ფერმწერი ციურიხში, თავის სახელოსნოში მუშაობს, იქ ხატავს. მისი ფანჯრები ციურიხის ტბას გადაჰყურებს და შესანიშნავი ხედი მაქვსო, მიამბო. გარეთ არ მუშაობს, უფრო ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა უყვარს ატელიეში.
აბსტრაქტულ ნამუშევრებს ადრეც ხატავდა მაკა დადიანი, მაგრამ სულ განსხვავებული ბუნებისას. ბოლო პერიოდის აბსტრაქტულ ნამუშევრებზე გიამბობს პოდკასტში და შემახსენებს, რომ როცა ჩვენს ოპერატორ ილია სამურგანიდისთან ერთად მას ციურიხში ვესტუმრეთ 6 წლის წინ და მოკლე ფილმი გადავიღეთ მის მხატვრობაზე, მას შემდეგ დაიწყო აბსტრაქციაზე უფრო ინტენსიური მუშაობა და ახლა მომავალი გამოფენებისთვის სწორედ ამ შერეული ტექნიკით შესრულებულ სურათებს ამზადებს. Metamorphosis და In Umbra Sfumato მაკას მიერ განვითარებული ტექნიკები თუ სტილია, რაზეც ის გატაცებით მიამბობს.
როცა წლების წინ მაკა დადიანს სახელოსნოში მის ნამუშევრებზე ვესაუბრობდით, მაკამ გვიჩვენა სირიელი ლტოლვილებისადმი მიძღვნილი ნამუშევარი. მაშინ სირიაში სამოქალაქო ომი იყო, ამ ქვეყნიდან გაქცეული ათიათასობით ლტოლვილი ევროპას მიაწყდა. მაკა დადიანისთვის ეს ღრმა თემაა.
და ვიბაასეთ, ცხადია, მაკას მოძრავ ხელოვნებაზე, გამორჩეულ ნამუშევრებზე, „მოძრავ სექსუალობაზე“, რასაც მოძრავი ფერწერის უნიკალური ნიმუშები წარმოადგენს.
აღარ ვაკეთებ ამ ნამუშევრებს, ბევრი დრო მიაქვსო, ამბობს ახლა მაკა.
არტისტის მენეჯერი და გამომცემელი ანტონიო კამპანილეა, რომელიც შვეიცარიის ხელოვნების და ცხოვრების სტილის მრავალენოვან ჟურნალს, iNews Arte-ს გამოსცემს. ამ ფუნქციის, გამოცემების მოძიების, იქ განაცხადის გაკეთების, ნამუშევრების შერჩევისა და მსგავსი ამოცანებისთვის ადამიანის გვერდში ყოლა ყველა ხელოვანისთვის აუცილებელია.
მაკას ვთხოვე, ანტონიოზე მოგვიყევი-მეთქი. ეს არის გენიალური ადამიანი, საოცარი ნიჭის პატრონი, რომელსაც, არტისტის სიტყვებით, მუდამ ახალი იდეები აქვს.
და პოდკასტის ბოლოს მაკა საქართველოს მიმართ თავის გრძნობებზე მიყვება, რატომ დატოვა, როგორ უბიძგა ძმის მკვლელობამ სამშობლოდან წასვლისკენ და როგორ სურს იქ კვლავ დაბრუნება: ამაზე სულ ვფიქრობდიო, გულწრფელად ამბობს.
ფორუმი