Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხშირი იყო წიხლებისა და მუშტების რტყმა - ძალადობა წესრიგის სახელით


20-21 ივნისის აქციისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ 342 პირს შეუზღუდა თავისუფლება, 121-ს შეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. Დაკავებები დაიწყო 20 ივნიის თამის 19 საათის შემდგომ და გაგრძელდა 21 ივნისს, დილის 9 საათამდე.

Საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის თანახმად, დაკავება ხდებოდა განურჩევლად, ინდივიდუალური ქმედებების შეფასების გარეშე, მათ შორის, იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ იყვნენ აქციის მონაწილეები ან/და მათი ქმედებები არ წარმოშობდა ადმინისტრაციული დაკავების სამართლებრივ საფუძვლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითქმის ყველა დაკავებული პირის მიმართ სასამართლოში წარადგინა სტანდარტულად ერთნაირად შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დაკავების ოქმები, რომლებიც არ შეიცავდა ინდივიდუალურ გარემოებებს. ზოგიერთ შემთხვევაში, ოქმებში არასწორად იყო ასახული დაკავების ადგილი და დრო, რაც მთლიანობაში გავლენას ახდენდა საქმის ობიექტურ და სრულყოფილ შესწავლაზე.

საიას მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ცალკეულ შემთხვევებში დაკავების დროს აქციის მონაწილეების/გამვლელი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავი პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ეს ფაქტი დაადასტურა სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც, რომლის განმარტებით, დაკავების დროს პოლიციელები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ: „ხშირი იყო წიხლებისა და მუშტების რტყმა თუ სიტყვიერი ან სხვაგვარი შეურაცხყოფის მიყენება“.

Აი რამდენიმე დაკავებულის ისტორია 20-21 ივნისის ღამიდან პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებასა და არაჰუმანურ მოპყრობაზე

ირაკლი და დავით ხვადაგიანები პოლიციელებმა რუსთაველის გამზირზე დაახლოებით დილის 4-5 საათის მონაკვეთში ერთად დააკავეს. ირაკლი ხვადაგიანის განმარტებით: „ჯერ ჩემ ძმას დაეწია ერთ-ერთი [პოლიციელი] და უნდოდა მისთვის თავში ჩაერტყა ხელკეტი, მაგრამ მე გადავეფარე და დავუყვირე, რომ არ დაერტყა, რა საჭიროა-მეთქი და გაჩერდა, მაგრამ ამ დროს მე მომხვდა ხელკეტი“. ირაკლის ხელკეტი მარჯვენა თვალის არეში მოხვდა, რის შედეგადაც თვალთან მოტეხილობები განუვითარდა. ხელკეტის დარტყმის შედეგად ირაკლის თვალის დაზიანების ფაქტს მისი ძმაც შეესწრო. „მახსოვს, რომ ძირს დამაგდეს, წაქცევის მომენტში დავინახე, რომ [პოლიციელმა] ჩემს ძმას ჩაარტყა ხელკეტი... დაშავებული აქვს თვალი. ეს წამებში ვითარდებოდა, მაგრამ მაინც მახსოვს, რომ როდესაც ირაკლი [ძირს] ეცემოდა, პოლიციელმა, როგორც ბურთს, ისე ამოარტყა სახეში წიხლი. ამ დროს წასკდა სისხლი და მე გადმომესხა ხელებზე, რამაც პანიკაში ჩამაგდო, ვიფიქრე, რომ მოკვდა“ – იხსენებს დავით ხვადაგიანი. ძმები ხვადაგიანების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა 5-მდე სამართალდამცავმა განახორციელა.დავით ხვადაგიანის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ძირს დავარდა, პოლიციელები მას ზემოდან დაახტნენ და ისე ურტყამდნენ. საბოლოოდ, პოლიციელებმა ორივე მათგანს პლასტმასის ხელბორკილები, ე.წ. „ხამუთები“, დაადეს ხელებზე და პოლიციის მანქანით შსს-ს სამმართველოში გადაიყვანეს.

„მომვარდა 10-მდე კაცი და დაიწყო ჩემი დაკავება. [...] [პოლიციელებმა] დამაგდეს ძირს და მცემდნენ ხელებისა და ფეხების გამოყენებით, ასევე, ერთი პოლიციელი მიჭერდა კისრის არეში, რამაც დახრჩობის შეგრძნება გამოიწვია. მე კვლავ ვეკითხებოდი, რა უნდოდათ, რატომ მაკავებდნენ, თუმცა, ამ შეკითხვებზე უფრო ბრაზდებოდნენ. ბოლოს ერთ-ერთმა პოლიციელმა ფეხით დამიჭირა და გამათრია“ – ეს აქციის მონაწილის, დიმიტრი ფოჩხიძის მონათხრობია, რომელმაც აქციის დატოვება მაშინ გადაწყვიტა, როცა სპეცრაზმი თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის განზირზე ამოვიდა. Დაკავებისას ის მეუღლესთან ერთად იყო და საჯარო ბიბლიოთეკასთან გაჩერებულ პირად ავტომობილში ჯდებოდა.

დავით შუბითიძე აქციაზე მეუღლის მოსაძებნად 20 ივნისს, დაახლოებით 00:00 საათზე მივიდა. ამ მიზნით მივიდა აქციაზე მათი შვილიც. მას შემდეგ, რაც სამივემ ერთმანეთი იპოვეს, სახლში წასვლა გადაწყვიტეს. ისინი რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედანზე ჩამოვიდნენ ტაქსის გასაჩერებლად. „TV პირველის“ მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, პოლიციელი მისგან მოშორებით მდგომ პოლიციელებს ეძახის „ერთი დაუძახეთ, თუ გაიქცა, ესე იგი ეგ არის.“ ამის შემდეგ პოლიციელები მივარდნენ და ჯერ შვილის, ხოლო შემდეგ შუბითიძის დაკავება დაიწყეს. ამ უკანასკნელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავების დროს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მას მაინც სცემეს. პოლიციელებმა მასთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მის შვილსაც. ძალადობის შედეგად შვილს მარცხენა თვალი ჩაულურჯდა. შემდეგ პოლიციელებმა ორივე მათგანს პლასტმასის ბორკილებით ხელები შეუკრეს და საპატრულო პოლიციის მანქანით სამმართველოში გადაიყვანეს.

„გადმოვიხედე, პოლიციელებით [იყო] მოფენილი მთელი ეზო, [პოლიციელები] დასდევდნენ ბიჭებს, უგრეხდნენ ხელებს, აქედან მეზობლები ყვიროდნენ, არა გრცხვენიათ, რას აკეთებთო, სადარბაზოდან გამოყარეს ბიჭები, შემორბოდნენ სადარბაზოში, იქაც დაერივნენ და ხელების გრეხვით გაიყვანეს ეს ბიჭები“ - ეს თვითმხილველის მონათხრობია, რომელიც ფიქრის გორაზე ადამიანების დაკავებას იხსენებს.Აი რას ყვება ერთ-ერთი ამ შემთხვევისას დაკავებული: „ხელით მცემეს. შევამჩნიე, რომ ბიჭების ნაწილს დუბინკებითაც სცემდნენ“

„არავინ არაფერი მკითხა, არც მისმენდნენ. ერთ-ერთმა მითხრა, დაწექიო. მეც, რა თქმა უნდა, დავემორჩილე მათ ბრძანებას. სულ მცირე, ხუთი ადამიანი 2-3 წუთის განმავლობაში მირტყამდა. ვეკითხებოდი, რატომ მირტყამთ, არ გრცხვენიათ, ჩემზე მეტად გიყვართ ქვეყანა-მეთქი?! ამასობაში „რუსთავი 2“-ის კამერა მოვიდა და შემეშვნენ. ხმა არ ამოუღია არავის, არც კი მომისმინეს. ხელში სიგარეტის კოლოფი მეჭირა, რატომ მაკავებთ, არაფერი დამიშავებია-მეთქი, ერთ-ერთმა [მითხრა], აბა, ყუმბარა რატომ გიჭირავსო?”- ეს კონსტანტინე კარელიძის მონათხრობია, რომელიც ერთ-ერთი ტაქსის კომპანიაში მძღოლად მუშაობს და 21 ივნისს, დაახლოებით 04:30-ზე “რედისონთან” მგზავრის დატოვების შემდეგ სანაგვე ურნასთან ნაგვის გადასაყრელად მივიდა. Სწორედ ამ დროს გაჩნდნენ მასთან პოლიციელები.

Აქციის ერთ-ერთი მონაწილე და დაკავებული კოკა კიღურაძე იხსენებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტების „მოტაცების პრინციპით“ მოქმედებდნენ, კერძოდ, ე.წ. კორდონის სახით რამდენიმე ზოლად განლაგებული სპეცრაზმელები წინა ხაზს მცირე მასშტაბითა და მცირე დროის შუალედით ხსნიდნენ, რათა ე.წ. „მოტაცებული“ მოქალაქე შეეშვათ თავიანთ რიგებში, ხოლო შემდეგ ზოლს კეტავდნენ და აქციის მონაწილეს იქვე მყოფ სამართალდამცავებს გადასცემდნენ. Ამ გზით დაკავება დაადასტურა აქციის ერთ-ერთმა სხვა მონაწილემ: “სპეცრაზმელებმა უეცრად ამომათრიეს მასიდან და თავიანთ კორდონში შემიყვანეს. შავ მაისურებში გამოწყობილი პოლიციელები მირტყამდნენ. ძალიან ბევრნი იყვნენ, რაოდენობას ვერც დავთვლიდი. გაშლილ ხელს და მუშტებს მირტყამდნენ როგორც ზურგსა და გულ-მკერდზე, ასევე სახეში. სიტყვიერ შეურაცხყოფასაც მაყენებდნენ, მეკითხებოდნენ, „რისთვის მოეთრიე, აქ რა გინდაო?“ ვპასუხობდი, „საქართველოსთვის მოვედი-მეთქი“, რის შემდეგაც გაძლიერებული ძალებით მირტყამდნენ“- უყვება ის საიას.

Ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის თანახმად, რომელიც ამ და სხვა ისტორიებს მოიცავს და 20-21 ივნისის აქციაზე სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების ქმედებების შესაბამისობებს შეეხება, გარდა დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა, საყურადღებოა რამდენიმე ფაქტი:

  • Დაკავებულები პოლიციის კორდონის გავლით გადაყავდათ პარლამენტის ეზოში მდგარ ყვითელ ავტობუსებამდე, სადაც ზოგიერთი მათგანი საათობით იჯდა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანამდე. Პოლიციის კორდონში სამართალდამცველები მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
  • სამართალდამცავთა დერეფანში გატარებული პირების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა აღწევს სისასტიკის ისეთ მინიმალურ ზღვარს, რომელიც არასათანადო მოპყრობას გულისხმობს.
  • Დაკავებულებს ხელებს უკრავდნენ ერთჯერადი პლასტმასის ხელბორკილებით, რის გამოც მათ ნაწილს სხეული დაუზიანდათ.
  • Დაკავებულების საკნებში გადაყვანისას მცირე ზომის უფანჯრო ოთახებში ბევრი ადამიანის განთავსება არასათანადო მოპყრობად ითვლება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ ჰქონდათ საკვებთან, ჯანდაცვის სერვისებთან და გარესამყაროსთან წვდომის საშუალება.

Საიას დასკვნის თანახმად, პოლიციელთა მიერ განხორციელებული ქმედებები 20-21 ივნისს დაკავებულთა მიმართ უტოლდება არასათანადო მოპყრობას და წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლით აკრძალულ ქმედებას.

20-21 ივნისს დაკავებულთაგან რამდენიმე ამ დრომდე ციხეში რჩება.

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს.

XS
SM
MD
LG