აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის [CDC] ინფორმაციით, ადამიანის ჯანმრთელობაზე საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ზემოქმედების სიძლიერეზე, ფორმასა და ხანგრძლივობაზე. ეუთო/ოდირის [OSCE/ODHIR] გზამკვლევში ლაპარაკია საპოლიციო ძალების სავალდებულო ანგარიშვალდებულებასა და უსაფრთხოების მკაცრ ზომებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამხელს აქციაზე გამოყენებული სპეციალური საშუალებების სახეობებსა და ქიმიური ნივთიერებების ტიპებს.
უსაფრთხოების ზომების შესახებ რჩევებს მომიტინგეებს არც ჯანდაცვის სამინისტრო აძლევს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათ ტოქსიკოლოგი ექსპერტები არ ჰყავთ.
ზიანის სიმძიმე დამოკიდებულია გამოყენების ხანგრძლივობასა და მეთოდებზე
„დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება!“, - დაწერა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება, სახიფათოა არა მხოლოდ მომიტინგეებისთვის, არამედ ამ უბანში მცხოვრებთათვის, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის და თავად ამ „ქიმიური იარაღის“ მსროლელი ძალოვნებისთვისაც.
„მთელი რიგი ქიმიური ნივთიერებებია, რომლებსაც გამოიყენებენ დემონსტრაციების დასაშლელად, მაგრამ ეს არის მოკლე პერიოდის განმავლობაში, სწრაფი ეფექტის მისაღებად და არა ასე მასიური გამოყენებისთვის ასე ხანგრძლივად და განმეორებითად ამ დღეების განმავლობაში. რაც უფრო იზრდება მისი კონცენტრაცია, ცვლის დაზიანების სიმძიმეს. ამ მხრივ მნიშვნელობა აქვს ასევე გამოყენების გზას - პირდაპირი შეფრქვევა იქნება ეს თუ წყალში გარევა“ - ეუბნება გიორგი კამკამიძე რადიო თავისუფლებას.
საერთაშორისო წყაროებში და მათ შორის CDC-ის ოფიციალურ ვებსაიტზე ჩამოთვლილია ის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც „ცრემლსადენი გაზისა“ და „წიწაკის სპრეის“ შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს.
ასეთია
- Chloroacetophenone (CN)
- Chlorobenzylidenemalononitrile(CS)
- Bromobenzylcyanide (CA)
- OC gas
შეიძლება იყოს სხვებიც.
ამ ნივთიერებებს ტოქსიკურობის სხვადასხვა ხარისხი აქვთ და, შესაბამისად - ადამიანზე სხვადასხვანაირად მოქმედებენ.
ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო დოკუმენტის [„სახელმძღვანელო ადამიანის უფლებებისა და საჯარო შეკრებების დროს მართლწესრიგის უზრუნველყოფის თაობაზე“] თანახმად, მაგალითად - Chlorobenzylidenemalononitrile-ის (CS) ზემოქმედების ეფექტი 10-20 წუთი გრძელდება, მაგრამ „ხანგრძლივი ან ინტენსიური ზემოქმედების შემთხვევაში“ შესაძლოა წარმოიქმნას [დამწვრობის] მტკივნეული ბუშტუკები.
რეკომენდაციებშია ტანსაცმლის სწრაფად გამოცვლა, რადგან „ცრემლსადენი გაზის“ კრისტალებს სწორედ ტანსაცმელი შეიწოვს.
ტანსაცმლის გამოცვლის შესაძლებლობა არა აქვთ აქციებზე დაკავებულ პირებს, რომლებსაც ოჯახები და ადვოკატები საათობით ეძებენ. სასამართლოში, დაკავებულები ამბობდნენ, რომ იგივე ტანსაცმელი ეცვათ აქციაზეც, რის შემდეგაც თითქმის 2 დღე იყო გასული.
„ტანსაცმელი გაიხადეთ რაც შეიძლება სწრაფად ისე, რომ თავზე არ გადაიტაროთ. დაჭერით “, - ეს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა. აქვეა სხვა რეკომენდაციებიც:
- თუკი თვალები გეწვით ან კარგად ვერ ხედავთ - საჭიროა თვალების დაბანა ჩვეულებრივი წყლით, 10-15 წუთის განმავლობაში;
- თუკი ატარებთ ლინზებს, აუცილებელია ისინი სწრაფად მოიხსნათ და აღარ გამოიყენოთ
- ტანსაცმელი სხვა ნივთებთან ერთად უნდა მოთავსდეს ორ თავმოკრულ პარკში [პარკების უტილიზაციას აშშ-ში ჯანდაცვის დეპარტამენტი ან სასწრაფო დახმარება უზრუნველყოფს];
- სათვალე გარეცხეთ საპნითა და გამდინარე წყლით.
თვალისა და სასუნთქი გზების დაავადებების განვითარებას CDC ვარაუდობს იმ შემთხვევაში, თუკი ცრემლსადენი გაზი დახურულ სივრცეში გაუშვეს და სიმპტომები დროულად არ გაივლის.
ასეთი რეკომენდაციები არ იძებნება არც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და არც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] ოფიციალურ გვერდებზე.
NCDC-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს მხოლოდ ის, რომ ტოქსიკოლოგები არ ჰყავთ და ინფორმაციის გარკვევას დაგვპირდნენ.
ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად აქვეყნებს ინფორმაციას დაშავებულების რაოდენობასა და მძიმედ დაშავებულთა მდგომარეობაზე. მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ხშირად აღნიშნავს, რომ მომიტინგეების ჯანმრთელობაზე ადგილზე ზრუნავს რამდენიმე ათეული სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულები კლინიკებში გადაჰყავთ.
იცის თუ არა ჯანდაცვის სამინისტრომ - რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს შს სამინისტრო მომიტინგეების წინააღმდეგ? რადიო თავისუფლებამ 4 დეკემბერს პასუხი ვერც ამ შეკითხვაზე მიიღო.
გიორგი კამკამიძე გვეუბნება, რომ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა და პრევენციული ღონისძიებების გატარება ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში შემავალი NCDC-ის ვალდებულებაა და, რომ „ნორმალურ სახელმწიფოში, ამ სიტუაციაში სპეციალური კომისიაც შეიქმნებოდა“.
რა შეიძლება გამოიწვიოს ქიმიური ნივთიერებების ყლაპვამ?
თვალებისა და ყელის წვა, კანის სიწითლე, ხველა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება - პირველი და მთავარი სიმპტომებია, რომლებზეც ყვებიან მომიტინგეები.
„შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის - ხორხის, ფილტვების დამწვრობა, რაც შეიძლება, ზოგიერთ შემთხვევაში, სასიკვდილოც იყოს. ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის ძალიან ძლიერი დაზიანება - რომელიც სიბრმავეს იწვევს და მომავალში შესაძლოა გლაუკომაც განვითარდეს. ამიტომ, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ [მომიტინგეების წინააღმდეგ] - ეს არის ქიმიური ნივთიერებების გაუგონარი გამოყენება - როგორც რაოდენობრივად, ასევე მათი შერევა წყლის ჭავლთან“, - გიორგი კამკამიძეს შემაშფოთებლად მიაჩნია, რომ შს სამინისტრო საზოგადოებას არ აწვდის ინფორმაციას ქიმიური ნივთიერებების შესახებ, რამაც შეიძლება მკურნალობის პროცესი გაართულოს.
გიორგი კამკამიძე ტოქსიკური ზემოქმედების რისკებს ხედავს ასევე რუსთაველის გამზირზე და მის მახლობლად მცხოვრები ადამიანებისთვის და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელებისთვის - რომლებიც მიტინგების ყოველდღიური დარბევის შემდეგ, ქუჩებს ასუფთავებენ.
ასევე, ექიმი ლაპარაკობს ძალოვნების ეკიპირების ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებაზე, რამაც შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს მათ ჯანმრთელობაზეც.
რას იყენებენ?
კონკრეტულად რომელ ნივთიერებებს იყენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - საჯარო არ არის. სპეციალურ საშუალებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას არც შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აკონკრეტებს ხშირად გამართულ ბრიფინგებზე, სადაც ის ძირითადად დემონსტრანტების ძალადობაზე ლაპარაკობს. სპეციალურ საშუალებებთან დაკავშირებული შეკითხვები დარახველიძეს რადიო თავისუფლებამაც არაერთხელ დაუსვა. საკითხში გარკვევა უშედეგოდ ვცადეთ 4 დეკემბერსაც.
თუმცა 30 ნოემბერს, დარახველიძემ დაადასტურა, რომ წყალში, რომელსაც ჭავლისთვის იყენებენ - შესაძლოა გარეული იყოს ქიმიური ნივთიერება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკვე დიდი ხანია მოუწოდებს შსს-ს, გაასაჯაროოს ქიმიური ნივთიერებების დასახელება, რომლებსაც წყალში ურევს, რის შედეგადაც ის უფრო ხანგრძლივად მოქმედებს.
„გასაჯაროებას მოვუწოდებდით, რომ სამედიცინო პერსონალს სათანადოდ ეზრუნა დაზარალებულებზე. სანამ არ იქნება ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი, ეს გაართულებს ისეთი პირების მკურნალობას, რომელზეც გავლენა ჰქონდა ამ ნივთიერებას. ამიტომ ამ მოთხოვნას კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ და მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გაასაჯაროოს, რა ნივთიერებას ურევს წყალს, რომელიც გამოიყენება დემონსტრანტების დასარბევად“, - განაცხადა 4 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ.
საია აცხადებს, რომ სხვადასხვა საშუალების ერთმანეთში შერევა „აკრძალული პრაქტიკაა“, ირღვევა საერთაშორისო სტანდარტები, „ეს წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას“.
შსს აცხადებდა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად ან პარალელურად გამოყენებას არ კრძალავენ. საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად, ოქტომბერში, შსს-მ ეუთო/ოდირისა და „ამნესტი ინტერნეიშენალის“ სახელმძღვანელო დოკუმენტები მოიშველია.
- „ამნესტი ინტერნეიშენალის“ გზამკვლევის თანახმად, წყლის ჭავლში გამაღიზიანებელი საშუალებების თუ საღებავის დამატება აკრძალულია.
- ეუთო/ოდირის სახელმძღვანელოს მიხედვით - დასაშვებია, მაგრამ გაზის გამოყენება ზოგადად დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებული აგრესიით გამორჩეული მოძალადეების წინააღმდეგ.
წყალთან შერევა ახანგრძლივებს ქიმიური ნივთიერებების მოქმედებას.
რა არის გასათვალისწინებელი?
აქციის მონაწილეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გასაფრთხილებლად საერთაშორისო რეგულაციებით ათასი წვრილმანია გათვალისწინებული - ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების ზუსტი დაცვა, დოზები, მოხმარების სიზუსტე და აქციის დაშლის ზედმიწევნით აზრიანად დაგეგმვა.
ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო გზამკვლევის თანახმად:
ქიმიური ნივთიერებების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ „ფართომასშტაბიანი ძალადობის“ წინააღმდეგ და იმ შემთხვევებში, „თუკი ყველა სხვა მეთოდი გამოუსადეგარია“.
პოლიციურ ძალებს შეუძლიათ მხოლოდ „სათანადოდ შემოწმებული და დამტკიცებული ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, მკაფიო ინსტრუქციებით“, რათა „აუცილებელი სიფრთხილით“ აირიდონ თავიდან არაპროპორციული დაზიანებები. ქიმიური ნივთიერებები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ ცალკეული ადამიანების წინააღმდეგ. გამოყენების წინ აუცილებელია სათანადოდ გაფრთხილება.
ბოლო დღეებში, თბილისში, განსაკუთრებით მასშტაბური აქციების მონაწილე პირები არცთუ იშვიათად ამბობენ, რომ მათ გაფრთხილება [ქალის ჩაწერილი ხმა] არ გაუგიათ, განსაკუთრებით - უკანა რიგებში, როცა მათ ძალოვნების მიერ ნასროლი გაზის კაფსულები თავზე დაეყარათ.
ეუთო/ოდირის რეგულაციებით, გაზის გამოყენება დაუშვებელია აქციებზე, სადაც არიან ხანდაზმულები, ბავშვები თუ არაჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც გაქცევას ვერ შეძლებენ. ასევე, ქიმიური საშუალებები არ უნდა იქნეს გამოყენებული იმ შეკრებებზე, სადაც ხალხს გაქცევის შესაძლებლობა არა აქვს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქციები ძალადობრივი ხასიათისაა და ამიტომ მშობლებმა არასრულწლოვანი შვილები ასეთ აქციებზე არ უნდა მიიყვანონ.
საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტებით, ამინდმა შესაძლოა არსებითი გავლენა მოახდინოს ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების ინტენსივობაზე და აქციის დაშლის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს ამინდის უცაბედი გაუარესებაც.
ხალხის ევაკუაციის დროს მარშრუტი სწორად უნდა იყოს შერჩეული ქარის მიმართულების მიხედვით.
რაც შეეხება ე.წ. წიწაკის სპრეის, ეუთო/ოდირის თანახმად - ეს აგრესიული, მოძალადე ინდივიდების წინააღმდეგ გამოიყენება და დისტანცია არ უნდა იყოს 1 მეტრზე ნაკლები - რათა არ დაზიანდეს სახესა და თვალები.
ეუთო/ოდირის მიხედვით, ქიმიური ნივთიერებების ნებისმიერი გამოყენება, სულ მცირე - დადასტურებული უნდა იყოს ოპერატიული ხელმძღვანელობის დონეზე.
- პოლიციის თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ გავლილი სწავლება სწორად გამოყენების შესახებ;
- გამოყენებას ადგილზე უნდა აკონტროლებდეს ოპერატიულ სამეთაურო დონეზე.
„[პოლიციისთვის] სავალდებულო უნდა იყოს დეტალური ანგარიში [ქიმიური საშუალებების] გამოყენების შესახებ“, - წერია ეუთო/ოდირის გზამკვლევში. ანგარიშვალდებულება მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: რატომ იყო აუცილებელი ამ საშუალებების გამოყენება, კონკრეტულად რა გამოიყენეს, რა შედეგს მიაღწიეს და რა ზიანი მოიტანა.
ფორუმი