ცხადია, ნამდვილი ტომ კრუზი არ არის. მისი მიმსგავსებული ხმა ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. 2023 წლის ზაფხულში გამოსული ფილმი „ოლიმპიადა დაეცა“, რომელსაც „ტომ კრუზი“ ახმოვანებს კი, კრემლის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომლის სამიზნეშიც მოქცეულია ოლიმპიური კომიტეტი და საფრანგეთი. პარიზის ზაფხულის ოლიმპიადა ხომ სულ ცოტა ხანში, 26 ივლისს გაიხსნება.
მას შემდეგ, ყალბი ამბების მონიტორებმა აღმოაჩინეს უამრავი მსგავსი ვიდეო, სტატია და სხვა დეზინფორმაციული მასალა, რომელთა დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, შემუშავებულია „რუსული გავლენის გამავრცელებლების“ მიერ, როგორც მათ Microsoft-ის საფრთხის ანალიზის ცენტრი (MTAC) მოიხსენიებს. ყველა ეს მასალა შემდეგ სოციალური მედიით ვრცელდება და ჩნდება ყალბ ვებსაიტებზე, რომლებიც ლეგიტიმურ საინფორმაციო საშუალებებს არიან მიმსგავსებულნი.
MTAC-მა თავის ბოლო მოხსენებაში განაცხადა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას რუსული გავლენის ორი გუნდი, რომლებსაც მათ Storm-1679 და Storm-1099 უწოდეს. მათი ამოცანაა არა მხოლოდ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სახელის გათხვრა, არამედ ოლიმპიადის წინ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშების გაღვივება.
რუსეთი და მისი საელჩო საფრანგეთში უარყოფენ მსგავს კამპანიასთან რაიმე კავშირს, მაგრამ მოსკოვი დიდი ხანია სარწმუნოდ არის დაკავშირებული ყალბი ამბების გავრცელებასთან, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო თავისი ქვეყნის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.
არც რუსეთის ოლიმპიადაში ჩარევაა სიახლე. რუსი ჰაკერები, რომლებიც თავს ჩრდილოკორეელ ჰაკერებად ასაღებდნენ, ცდილობდნენ სამხრეთ კორეაში 2018 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე პრობლემები შეექმნათ.
რუსულმა კიბერჯაშუშების ჯგუფმა, რომელიც Tsar Team-ის სახელითაა ცნობილი, თუმცა მათ ასევე APT28 ან Fancy Bear-ის სახელითაც მოიხსენიებენ, სავარაუდოდ, გატეხა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) საიტი, მოიპარა სპორტსმენების კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები და ზოგი მათგანი 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს თამაშების შემდეგ გაავრცელა.
თუმცა, ამჯერად ოლიმპიადის წინააღმდეგ რუსეთის სავარაუდო ქმედებებს უფრო ავი განზარხვა აქვს, - განმარტა კლინტ უოტსმა, 2 ივნისის MTAC-ის ანგარიშის ავტორმა.
„წარსულში საქმე ძირითადად ეხებოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეპუტაციის შელახვას. ახლა კი, ჩემი აზრით, ცდილობენ მთლიანად თამაშების რეპუტაციის შელახვას და, ასევე, პოტენციურად ქაოსისა ან პანიკის დათესვას პარიზში“, - უთხრა უოტსმა რადიო თავისუფლებას.
ამასთან დაკავშირებით განგაში სხვებმაც ატეხეს. Google-ის მფლობელობაში მყოფი კიბერუსაფრთხოების ფირმა Mandiant-ის მიერ ივნისში გამოქვეყნებულ მოხსენებაში „მაღალი ალბათობითაა“ ნავარაუდები, რომ საფრანგეთსა და პარიზის ოლიმპიადას მიზანში ამოიღებდა სავარაუდოდ რუსეთიდან მართული დეზინფორმაციული კამპანიები.
ამ ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენები დიდწილად არ იქნებიან წარმოდგენილნი, წარსულში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თაღლითობის გამო. მხოლოდ ისინი დაიშვებიან, ვისაც არ აქვთ კავშირი რუსულ ჯართან ან დაზვერვასთან (შემოწმების პროცესი, რომელიც უკვე საკამათოა) და ესეც მხოლოდ ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით - ანუ ეროვნული სიმბოლოების, ფერების ან ჰიმნების გარეშე. (ეს ასევე ეხება რუსეთის ახლო მოკავშირის, ბელარუსის სპორტსმენებს, რომლის ავტორიტარმა ლიდერმა რუსეთს საშუალება მისცა, უკრაინაში ნაწილობრივ ბელარუსის ტერიტორიიდან შეჭრილიყო.)
რუსეთისთვის ეს სიახლე არ გახლავთ. მას წინა ოლიმპიურ თამაშებზეც დაუწესეს შეზღუდვები დოპინგის გამო, რაც მის სპორტსმენებს კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებდა.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთს დამატებითი მოტივაციაც შეიძლება ჰქონდეს დეზინფორმაციის გასავრცელებლად, რადგან საფრანგეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირეა. ფრანგი ოფიციალური პირები ჩიოდნენ, რომ გასული წლიდან მოყოლებული რუსული დეზინფორმაციის გაძლიერებული კამპანიის ცენტრში არიან.
„ჩვენ თავდასხმის ქვეშ ვიყავით“, - თქვა კრისტოფ ლემუანმა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, რუსული დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ. ”გასული წლიდან არის ზრდა და ჩვენ ვიცით, რომ ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად, ის გაძლიერდება”, - განუცხადა ლემუანმა Politico-ს ივნისში.
Viginum-მა, საფრანგეთის მთავრობის კიბერუსაფრთხოების დამკვირვებელმა, არაერთი მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც ასახულია რუსეთის ძალისხმევა საფრანგეთში და სხვაგან განხეთქილების დასათესად 2023 წლის ბოლოდან.
მატრიოშკას სტრატეგია
ამ სტრატეგიას „მატრიოშკას“ უწოდებენ. ის, სულ მცირე, 2023 წლის სექტემბრიდან გააქტიურდა და გულისხმობს ყალბი ამბის გამოქვეყნებას (იქნება ეს სტატია, გრაფიტი თუ ინტერნეტმიმი), რომელსაც შემდეგ კოორდინირებულად ავრცელებენ სოციალური მედიის მეშვეობით. ეს პროცესი 60-ზე მეტი ქვეყნიდან იმართება, - ნათქვამია Vignium-ის ერთ-ერთ ანგარიშში.
„ოლიმპიადა დაეცა“, ფილმი, რომელსაც ვითომ ტომ კრუზი ახმოვანებდა, Netflix-ის პროდუქციად არის გასაღებული, ზედ შესაბამისი ლოგოც ადევს. მისი პოპულარიზაცია მოხდა მრავალი ვიდეოკლიპით სოციალურ მედიაპლატფორმებზე, მათ შორის „ტელეგრამის“ ანგარიშებზე, რომლებიც კრემლის ნარატივებს ავრცელებენ ხოლმე, - ნათქვამია MTAC-ის ივნისის ანგარიშში.
„მომხმარებლებს მოუწოდებდნენ QR კოდის დასკანერებისკენ, რომელიც მათ ტელეგრამის არხზე გადაიყვანდა“, სადაც მათ შეეძლოთ ენახათ „ოლიმპიადა დაეცა“, რომლის სათაურიც მიმსგავსებულია ათი წლის წინანდელ ამერიკულ ტრილერს „ოლიმპო დაეცა“.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს დეზინფორმაციული ფილმი წარუმატებელი აღმოჩნდა, - თქვა უოტსმა.
„მათ სცადეს, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მოეზიდათ „ტელეგრამის“ არხზე, მაგრამ არ გამოუვიდათ. ამისთვის რამდენიმე მიზეზია. რადგან ეს Netflix-ის დოკუმენტურ ფილმად იყო გასაღებული, მას YouTube და სხვა სოციალური მედიაარხები შლიდნენ სავაჭრო ნიშნის უნებართვოდ გამოყენების გამო. ასე რომ, ამ მხრივ მათ შეცდომები დაუშვეს", - თქვა უოტსმა და დასძინა: "მაგრამ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თვალსაზრისით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ეს ასე მასშტაბურად გააკეთეს".
სხვა ყალბი ამბები საფრანგეთში შიშის დასათესად იყო მიმართული, - ნათქვამია უოტსის ბოლო მოხსენებაში.
ერთ ვიდეოში, რომელიც „ევრონიუსის“ სიუჟეტად იყო გასაღებული, ჰყვებოდნენ - პარიზელები თამაშებთან დაკავშირებულმა ტერორიზმის საფრთხემ ისე შეაშინა, რომ ბევრი ქონების დაზღვევას ცდილობსო. მეორე ვიდეოს France24-ის ლოგო დაამატეს. აქ ამტკიცებდნენ, ოლიმპიადის ბილეთების თითქმის მეოთხედი უკან დააბრუნეს ტერორიზმის შიშის გამოო.
მაყურებლების დაშინების უხეშ მცდელობას წარმოადგენდა თითქოს აშშ-ის ცენტრალური სააგენტოს გავრცელებული გაფრთხილება, ამერიკელებისთვის პარიზში გამგზავრება საშიშიაო. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელმა ამერიკულ ტელეარხს განუცხადა, ამ ვიდეოს ჩვენთან კავშირი არ გააჩნიაო.
ახლა საქმეში ბოტები ჩაერთვებიან
პარიზის ოლიმპიადა დაიწყო. MTAC ვარაუდობს, რომ ასევე დაიწყება „ტაქტიკური გადასვლა ონლაინბოტებსა და სოციალური მედიის ავტომატურ ანგარიშებზე, რათა კრემლთან დაკავშირებულმა პირებმა მესიჯები უფრო ეფექტიანად გაავრცელონ“.
სამი ქვეყნის დაზვერვამ აღნიშნა რუსული გავლენის კამპანია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებდა 1000-მდე ყალბი ანგარიშის შესაქმნელად სოციალურ მედიაპლატფორმა X-ზე.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 9 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო RT News ქსელმა შეიმუშავა ბოტების ფერმა, რომელსაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (FSB) მართავდა შეერთებულ შტატებში და სხვაგან „უთანხმოების დასათესად“.
ყალბი ამბების გავრცელება შეიძლება შევაფერხოთ, მაგრამ მისი დასრულება ნაკლებად სავარაუდოა. მის წინააღმდეგ მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობა თუ იმუშავებს, - თქვა უოტსმა.
ფორუმი