 საათი არ უნდა ჰყოფნოდა. და თუ ასეა, ანუ თუ მარათონზე ავტორები წინასწარ მომზადებულები მოდიან, ან სულაც უკვე დაწერილი, მაგრამ გამოუქვეყნებელი მოთხრობები ხელახლა გადააქვთ ქაღალდზე - რაღა აზრი აქვს მარათონს, იქ ხომ თავად ავტორისთვის ცოტა რამ რჩება მოულოდნელი? ჯარჯი აქიმიძე საკითხს ასე არ უყურებს [აქიმიძის ხმა]: "თუ დაწერილი აქვს, ამას არაფერი არ ეშველება: მაშინ ღმერთი ყოფილა მის მხარეს და, ასე ვთქვათ, გაურტყამს. მაგრამ მე ასე არ ვთვლი. ყველას, ნებისმიერ მწერალს, აქვს თავისი სიუჟეტები და ამ სიუჟეტებს არგებენ მარათონზე შეთავაზებულ სიტუაციას თუ ფრაზას. გარდა ამისა, ძალიან ბევრს, ვინც დღეს წერს, უბრალოდ, დრო არ გააჩნია საწერად. ეს არის სპეციალურად მოქცევა ექსტრემალურ სიტუაციაში და იძულება, რომ, რაზეც ბევრი გიფიქრია, რა სიუჟეტებსაც შენს თავში უტრიალია, ამოარჩიო იქიდან საუკეთესო და დაწერო. მე ვიცი, ხალხი ნატრობს: ოღონდ ქალაქიდან სადმე გამიყვანა, სადმე ჩამკეტა და დავწერ! აგერ ბატონო, ზღვა, აგერ გემი და დაწერე! 24 საათიანი კარცერ-ლუქსია, ოღონდ - მწერლებისთვის. 24 საათი კი ის დროა, რომელშიც შეიძლება მართლა რაიმე კარგი დაწერო, მით უმეტეს, თუ ნაფიქრი გაქვს. და ნაფიქრი რომ ექნებათ, დარწმუნებული ვარ".

ცხადია, თამაში მხოლოდ თამაშისთვის არ იმართება: თამარ ლებანიძეს ვთხოვე, ელაპარაკა იმ ბიძგზე, რაც პირველმა პენ-მარათონმა მისცა კულტურულ, კერძოდ, ლიტერატურულ ყოფას საქართველოში. გარდა ამისა, საინტერესო იყო, შარშანდელი მარათონის (ისე, პროზის დასაწერად 12 ან თუნდაც 24 საათის გამოყოფას შეიძლება უფრო სპრინტის ნიშნები ჰქონდეს, ვიდრე მარათონის) ორგანიზატორები თუ აკვირდებოდნენ, რას წერდნენ ფინალისტი ავტორები ამ ერთი წლის მანძილზე - გაიზარდა და დაიხვეწა მათი ოსტატობა თუ პირიქით. ან ეგებ სულაც დაანებეს წერას თავი? [ლებანიძის ხმა]: "ამ პერიოდში დაინტერესდნენ მეცენატები (ან, რაც გნებავთ, ის ვუწოდოთ). გაჩნდა ხალხი, ვისაც აკუმულირებული აქვს ფინანსები და მათი დაბანდება სურს კულტურაში. მე ვფიქრობ, შარშანდელი პენ-მარათონის გამოძახილი იყო საბას ლიტერატურული პრემია, რომელმაც მშვენივრად ჩაიარა. პენ-მარათონს მოჰყვება სხვა კონკურსებიც. საქართველოში ამ ტიპის მუშაობა გაგრძელდება, განვითარდება და თანდათან ჩვენი ლიტერატურული ცხოვრება ნორმალური ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებას დაემსგავსება. რაც შეეხება ავტორებს, რა თქმა უნდა, ვადევნებდი თვალყურს: როცა კი მოვიცლი ხოლმე, ყოველთვის ვკითხულობ მცირე პროზას. ჩვენი ავტორები იბეჭდებოდნენ პერიოდიკაში, ვითარდებოდნენ და, მეტსაც გეტყვით, არის ხალხი, ვისთანაც გამომცემლობა ახლაც აგრძელებს მუშაობას".

მეორე პენ-მარათონი, პირველის მსგავსად, არ სწყალობს პოეტებს. მაინც, რატომ შემოსწყრნენ სალექსო ფორმებს მარათონის მომწყობნი? ვფიქრობ, დამაჯერებელი პასუხი მათ არა აქვთ, მაგრამ შეუვალები კი არიან [აქიმიძის ხმა]: "არ ვიცი, მაგაზე არ მიფიქრია. მე მგონია, რომ ვწერ და 24 საათში შეიძლება რაღაცა გააკეთო (ადრე მეგონა, რომ 12 საათში შეიძლებოდა). ლექსი არ დამიწერია და, აბა, რა გიპასუხო?! 24 საათში, კაცი, რომელსაც პრეტენზია აქვს მწერლობაზე, სიუჟეტს ააგებს და წერტილსაც დასვამს".

ჩვენი საუბრის დასასრულს მარათონის ფორმამ და მონაწილეებთან მისი ორგანიზატორების დამოკიდებულებამ ერთი ამბავი გამახსენა XIX-XX საუკუნეების რუსი პროზაიკოსის ლესკოვის ბიოგრაფიიდან, რაც გავუზიარე კიდეც ჯარჯისა და თამარს: გადმოცემის თანახმად, ლესკოვს ცოლი საწოლ ოთახში არ უშვებდა, სანამ მწერალი მორიგ ტექსტზე მუშაობის შედეგს, ახლად დაწერილ ფურცელს, არ შეუცურებდა კარქვეშ. შედარებას პროტესტი არ გამოუწვევია [ლებანიძის ხმა]: "ეს, მართლაც, ერთგვარი მეთოდია, რომელიც მუშაობს ყოველთვის - ნებისმიერ საუკუნეში, ნებისმიერ სიტუაციაში"...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG