Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კამიკაძე დრონმა ამაფეთქა“ - როგორ იბრძოდა და დაიჭრა ბახმუტთან ქართველი მეთაური კოკა


„მართალია, ფეხი დავკარგე, მაგრამ მისია შევასრულე“, - ამბობს მოიერიშე ჯგუფის ქართველი მეთაური კოკა მურაჩაშვილი.
„მართალია, ფეხი დავკარგე, მაგრამ მისია შევასრულე“, - ამბობს მოიერიშე ჯგუფის ქართველი მეთაური კოკა მურაჩაშვილი.

უკრაინაში მებრძოლი, 32 წლის კოკა მურაჩაშვილი, ბახმუტის მიმართულებით ბრძოლისას მიღებული ჭრილობებისა და სამი ოპერაციის შემდეგ, ჯერჯერობით უკრაინაში მკურნალობს. მალე პოლონეთში წავა - ქართველმა მებრძოლმა იქ რეაბილიტაციის რამდენიმეთვიანი კურსი უნდა გაიაროს. იქ უნდა მოირგოს ფეხის პროთეზიც.

„კამიკაძე დრონით“ აფეთქებისას მან მარჯვენა ფეხის ნაწილი დაკარგა. ის დნეპრიდან, მეჩნიკოვის კლინიკიდან გველაპარაკა.

უკრაინაში მებრძოლი, 32 წლის კოკა მურაჩაშვილი
უკრაინაში მებრძოლი, 32 წლის კოკა მურაჩაშვილი

„დამატებითი კვლევები ლვოვში ჩამიტარდება და უახლოეს დღეებში პოლონეთში გადავალ სრული რეაბილიტაციისთვის... პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა ჩემი დისლოკაცია იქ, სრულიად უსასყიდლოდ გავივლი რეაბილიტაციას და პროთეზსაც იქვე გამიკეთებენ. მპირდებიან, რომ სამ თვეში ფეხზე დავდგები და მერე, რა თქმა უნდა, ისევ ჩემს საქმეს დავუბრუნდები“, - მეუბნება კოკა მურაჩაშვილი და ამატებს:

„კიდურის დაკარგვა ადვილი გადასატანი არ არის. რაც არ უნდა ძლიერი იყოს ადამიანი, მათ შორის, ჰქონდეს მყარი ფსიქიკა, ამ რეალობასთან შეგუება ჭირს. ამას კარგად ვგრძნობ და პოლონეთში, ალბათ ფსიქოლოგების დახმარებაც დამჭირდება. მაგრამ ახლა ორმაგად და სამმაგად გაბრაზებული ვარ, ახლა ორმაგი და სამმაგი მოტივაცია მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელო იმ საქმის კეთება, რასაც ბოლო ექვსი თვეა უკრაინაში ვაკეთებ“.

როგორ აღმოჩნდა სამხედრო და მორაგბე კოკა უკრაინაში

პროფესიით სამხედრო კოკა მურაჩაშვილი ქარელის რაიონიდან, სოფელ დირბიდანაა. სახლში ბებია და ბაბუა ელოდებიან, კოკა მათი გაზრდილია. საქართველოშია კოკას 4 წლის ქალიშვილიც.

უკრაინაში 2023 წლის 17 ოქტომბერს, პოლონეთიდან ჩავიდა. ბოლო წლები კოკა მურაჩაშვილი სწორედ პოლონეთში ცხოვრობდა:

„იქ საცხოვრებლად მაშინ წავედი, როცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მითხრეს, რომ ახალი სისხლი სჭირდებოდათ. დავტოვე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგები და 2014 წელს წავედი პოლონეთში, სადაც წლების განმავლობაში, უმაღლეს ლიგაში ვითამაშე რაგბი, რამდენიმე კლუბში, მათ შორის, პოზნანში. მანამდე, რაგბის ვთამაშობდი საქართველოშიც, კლუბში "არმია“.

კოკა მურაჩაშვილი პოლონეთის სარაგბო ლიგის ერთ-ერთი მატჩის დროს
კოკა მურაჩაშვილი პოლონეთის სარაგბო ლიგის ერთ-ერთი მატჩის დროს
ავღანეთში ორჯერ ავფეთქდი მანქანით. რამდენჯერმე ვიყავი დაჭრილი. პირველად არ ჩამიხედავს სიკვდილისთვის თვალებში.

კოკა მურაჩაშვილი 17 წლის იყო, სამხედრო კადეტთა კორპუსში რომ დაიწყო სწავლა. მალე წამოეწია 2008 წელი და აგვისტოს ომიც:

„მაშინ პირველი ბრიგადის მეთერთმეტე ბატალიონში ვიყავი, სრულიად გამოუცდელი, 17 წლის. ცხადია, „რემბოს“ ფილმებში ნანახი რომ გვაქვს, მე იქ ისეთი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ მეცვა ფორმა და ვიდექი იქ, სადაც უნდა ვმდგარიყავი. მას მერე ფორმა აღარ გამიხდია. გავაფორმე კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან.

ვიყავი ერაყში, ავღანეთში, სომალიში, სამშვიდობო ოპერაციებში ვიღებდი მონაწილეობას. ავღანეთში ორჯერ ავფეთქდი მანქანით. რამდენჯერმე ვიყავი დაჭრილი. პირველად არ ჩამიხედავს სიკვდილისთვის თვალებში“.

უკრაინაში ჩასვლის დღიდან კოკა მურაჩაშვილი „შავი არწივის“ რიგებში ირიცხება. მან ალფა ჯგუფის, ანუ, მოიერიშე ჯგუფის მეთაურობა ჩაიბარა:

„ეს ნიშნავს, რომ ასრულებ შეუსრულებელ მისიას. „შავი არწივის“ ქვედანაყოფი სწორედ ასეთ მისიებს ასრულებს, როდესაც სხვა ქვედანაყოფები ამის შესრულებაზე ან უარს ამბობენ, ან ვერ ასრულებენ, ჩვენ 99%-ით სუფთად და დანაკარგების გარეშე ვასრულებთ ამ დავალებებს“.

რა მოხდა 30 მარტის ღამეს ბახმუტთან?

კამიკაძე დრონმა ამაფეთქა. 99% მკვდარი უნდა ვიყო, მაგრამ იმან გადამარჩინა, რომ გონება არ დამიკარგავს.

ქართველი მებრძოლი და მისი ჯგუფი ასეთი მისიის შესასრულებლად წავიდა 30 მარტის ღამესაც. გამთენიის 3 საათზე, მორიგი დავალების შესასრულებლად გასული მებრძოლი, რუსეთის შეიარაღებული ძალების „კამიკაძე დრონმა“ დაინახა:

„სანამ დრონი დამეჯახებოდა, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. პირადად მე გავანადგურე ნავთობის სარეზერვო მიმწოდებელი ბაზა, ჯავშანმანქანა, ცოცხალი ძალა. ახლა დრონების ომი მიდის, მეც დრონის მსხვერპლი გავხდი. დამეჯახა მარჯვენა ფეხში, ამაფეთქა "კამიკაძე დრონმა". 99% მკვდარი უნდა ვიყო, მაგრამ იმან გადამარჩინა, რომ გონება არ დამიკარგავს.

იმ ტერიტორიაზე სრულიად მარტო ვიყავი, ბიჭები დაახლოებით 150 მეტრში იყვნენ გამაგრებულები, იქამდე ჩემით მივედი, რა ძალა მომეცა, არ ვიცი, მაგრამ მივედი. კოჭის ქვედა ნაწილი, ტერფი, იქვე დავკარგე და შემდეგ, დანარჩენი ნაწილის ამპუტირება მოხდა კლინიკაში. ბიჭებმა სასწრაფოდ გადამიყვანეს დისლოკაციის ადგილზე და მათი დამსახურებაცაა, რომ ცოცხალი ვარ“.

პოლონეთში გავლილი რეაბილიტაციის შემდეგ, კოკა მურაჩაშვილი კვლავ უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. ამბობს, რომ სხვა რამეს ამ ეტაპზე, არც განიხილავს:

„ძალიან დიდი ტკივილები გამოვიარე, ძალიან დიდი ტკივილის გადატანა მიწევს ისევ, მაგრამ მოტივაცია, რომ ფეხზე უნდა დავდგე და ჩემი საკეთებელი უნდა გავაგრძელო, ძალიან დიდია. და მეტიც, ახლა უფრო დიდია ეს მოტივაცია.

როდესაც ომში მიდიხარ და ამ პროფესიას ირჩევ, მზად უნდა იყო, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება მოვიდეს სიკვდილი. თუნდაც ახლა, მე მზად ვიყავი სიკვდილისთვის, მამაო ჩვენოც წავიკითხე, მაგრამ ვიბრძოლე და გადავრჩი. კი, დავკარგე კიდური და ეს ჩემთვის ფსიქოლოგიურად საკმაოდ მძიმე დარტყმაა, ძალიან დიდი ბრძოლაც მომიწევს იმისთვის, რომ ამ ყველაფერს შევეგუო, მაგრამ ცოცხალი ვარ“.

"საქართველოს ადგილია ევროპაში, დასავლეთში და არა სადღაც ნოვოსიბირსკსა და კრასნოიარსკში"

თუკი მიღებული ტრავმის შემდეგ ძველ პოზიციას ვერ დაუბრუნდება, კოკა მურაჩაშვილი აპირებს, რომ მებრძოლებს სხვანაირად დაეხმაროს:

„სხვებისთვის ვარ მაგალითი. მე მაქვს ის, რაც სჭირდებათ ბიჭებს. ეს არის ჩემი გამოცდილება. შეიძლება რაღაც დავალების შესრულება ფიზიკურად ვეღარ შევძლო, მაგრამ სხვებს ვასწავლო ის, რაც მე ვიცი და სხვამ გააკეთოს. ეს იქნება ჩემი ცოდნისა და უნარების გადაცემა, ნებისმიერი ოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობა.

მე თუ ფიზიკურად არ მექნება საკუთარი თავის იმედი, გაუთვითცნობიერებელ ნაბიჯებს არ გადავდგამ, სხვას არ დავღუპავ, მაგრამ იმის ჟინი და მოტივაცია მაქვს, რომ ისევ ბრძოლის ველზე დავბრუნდე. ეს უკვე სამეთაურო ჯგუფში გადაწყდება, სად იქნება ჩემი ადვილი, სად გავაგრძელებ ბრძოლას“.

კოკა მურაჩაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში მისი ბრძოლის მთავარი მოტივაცია, პირველ რიგში, საქართველო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და დღემდე არსებული მცოცავი ოკუპაციაა:

„უკრაინაში საქართველოს მტერსაც ვებრძვი. რუსეთი რომ ოკუპანტია, ეს მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს. რუსეთი არასდროს შეაჩერებს ოკუპაციას საქართველოში, თუ ის უკრაინაში არ დამარცხდა, თუ არ დაეჭრა საცეცები. საქართველოში დღემდე გრძელდება მცოცავი ანექსია, ამაზე ფიქრი მაძლევს ძალას, რომ ისევ დავდგე ფეხზე და ისევ ვიომო რუსეთის წინააღმდეგ“.

მე რომ დღეს საქართველოში ყოფნა შემეძლოს, იმ ხალხის გვერდით ვიქნებოდი, ვინც ამ კანონის შემოღებას აპროტესტებს.

კიდევ ერთი დეტალი, რაზეც უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი ამახვილებს ყურადღებას, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ, 3 აპრილს დარეგისტრირებული ე.წ. აგენტების კანონპროექტი, ხელახალი ინიციატივა, რომელსაც ამჯერად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწოდა და რომელიც როგორც მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ისე საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკის საგნად იქცა:

„ყოველდღიურად ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. და ის, რაც ახლა ხდება, ის კანონი, რისი შემოტანაც უნდა დღეს მმართველ პარტიას, დაუშვებელია. ამ კანონპროექტის დამტკიცება ჩვენს ქვეყანაში ისევ და ისევ რუსული ინტერესების გატარების ტოლფასი იქნება. მე რომ დღეს საქართველოში ყოფნა შემეძლოს, იმ ხალხის გვერდით ვიქნებოდი, ვინც ამ კანონის შემოღებას აპროტესტებს.

ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს ადგილია ევროპაში, დასავლეთში და არა სადღაც ნოვოსიბირსკსა და კრასნოიარსკში. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ აქ, უკრაინაში, ახალგაზრდა ბიჭები იმისთვის იხოცებიან და იმიტომ იღებენ ჭრილობებს, რომ ევროპა და ნათელი მომავალი გვინდა“.

პირველ აპრილს კოკა მურაჩაშვილს უკრაინის ეროვნული ჯილდო, ორდენი გადაეცა „ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის“:

ორდენი "ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის"
ორდენი "ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის"

„ეს ნიშნავს მეტ სტიმულს და ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანები, რომელთათვისაც ვიბრძვი, ის ქვეყანა, რომლის დამოუკიდებლობისთვისაც ვიბრძვი, მაფასებს და ეს ჩემთვის ორმაგად სასიხარულო და მოტივაციის მომცემია. ამას რომ ჩემი ქვეყანა აკეთებდეს, ალბათ ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებოდა. იმედს არასდროს დავკარგავ, რომ ჩემს გამოცდილებას ჩემს ქვეყანას და მომავალ თაობას გავუზიარებ“.

კოკა მურაჩაშვილზე, ისევე როგორც უკრაინაში მყოფ სხვა ქართველ მებრძოლებზე, ბევრს „ნადირობენ“ რუსული ტელეგრამარხები:

„რაგბის ვეღარ ითამაშებ, კოკა. იცოდე, თუ გადაწყვეტ ბრძოლის ველზე დაბრუნებას, ერთადერთი, რასაც მიიღებ, ეს არის ბილეთი ბანდერასთან“ [სტეპან ბანდერა, ვის მიმდევრებსაც, რუსული პროპაგანდის მიხედვით, ებრძვის რუსეთის არმია უკრაინაში - რედ.], - წერს ერთ-ერთი რუსული ტელეგრამარხი, რომელიც ძირითადად უკრაინის მხარეს მებრძოლთა ფოტოებსა და მათ შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შეიჭრნენ და რუსეთი იქ ომს აწარმოებს, უკრაინაში, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 1500-მდე ქართველი იბრძვის. მათი პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში 2022 წლის მარტის დასაწყისში წავიდა.

პროფესიონალი ქართველი სამხედროები და მათთან ერთად მოხალისეები, უკრაინაში სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, მათ შორის, ფრონტის წინა ხაზზე.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, უკრაინაში რამდენიმე ათეული ქართველი მებრძოლია დაჭრილი და დაშავებული. მათ შორისაა ზურაბ ჯიბუტი, ჩოხატაურიდან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივნის, გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ის ამჟამად უკრაინაშია.

მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 24 წლის სპარტაკ ლეკიაშვილი. ის უკრაინის ინტერნაციონალურ ბატალიონში იბრძოდა. 2023 წლის 10 მაისს საარტილერიო შეტევისას დაიჭრა. დაზიანება კი იმდენად მძიმე იყო, რომ დღესდღეობით ის პარალიზებულია - ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, დაუქვეითდა მხედველობა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარ ოპერაციებს 62 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG