Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო დაპირებები - რეალური გეგმები და სადღეგრძელოები


ყოველი არჩევნების წინ მრავალნაირი, გულუხვი დაპირებების ჟამი დგება. თუმცა ის, რაც ყურს სიამოვნებს, ანალიტიკოსების დაკვირვებით - ხშირად არა რეალისტურ, შესრულებად გეგმებს, არამედ ცრუ დაპირებებსა და სადღეგრძელოებს წარმოადგენს.

რა განსხვავებაა წინასაარჩევნო დაპირებებსა და პროგრამულ დასაბუთებას შორის? ვის როდის და რა მოეთხოვება? რატომ არის აუცილებელი, რომ პარტიებს ხალხმა დაპირებების დასაბუთება მოსთხოვოს?

საჩხერის მოდელი და დაპირებები

„ქართულ ოცნებას“, რომელიც მომავალ არჩევნებშიც გამარჯვებას უმრავლესობით გეგმავს, მომავალი ოთხი წლის საარჩევნო პროგრამა ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია. პარტიაში გვითხრეს, რომ საზოგადოება მათ კონკრეტულ გეგმებსა და დაპირებებს უახლოეს მომავალში შეიტყობს.

ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ დაპირებები და მიზნები ამომრჩევლებს ჯერჯერობით მხოლოდ ფრაგმენტულად, ლიდერების ზეპირი გამოსვლების დროს ესმით. მაგალითად, 21 სექტემბერს, პარტიული სიის პირველმა ნომერმა, პრემიერმა - გიორგი გახარიამ თქვა, რომ საქართველოსთვის სასურველი მომავალი საჩხერის მუნიციპალიტეტის მოდელშია განსახიერებული:

  • „საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია როგორც მოდელი, როგორი გვინდა ჩვენ უახლოეს პერიოდში, რომ საქართველო დავინახოთ და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის“;
  • „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში სხვა მუნიციპალიტეტებიც ასეთები იყვნენ“;
  • "მარტივად რომ ვთქვათ, ჯანდაცვა, განათლების სისტემა, ინფრასტრუქტურა, სპორტი, კულტურა, გზები - ეს არის ყველაფერი იმისთვის, რომ ამ მუნიციპალიტეტის თითოეულმა მოქალაქემ ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რაც თქვენთვის შეიქმნა“;
  • „და ეს... სიმართლე უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ - შექმნა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა“.

პრემიერის ეს განცხადება კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ოპოზიციონერებმა, რომლებიც საქართველოსთვის მისაბაძ მოდელად არა საჩხერეს, არამედ დასავლეთისა თუ აღმოსავლეთის წამყვან ქვეყნებს თვლიან.

პარალელურად, ოპოზიციის ლიდერები და ანალიტიკოსები იხსენებენ „ქართული ოცნების“ დაპირებებს, რომლებიც, მათი თქმით, მმართველმა პარტიამ ორი ვადის განმავლობაში ვერ შეასრულა; ასე მაგალითად:

  • ხელმისაწვდომობა იაფ ფულზე;
  • 500 საწარმოს გახსნა და სამუშაო ადგილების შექმნა;
  • ენერგეტიკული რესურსების მნიშვნელოვანი გაიაფება;
  • სასამართლოს გათავისუფლება პოლიტიკური წნეხისგან.

ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს შეუსრულებელ დაპირებებად არ თვლის. როგორც მაგალითად უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში, დაპირებებიც შესრულდა და დეტალური განმარტებებიც უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი:

  • „ქარხნებიც ბევრია აშენებული ამ ქვეყანაში, საწარმოებიც ბევრია - მხოლოდ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებშია აშენებული რამდენიმე ათეული საწარმო“;
  • „გარდა ამისა... იაფი ფული კი არა, უპრეცედენტო აგროკრედიტებია გაცემული ამ ქვეყანაში“;
  • „როდესაც ჩვენ პროგრამას წარმოვადგენთ, სათითაოდ, პუნქტობრივად მივყვებით - რა შესრულდა და რა არის წინ“.

„ქართული საზოგადოების დიდ უმრავლესობას მიაჩნია, რომ „ქართული ოცნებაზე“ უკეთესი პოლიტიკური ძალა, რომელიც განვითარებაზე და მომავალზეა ორიენტირებული და სწორი მენეჯმენტის უნარი აქვს, არ არის დღეს და ამიტომ საზოგადოების მხრიდან ჩვენი ანუ „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერა იმგვარია, რომ ჩვენ კოალიციის შექმნა არ დაგვჭირდება“ - აცხადებს მდინარაძე.

დაპირებები თუ პროგრამები

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, რომელიც 2012 წლის შემდეგ, საწყის ეტაპზე კოალიცია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ წინააღმდეგი იყო, როდესაც, მაგალითად, გაიცემოდა დაპირება ბუნებრივი აირის ტარიფის განახევრების ანდა იაფი ფულის გაცემის შესახებ, რადგან ეს „სასიამოვნო ტყუილის“ ფარგლებს ვერ გასცდებოდა - „მეტი კეთილდღეობისკენ და თავისუფლებისკენ მიმართული დაპირებები „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად არ შეუსრულებია“.

ხუხაშვილი თვლის, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა სადღეგრძელოებად ქცეული გულუხვი დაპირებებისა და საარჩევნო პროგრამების ერთმანეთში არევაა:

  • „იმდენად პროგრამებს არ ექცევა ყურადღება, რამდენადაც დაპირებებს - ხშირად ამომრჩეველი დაპირებებს გულისხმობს, როდესაც ჰგონია, რომ პროგრამულ არჩევანს აკეთებს... დაპირებები კი, როგორც წესი, იაფფასიან ტყუილს წარმოადგენს“;
  • „ნებისმიერი დაპირება უნდა ეყრდნობოდეს პროგრამას... პროგრამაში უნდა იყოს რეალური გათვლები და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რომ დავინახოთ მისი რეალისტურობა. ასეა ნებისმიერი პარტიის შემთხვევაში“.

მშიერი და ეკონომიკურად გაჭირვებული ადამიანი არ უღრმავდება პროგრამების კითხვასა და იმის გარკვევას, რამდენად რეალისტურია ესა თუ ის დაპირება - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი ალექსანდრე კუხიანიძე.

„ყურისთვის სასიამოვნოა ყოველთვის მოსმენა იმის, რაც შენ გინდა და სანატრელია. მაგრამ იმისათვის, რომ არჩევანი უკეთესი მომავლის სასარგებლოდ გააკეთოს, ამომრჩეველმა მეტი პასუხისმგებლობით უნდა გააანალიზოს ამა თუ იმ დაპირების რეალისტურობა... მარტო ჩვენთან არა, ამერიკაშიც კი ხალხს ცოტა ეზარება სიღრმეებში შესვლა“ - ამბობს კუხიანიძე.

ის თვლის, რომ ხელისუფლებას არასოდეს შემოაკლდება არგუმენტები, რათა დაპირებების არშესრულება გარე, მათგან დამოუკიდებელი ფაქტორებით გაამართლოს - „ასეა ყოველთვის... გერმანელებმა ომი რომ წააგეს, რუსეთის ზამთარს დააბრალეს“.

ანალიტიკოსი ზვიად აბაშიძე შედარებით უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი. ის თვლის, რომ ახალმა თაობებმა უკეთესად იციან საარჩევნო პროგრამების ფასი, პარტიათა დაპირებების რეალისტურობასაც მეტ ყურადღებას აქცევენ.

ამასთან, აბაშიძეს მიაჩნია, რომ ყველა ხელისუფლებას დაპირებების შეუსრულებლობაზე პასუხი კენჭისყრის დღეს, საარჩევნო ყუთებთან აუცილებლად უნდა მოეკითხოს, თუმცა შესაძლებელია უფრო ადრეც და რეგულარულად.

„დემოკრატიულ ქვეყნებში ხალხი მუდმივად, ყოველთვიურად აკონტროლებს ხელისუფლებას... რადგან ხალხმა იცის, რომ ის არის ქვეყნის ბატონ-პატრონი... ჩვენთან ეს ჯერ ასე არ არის. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა ხელისუფლების კონტროლი “ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი ზვიად აბაშიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიული დემოკრატიისთვის“ 23 სექტემბერს გამართა პრეზენტაცია განახლებული ინტერნეტპორტალისა - partiebi.ge.

განახლებული პლატფორმა ამომრჩევლებს შესაძლებლობას მისცემს მოიძიონ ინფორმაცია ამა თუ იმ პარტიის მიზნებისა და საარჩევნო პროგრამების შესახებ. ჩაფიქრებულია, რომ „საარჩევნო კომპასი საქართველო“, პარტიების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, - ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევნის გაკეთებაში დაეხმარება.

ოპოზიციურ ფლანგზე

ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს მომავალ პარლამენტში კოალიციური უმრავლესობის შეკვრისა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების იმედი აქვს. შესაბამისად, ასეთები საჭიროდ თვლიან ძირითად საკითხებზე წინასწარ შეთანხმებას.

ამ მხრივ პარტიებმა უკვე მიაღწიეს გარკვეულ თანხმობას სასამართლო სისტემის, ეკონომიკისა თუ განათლების მიმართულებებით. პროცესი „გირჩის“ ინიციატივით დაიწყო.

ამის მიუხედავად, ყველა პოლიტიკური ძალა 2020 წლის არჩევნების პროპორციულ ნაწილში თავს ერთმანეთის კონკურენტებად თვლის. ამომრჩეველთა ხმების მაქსიმალურად მობილიზებისთვის 58 პარტია და ორი ბლოკი იბრძოლებს. სწორედ ეს რაოდენობაა დარეგისტრირებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ძირითადი ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებიც ბოლოდროინდელ გამოკითხვებში ლიდერობენ, საარჩევნო პროგრამა ჯერ არ გამოუქვეყნებია ყველაზე რეიტინგულ - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის გაერთიანებას "ძალა ერთობაშია".

ამ ეტაპზე ისმის პარტიის საარჩევნო დაპირებები და მათ შორის არის, მაგალითად:

  • პენსიის 400 ლარამდე გაზრდა,
  • 300 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა;
  • საშემოსავლო გადასახადის განულება.

როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" გვითხრეს, საარჩევნო პროგრამა უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

პენსიის გაორმაგება, საშუალო ხელფასის 2000 ლარამდე გაზრდა, გადასახადების შემცირება და 100 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა - ამ და სხვა დაპირებებს „ევროპული საქართველოს“ ჩამონათვალში ვხვდებით. პარტიამ საარჩევნო პროგრამა უკვე გამოაქვეყნა.

საარჩევნო პროგრამა უკვე კარგა ხანია გამოქვეყნებული აქვს ასევე, მაგალითად,"სტრატეგია აღმაშენებელს". ბლოკის დაპირებებში შედის, მაგალითად: 4 წელიწადში 300 000-მდე სამუშაო ადგილის შექმნა, ინდუსტრიული პარკების, IT ქალაქების მშენებლობა და სხვა.

საარჩევნო პროგრამა „მარშალის გეგმის“ სახით უკვე გამოქვეყნებული აქვს „ლელოსაც“. პოლიტიკური გაერთიანება გეგმავს მაგალითად, შექმნას „3-მილიარდიანი საგარანტიო ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის გრძელვადიანი და შეღავათიანი ფინანსური რესურსებით მხარდაჭერას“, ააშენოს ანაკლიის პორტი თუ 600.000 ადამიანი უზრუნველყოს 3000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავლით.

პარტიებმა აუცილებლად უნდა დაასაბუთონ, რა ვადაში და რა სახსრებით აპირებენ საარჩევნო დაპირებების შესრულებას - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკონომიკის ექსპერტი გია ჯანდიერი - „ჩვენ წინასწარ უნდა მოვთხოვოთ და ვკითხოთ მათ - აი, რასაც გვპირდებით, როგორ ასაბუთებთ? საიდან მოიტანთ ფულს?“

რადიო თავისუფლების პროგრამაში „დილის საუბრები“ პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, რომ განმარტონ თავიანთი პროგრამები, დაასაბუთონ დაპირებების რეალისტურობა და პასუხები გასცენ აუდიტორიის შეკითხვებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG