Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პუტინის ნათლიმამის" სქემა ევროპაში - ფული პრორუსი პოლიტიკოსებისთვის


მედვედჩუკის შეხვედრა პუტინთან
მედვედჩუკის შეხვედრა პუტინთან

რუსეთი ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის მოახლოებულ არჩევნებზე, მის მიმართ ლოიალური კანდიდატების მხარდაჭერით. ჩეხეთში აღმოჩენილ სქემაში ფიგურირებს - პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც ომის მსვლელობისას, კიევში, ღალატისთვის გაასამართლეს.

მედვედჩუკსა და კიდევ ერთ, მასთან დაკავშირებული ადამიანს, ჩეხეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა და დააყადაღა მათი ქონება. სანქციები შეეხო მედვედჩუკთან დაკავშირებულ მედიაპორტალს.

დანაშაულებრივ სქემაში, რომლის დეტალებიც დიდწილად გასაიდუმლოებულია - ლაპარაკია დიდი ფულის განაწილებაზე რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი ევროპელი პოლიტიკოსებისთვის.

როგორც ირკვევა, სქემა მოქმედებდა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში.

ჩეხეთის მიგნება

„ჩვენ გამოვააშკარავეთ პრორუსული ქსელი, რომელიც მუშაობდა რუსეთის ზეგავლენის გავრცელებასა და ევროპის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაზე“, - წერს X-ზე [ყოფილი ტვიტერი] ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი - პეტრ ფიალა და იქვე აღნიშნავს, რომ ჩეხეთმა პირველმა გამოამჟღავნა ეს სქემა და იგივე ქნეს სხვა ქვეყნებმაც. ჩეხეთის პრემიერი მაგალითად პოლონეთს ასახელებს.

„ჩვენი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად, სხვა ქვეყნებიც იძიებენ პრორუსული ჯაშუშური ქსელების საქმიანობას და თანდათან სულ უფრო სერიოზულ დასკვნებს აკეთებენ“, - წერს პეტრ ფიალა. ის ასევე აღნიშნავს, რომ წინ წაწევა „საერთაშორისო თანამშრომლობითა“ და წარმატებული კოორდინაციით გახდა შესაძლებელი.

ოფიციალური ცნობებით, პრორუსი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი საიდუმლო ოპერაციის განსახორციელებლად იყენებდა ახალი ამბების პორტალს - Voice of Europe.

ჩეხეთის მთავრობის თანახმად, სანქცირებულია ეს პორტალი და მისი წარმომადგენელი - არტემ მარჩევსკი.

„[მედვედჩუკი] ხელმძღვანელობს რუსეთის ზეგავლენის ოპერაციას რუსეთის ფედერაციიდან“, - ოფიციალურ ცნობებში ასეა ახსნილი მედვედჩუკის სანქცირების საფუძვლები.

აქვე აღნიშნულია, რომ მედვედჩუკი ქსელს იყენებდა „ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ჟურნალისტებთან თანამშრომლობის დასაფინანსებლად და ევროპარლამენტის არჩევნებისთვის - ცალკეული კანდიდატების ფარული ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა - რუსეთის ფედერაციის საგარეო-პოლიტიკური ინტერესების მხარდაჭერა“.

როგორც ჩეხეთის მთავრობა იტყობინება - სქემა ჩეხეთის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სამსახურმა (BIS) გაშიფრა.

კიდევ რომელი ქვეყნები?

გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, რუსეთის სქემა მოქმედებდა 6 ევროპულ ქვეყანაში და სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ქსელის საშუალებით ფინანსდებოდნენ მემარჯვენე პოლიტიკოსები და მათ შორის, სავარაუდოდ, გერმანული პოლიტკური პარტია „ალტერნატივები გერმანიისთვის“.

დაფინანსება ასობით ათას ევროს შეადგენდა.

Der Spiegel-ის თანახმად, გერმანელი, ფრანგი, პოლონელი, ბელგიელი, ჰოლანდიელი და უნგრელი პოლიტიკოსები ფულს იღებდნენ ან პირადი შეხვედრის დროს, პრაღაში, ან კრიპტოვალუტით.

ფული იხარჯებოდა ამ მიზნებით: „არჩევნებზე კრემლისთვის საჭირო კანდიდატების მხარდაჭერა“ და „პროპაგანდისტული აქტივობები“.

Voice of Europe-ზე გამოქვეყნებულ მასალებში, მათ შორის - მემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსების ინტერვიუებში რთული არ არის კრემლის მესიჯების ამოცნობა.

რესპონდენტებს შორის არის მაქსიმილიან კრაჰი - გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის მოქმედი წევრი და ბუნდესტაგის დეპუტატი პეტრ ბისტრონი.

ეს ორი პოლიტიკოსი ცნობილი არიან თავიანთი ლოიალური დამოკიდებულებებით ავტორიტარული რეჟიმების მიმართ, მათ შორის - რუსეთსა და ბელარუსში. გერმანელი პოლიტიკოსები პირადად შეხვდნენ მედვედჩუკს, 2021 წელს, კიევში - როცა ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

კრაჰმა Der Spiegel-თან უარყო ფულის აღების ფაქტი. ბისტონსა და Voice of Europe-ს რეაგირება არ ჰქონიათ.

მედვედჩუკს „პუტინის ნათლიმამის“ სახელით იცნობენ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა.

პრორუსი პოლიტიკოსი უკრაინაში უკვე აკრძალული პარტიის („ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისათვის“) ლიდერი იყო. ის 2022 წელს, უკრაინაში დააკავეს, სახელმწიფო ღალატის მუხლით გაასამართლეს და შემდეგ, კიევმა მარიუპოლში მებრძოლი „აზოვის“ პოლკის წევრებში გაცვალა.

მედვედჩუკი ახლა რუსეთში ცხოვრობს და აქვეყნებს პუბლიკაციებს, რომლებშიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ამართლებს.

არტემ მარჩევსკი, რომელიც ევროპაში ბოლოს გამოაშკარავებული სქემის ფიგურანტია, მედვედჩუკის პარტიის - „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისათვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. ის ასევე ხელმძღვანელობდა მედვედჩუკის ტელეარხს „112 უკრაინა“.

Voice of Europe-ის მფლობელია პოლონეთის მოქალაქე იაცეკ იაკუბჩიკი. ჩეხეთის სავაჭრო რეესტრის თანახმად, კომპანია მან 2023 წელს შეიძინა. საინფორმაციო პორტალი 2023 წლის მაისში ამოქმედდა - 10 ენაზე.

როგორ მართავდა ქსელს ვიქტორ მედვედჩუკი - ეს დეტალები ჯერ უცნობია.

მედვედჩუკი სანქცირებულია აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. მისი გვარი არ არის ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში.

სხვადასხვა დროს გავრცელებული ცნობების თანახმად, უკრაინაში მედვედჩუკს ფართო პროკრემლისტური - ანტიუკრაინული, ანტიდასავლური ქსელი ჰქონდა აწყობილი.

2022 წელს, როცა უკრაინის ეკლესიაში პრორუსული ქსელის გამოაშკარავება დაიწყო, უკრაინის მედია აღნიშნავდა, რომ ამ ეკლესიის წარმომადგენლები განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობაში იყვნენ სახელმწიფოს ღალატში დადანაშაულებულ მედვედჩუკთან.

გამოაშკარავდა ფაქტები, რომ მედვედჩუკი და მისი ცოლი მუდმივად აფინანსებდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებულ ეკლესიებსა და მონასტრებს, სადაც პრორუსული საქმიანობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს მიაგნეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG