Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3-4 დეკემბრის ღამეს დემონსტრაციიდან კლინიკებში გადაყვანილია 15 ადამიანი


რუსთაველის გამზირი. 4 დეკემბრის ღამე, 2024 წელი
რუსთაველის გამზირი. 4 დეკემბრის ღამე, 2024 წელი

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 3-4 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 15 დაშავებული.

მათ შორის 11 აქციის მონაწილეა, 3 - მედიასაშუალების თანამშრომელი და 1 - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.

ექვსი ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავებისას პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

რუსთაველის გამზირიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან კლინიკებში ყოველდღიურად გადაჰყავთ რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG