Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელ-ჰამასის ომი: რა საფრთხე იმალება ღაზის გვირაბებში?


"ჰამასის" მებრძოლი ღაზის ქვეშ მდებარე გვირაბში. 2014 წელი. საარქივო ფოტო
"ჰამასის" მებრძოლი ღაზის ქვეშ მდებარე გვირაბში. 2014 წელი. საარქივო ფოტო

ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე, რასაც, შესაძლოა, ისრაელის სამხედრო ძალები წააწყდნენ ღაზის სექტორში - „ჰამასის“ მიერ გაყვანილი გვირაბების ქსელია.

ამ გვირაბებით ჰამასის სამხედრო დაჯგუფება მარაგდება კონტრაბანდულ იარაღით, სხვადასხვა საბრძოლო მასალითა და კუსტარული ბომბების დასამზადებელი ასაფეთქებელი ნივთიერებებით. მიწისქვეშა კომუნიკაციას აფარებენ თავს ექსტრემისტთა ლიდერები და სწორედ იქ უნდა ჰყავდეს ჰამასს გადამალული ათობით ისრაელელი მძევალიც.

იარაღისა და სხვა კონტრაბანდის შესატანად ღაზის გვირაბების მშენებლობა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ გვირაბების ზუსტი ადგილმდებარეობა და პარამეტრები არავინ იცის. ადგილობრივები ამბობენ, რომ „გვირაბების ბიზნესის“ პიკის დროს, ღაზის სექტორიდან მხოლოდ ეგვიპტის მიმართულებით 2500 მიწისქვეშა გასასვლელი გაითხარა.

თავად ჰამასის ლიდერები „შემოქმედებით მიდგომასა“ და „ინოვაციურ გზებზე“ საუბრობენ, როდესაც გვირაბებზე ლაპარაკობენ,

„ძალთა ბალანსის გამო, რომელიც ისრაელის მხარეზე გადაიხარა, ჩვენ მოგვიხდა შემოქმედებითი მიდგომის გამოჩენა ინოვაციური გზების ძიებაში. გვირაბები ჩვენ მიერ დანერგილი ერთ-ერთი მთავარი სიახლეა“, - უთხრა 2014 წელს ამერიკულ გამოცემა Vanity Fair-ს „ჰამასის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხალედ მაშალმა.

„ღაზის მეტრო“

მიწისქვეშა გვირაბების მრავალკილომეტრიანი სისტემა, რომლითაც მთელი ღაზის სექტორია დაქსელილი, „ჰამასის“ მთავარი ინოვაციაა ებრაულ სახელმწიფოსთან დაპირისპირებაში და მთელ ამ მიწისქვეშა ლაბირინთს ისრაელელი სამხედროები „ღაზის მეტროს“ უწოდებენ. ისრაელში ხუმრობდნენ კიდეც, რომ თელ-ავივმა ვერაფრით მოაბა თავი მეტროს მშენებლობას, როცა ჰამასმა ეს ღაზის სექტორში შეძლო. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არანაირი მეტრო ეს არ არის, არამედ - ბეტონის ფილებში ჩასმული მიწისქვეშა ვიწრო გრძელი გვირაბების ქსელია.

გვირაბების სისტემის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. ისრაელის თავდაცვის ძალების (ებრაულად ცახალი) თანახმად, ღაზის სექტორში არსებული გვირაბები სკოლებისა და სპორტული დარბაზების, მეჩეთებისა და საავადმყოფოების ქვეშ გადის.

ისრაელის სამხედროების მიერ გამოვლენილი გვირაბის ნაწილი ისრაელ-ღაზის საზღვართან, ისრაელის მხარეს, 2014 წლის 14 აგვისტო.
ისრაელის სამხედროების მიერ გამოვლენილი გვირაბის ნაწილი ისრაელ-ღაზის საზღვართან, ისრაელის მხარეს, 2014 წლის 14 აგვისტო.

2021 წელს, ჰამასის ერთ-ერთმა ლიდერმა, დაჯგუფების პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელმა, იაჰია სინვარმა საჯაროდ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში გვირაბების სიგრძე 500 კილომეტრს აღწევსო.

ამ მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია - მას შემდეგ, რაც ჰამასი ღაზის ხელისუფლებაში მოვიდა, საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად კარგად შენიღბული მიწისქვეშა ბეტონის ბუნკერების მთელი სისტემა შექმნა.

ამ სისტემაზე The Washington Post-ი წერს, რომ არსებობს სამი სახის გვირაბი. პირველი არის ეკონომიკური, რომლის მეშვეობითაც კონტრაბანდის მიწოდება ხდება ღაზის სექტორში. მეორე არის ჰამასის უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის, რათა უსაფრთხოდ იყვნენ დაბომბვის დროს. და მესამე ტიპის გვირაბები ისრაელში გადადის და მათ თავდასხმების იყენებენ.

ჰამასის ლიდერები 1980-იანი წლების ბოლოდან ემალებოდნენ ისრაელის უსაფრთხოების ძალებს გვირაბებში. 1990-იანი წლების შუა პერიოდში გვირაბები გათხარეს ქალაქ რაფაჰიდან ღაზის სექტორის სამხრეთით - ეგვიპტეში. ისინი მიწისქვეშა კომუნიკაციებს კონტრაბანდისთვის იყენებდნენ: გადაჰქონდათ იარაღი, საწვავი, სიგარეტი, პირუტყვი – ყველაფერი, რაც გვირაბში გაეტეოდა.

2001 წელს პალესტინელმა მებრძოლებმა ისრაელის მესაზღვრეების პუნქტების ქვეშ გვირაბების გათხრა და მათი აფეთქება დაიწყეს. თუმცა, მსგავსი ფაქტები ხშირი არ იყო, რადგან იგივე შედეგი სხვა, უფრო იოლი გზებითაც მიიღწეოდა.

2006 წელს ახალი ტაქტიკა სცადეს. გვირაბი ღაზასა და ისრაელს შორის, საზღვრის ქვეშ გათხარეს და მებრძოლების ჯგუფი მტრის ზურგში აღმოჩნდა. მაშინ ორი მესაზღვრე მოკლეს, ერთი დაატყვევეს, კიდევ ერთი კი დაიჭრა. ამ ოპერაციის შედეგად ჰამასის მიერ გატაცებულმა კაპრალმა, გილად შალიტმა ტყვეობაში ხუთწელიწადნახევარი გაატარა ღაზის სექტორში. ამ წლების განმავლობაში იყო მოლაპარაკებები და 2011 წელს ისრაელმა საკუთარი ერთი ჯარისკაცის დასაბრუნებლად ჰამასს გადასცა 1027 პალესტინელი პატიმარი, მათ შორის ჰამასის ლიდერები და იაჰია სინვარიც, რომელიც ახლა ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელობს.

„ისინი (გვირაბები) გულმოდგინედაა შენიღბული და განკუთვნილია მხოლოდ ჰამასის სამხედრო წევრებისა და მისი ზედა ეშელონისთვის. ღაზის სექტორში არ არის სახლები, რომლებსაც დიდი სარდაფები ან მიწისქვეშა პარკინგები ჰქონდეთ. ამის მიზეზი ისაა, რომ ჰამასს ეშინია, რომ მშენებლობის დროს ხალხი წააწყდება ამ გვირაბებს, ჰამასის ამ მიწისქვეშა ბუნკერებს. როდესაც იქ ვიყავი, ასეთი ამბავიც გავიგე, რომ ღაზაში მტკნარი წყლის დიდი დეფიციტიც სწორედ ამ მიწისქვეშა ლაბირინთს უკავშირდება. ამას ვერ დავადასტურებ, რადგან მე თავად არ მინახავს, მაგრამ ამბობენ, რომ ჰამასი კრძალავს ჭების გათხრას, რათა ხალხი შემთხვევით არ წააწყდეს ამ მიწისქვეშა გვირაბებს. მე ვიცი, რომ ამ გვირაბებში ზოგიერთი სახლიდანაც არის გასასვლელები; იმ სახლებიდან, რომლებიც ჰამასის ზოგიერთ მთავარ საველე მეთაურს ეკუთვნის“, - ეუბნება რადიო თავისუფლების რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ იური მაცარსკი, უკრაინელი ჟურნალისტი და ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, რომელიც არაერთხელ არის ნამყოფი ღაზის სექტორში.

თავიდან გვირაბებს ეგვიპტის საზღვართან, ღაზაში იარაღის შესატანად თხრიდნენ. თავდაპირველად რამდენიმე ათეული გვირაბი იყო, შემდეგ კი მათი რაოდენობა რამდენიმე ასეულამდე გაიზარდა. როგორც ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, მშენებლობაში ბავშვებსაც კი იყენებდნენ.

„დიახ, ბავშვები მონაწილეობდნენ. სანამ არ გამოჩნდებოდა ის გვირაბები, ის რთული საინჟინრო ნაგებობები, რომლებზეც ვსაუბრობთ, ეს იყო უბრალო თხრილები, ხვრელები. ისინი ძირითადად კონტრაბანდის გადასატანად ეგვიპტის ტერიტორიაზე გაჰყავდათ... 2012 წლისთვის კი ღაზის ქვეშ, გვირაბებში სარაკეტო დეტალების საცავები და მათი სამონტაჟო ქარხნები შეიქმნა. 2012 წლისთვის, ისრაელის მხარის მონაცემებით, ამ გვირაბების მშენებლობის დროს, ან ამ გვირაბების გავლით კონტრაბანდის ტრანსპორტირებისას, სულ მცირე, 160 ბავშვი დაიღუპა. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ისინი იყვნენ სკოლის ასაკის ბიჭები, 10-დან 15 წლამდე, რომლებსაც ძალიან აქტიურად იყენებდა ჰამასი და შესაძლოა ისინი კვლავ გამოიყენებიან როგორც გვირაბების მშენებლობისთვის, ასევე მათ შიგნით სწრაფი მოძრაობისთვის“, - ამბობს იური მაცარსკი.

გვირაბი ღაზაში, 17 აპრილი, 2022 წ.
გვირაბი ღაზაში, 17 აპრილი, 2022 წ.
როდესაც ეგვიპტემ 2016 წელს დაიწყო კონტრაბანდის გვირაბების დატბორვა, მშენებლობაში ჩართული ღაზელები ჩიოდნენ, რომ ეგვიპტე ფაქტიურად ანადგურებდა მათ ბიზნესს: ”მათ ყველაფერი გაანადგურეს 20 დღეში. 50-დღიანი ომის დროს ებრაელები ამას ვერ ახერხებდნენ რაკეტებით და ომის შემდეგ ათი დღის შემდეგ ჩვენ შევძელით ამ ბიზნესის აღდგენა, მაგრამ ახლა ჩვენი ბიზნესის დაბრუნება არ შეგვიძლია, ყველა გვირაბი ჩამოინგრაო“ - ამბობდნენ ისინი.

2013 წელს ცახალის მიერ აღმოჩენილ გვირაბში გადაღებულ კადრებში ჩანს რომ ნიადაგი ქვიშიანია, კედლები მოპირკეთებულია ბეტონის ფილებით. ეს კონკრეტული გვირაბი ორნახევარი კილომეტრი იყო. და მიდიოდა ღაზის სექტორიდან ისრაელის საზღვრამდე.

გვირაბები ყოველთვის არ ჰგავს მიწისქვეშა ბეტონის დერეფნებს. ზოგი კარგად არიან აღჭურვილი, დენით, რამდენიმე თვის საკვებით. ისრაელის შეფასებით, ასეთი სტრუქტურების ასაშენებლად საჭიროა ათობით მილიონი დოლარი და ასობით ათასი ტონა ბეტონი.

ცახალი წლების განმავლობაში სწავლობს ჰამასის გვირაბებს. ისრაელის თავდაცვის ძალების საინჟინრო კორპუსმა შექმნა ამ გვირაბების სიმულაციის მოდელები, სადაც ჯარისკაცები ბრძოლას სწავლობენ; არსებობს წვრთნების კადრები, სადაც ჩანს, რომ მებრძოლებს აცვიათ მჭიდროდ მორგებული ჟილეტები და ატარებენ მოკლე ლულიან ტყვიამფრქვევებს ვიწრო გადასასვლელებში მარტივად სამოძრაოდ. ამ სიმულაციის დროს ჯერ ააფეთქეს გვირაბის კარი, შემდეგ კი რობოტი გაუშვეს დისტანციურად მართვადი კამერით და მხოლოდ ამ დაზვერვის შემდეგ შევიდნენ ჯარისკაცები გვირაბში.

სახმელეთო ოპერაციის დროს, ისრაელის ჯარებს შესაძლოა ამ გვირაბებში არა სიმულაციური, არამედ რეალური ბრძოლა მოუწიოს.

ისრაელი ღაზაში აგრძელებს სამხედრო ოპერაციას „რკინის ხმლები“, მაგრამ სახმელეთო ოპერაცია ჯერ არ დაწყებულა. ისრაელი ასევე აცხადებს, რომ ურტყამს ღაზის მიწისქვეშა გვირაბებს. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ მიწისქვეშა ბუნკერებში მშვიდობიანი მოქალაქეები კი არ აფარებენ თავს, არამედ ტერორისტები, რომლებიც ამ გვირაბებს ახლა ისრაელზე თავდასხმისთვის იყენებენ.

  • ისრაელმა ომი გამოუცხადა „ჰამასს“ მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ 7 ოქტომბერს შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე, რასაც თავდაპირველად 1400-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
  • 7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულია 4 ათასზე მეტი ადამიანი. ნახევარზე მეტი - ღაზის სექტორში.
  • ისრაელის არმიის ინფორმაციით, რომელიც 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა, „ჰამასს“ მძევლად ჰყავს სულ მცირე 199 ადამიანი. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ირწმუნება, რომ 250-მდე ტყვე ჰყავს.
  • გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
XS
SM
MD
LG