Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპა, ჩვენ გვჭირდები“ - ევროპასა და ამერიკაში ემიგრანტების პროტესტი არ წყდება


ემიგრანტების აქცია ბარსელონაში
ემიგრანტების აქცია ბარსელონაში

საქართველოს პარალელურად აქციებს მართავენ ემიგრანტებიც. პროტესტი არ წყდება ევროპისა და აშშ-ის ქალაქებში. ემიგრანტები ევროკავშირისა და ამერიკის დიპლომატებს სთხოვენ, საქართველოში რეპრესიების შეწყვეტასა და ახალი არჩევნების ჩატარებაში დაეხმარონ.

აქციები უკვე ჩატარდა ბერლინში, ბრიუსელში, ლონდონში, პრაღაში, კიშინიოვში, ვენაში, რომში, ოქსფორდში, ბერნში, ლოს-ანჯელესში, დენვერში, ვაშინგტონში, ბარსელონაში. დაგეგმილია სხვა ქალაქებშიც.

კარი ვენის საელჩოში
კარი ვენის საელჩოში

აქციებზე ზოგან ათობით, ზოგან კი ასობით ადამიანი იკრიბება. ზოგ ქალაქში საქართველოს საკონსულოების წინ აქციები ყოველდღიურია. ემიგრანტები მოუწოდებენ ქართველ დიპლომატებს გამბედაობისკენ, დაგმონ ძალადობა, რომელიც თან ახლავს საპროტესტო აქციებსა და მათ დაშლას საქართველოში.

4 დეკემბერს Frankfurter Allgemeine-ის გვერდზე გამოქვეყნდა მწერალ ნინო ხარატიშვილის მიმართვა: „ევროპა, ჩვენ გვჭირდები“.

„ევროპა, სად იწყები და სად მთავრდები? სად იწყება შენი პრინციპები და სადამდე მიდის შენი საზღვრები?... რამდენი სისხლი უნდა დაიღვაროს, რომ მფარველი ხელი დაგვაფარო? როდემდე უნდა არწმუნო თავი, მე არ ვაწარმოებ ომებსო და როდის მიხვდები, რომ ომი მხოლოდ სხვაგან გადაიტანე?..

ევროპა, კიდევ რამდენი ბეჭედი, ხელმოწერა, ხელშეკრულება, გასაჩივრება და დაპირისპირება, ცვლილება, პროექტი, კენჭისყრა გჭირდება, რომ მიიღო დახმარების ლეგიტიმაცია? რამდენმა ქვეყანამ უნდა აკურთხოს შენი კეთილგანწყობა? და რამდენ ხანს გაგრძელდება ლოდინი? კიდევ რამდენ პაკეტს გამოგვიგზავნი დასახმარებლად, რომელიც მხოლოდ კეთილი სიტყვებისა და იმედისაგან შედგება, სანამ შიმშილით არ დავიხოცებით?...

სანამ შენ ვერცხლის დანა-ჩანგლით მიირთმევ და სუფრასთან მოქცევა არ გეშლება, შენი დიდი, გაუმაძღარი მეზობელი უკვე კარგა ხანია, ხარბად იტენის ყველაფერს ხელით პირში...

ჩვენ არც ხელსახოცები გვჭირდება და არც ვერცხლის დანა-ჩანგალი, ჩვენ გვჭირდება შურდული, ევროპა, რადგან ჩვენ, ამ დედამიწაზე მყოფ დავითებს, ხანდახან ძალა გვეცლება. ჰოდა, მითხარი, ევროპა, გვითხარი: კიდევ რამდენი მსხვერპლი უნდა გავიღოთ, რომ ჩვენს სიყვარულში დაგარწმუნოთ?“

54-მა ქართველმა, რომლებიც ამერიკაში სამედიცინო სფეროში მუშაობენ, აშშ-ის, კანადის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის მთავრობებს მოუწოდა მეტად დაუჭირონ ქართველ ხალხს მხარი. „გთხოვთ, არ მიატოვოთ ჩვენი პატარა ქვეყანა ამ გადამწყვეტ წუთს“, - წერია განცხადებაში.

5 დეკემბერს, ორგანიზაცია „გზამ“ (Georgisches Zentrum im Ausland) ჩაატარა აქცია ბერლინში, რომელზეც გერმანიის პარლამენტის დეპუტატები მიიწვიეს. აქციას დაახლოებით 300-400 ადამიანი ესწრებოდა.

აქციაზე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა „ქართულ ოცნებას“ „ქართული კოშმარი“ უწოდა და თქვა, რომ სოლიდარულია იმ ხალხის მიმართ, რომელიც ქუჩაში ევროპული ღირებულებებისათვის დგას.

„თუ ქართული რეჟიმი უარყოფს საქართველოს ამბიციას, შევიდეს ევროკავშირში, ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება. არ უნდა შეჩერდეთ ამ გზაზე, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომაც ვაფასებ, რომ ამდენი ადამიანი საქართველოში ევროპისკენაა მიმართული“, - თქვა როთმა.

ბრიუსელში სანქციების მოთხოვნით ოთხი დღე შიმშილობდნენ რევაზ ბეროზაშვილი, გოგი წულაია და ანა ხელაია. შიმშილობა 28 ნოემბერს შეწყვიტეს. ამ დღეს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებას მოითხოვს.

„სავარაუდოდ, უნგრეთი ვეტოს დაადებს. მაგრამ დიასპორა ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ 27-მა ქვეყანამ ინდივიდუალურად დააწესოს სანქციები. პოლონეთი მართლაც არის ის ქვეყანა, საიდანაც შეიძლება სანქციები დაიწყოს. „ვაწვებით“ გერმანიასაც. ძალიან იმედიანად ვართ, მაგრამ თუ გერმანიამაც დაიწყო გაჯანჯლება, ისევ ავიღებ უხელფასო შვებულებას და ახლა ბუნდესტაგის წინ ვიშიმშილებ. გერმანიის მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია, მას მერე საფრანგეთიც აჰყვება და სხვა ქვეყნებიც. ცალკეული პოლიტიკოსებისაგან დიდი მხარდაჭერა გვაქვს“, - ამბობს ანა ხელაია.

ქართული დიასპორის წარმომადგენლები გაერთიანებული არიან მოძრაობა „ქარებში“, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებას აორგანიზებს

„ერთი მიმართულება არის აქციები, ასევე ვწერთ მიმართვებს სხვადასხვა ინსტიტუციებში, ვხვდებით ძალიან ბევრ ადამიანს და ვუყვებით რა ხდება საქართველოში. ვთხოვთ, მაქსიმალურად ჩაერთონ, დაიცვან ახალგაზრდები, დაგვეხმარონ ახალი არჩევნების ჩატარებაში. ბოლო მიმართვა ასეთი გვქონდა: „ნუ დაუშვებთ საქართველოში გენოციდს“, - ამბობს „ქარების“ აქტივისტი მარინა კაიშაური.

უკვე დაგეგმილია მომავალი კვრის აქციები ევროპის დიდ ქალაქებში.

თბილისსა და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG