ბატონის ციხის რეაბილიტაცია, რომელიც 14 მილიონი ლარი დაჯდა, დასრულებულია. მოეწყო საგამოფენო დარბაზი, საკონფერენციო ოთახი, შიდა და გარე კაფეები, გაკეთდა ასევე ამფითეატრი. პროექტის მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განახლება და ტურიზმის განვითარებაა. რეაბილიტაციის დაწყებიდან დღემდე პროექტის მიმართ პრეტენზიები აქვს ოპოზიციას.
ერეკლე მეორის მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაცია
- რეაბილიტაციის პროექტის დამკვეთი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდია.
- სამუშაოები 5 წლის წინ, 2012 წელს, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს დაიწყო.
- ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაზე 14 მილიონი ლარი დაიხარჯა, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოყო.
- განახლებული კომპლექსის შეფასებას ფართო საზოგადოება მიმდინარე წლის მაისიდან შეძლებს.
თელავში რეკონსტრუირებული ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის კომპლექსი აერთიანებს ერეკლე მეორის სასახლეს, ეთნოგრაფიულ განყოფილებასა და გალერეას. მუზეუმში გაკეთდა მთავარი საგამოფენო დარბაზი, სადაც არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშები, ხელნაწერები და რარიტეტული გამოცემები გამოიფინება. დამთვალიერებლებისთვის მოეწყო შიდა და გარე კაფეები და ამფითეატრი. მუზეუმი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნეს. როგორც მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, წელს თელავში 80 ათასამდე ტურისტს ელოდებიან.
„მუზეუმთან ერთად კეთილმოეწყო ბატონის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. ახალ მუზეუმში გაკეთდა მთავარი საგამოფენო დარაზი, რომლის სივრცეშიც გამოიფინება არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მასალები, საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშები, ხელნაწერები და რარიტეტული გამოცემები. ჩვენ ველოდებით თელავში, რომ ამ მუზეუმის დამთვალიერებელთა რაოდენობა წელს 80 ათას ადამიანს მიაღწევს, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ძალიან პესიმისტური შეფასებაა, რადგან თვითონ მუზეუმი ბევრად მეტ მნახველს მოიზიდავს“.
დღეს თელავში იყო ჩასული საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც. მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და თქვა, რომ ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმი ახლა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.
„ბატონის ციხე არის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ის საშუალებას აძლევს მომავალ თაობას და თაობებს მიეახლონ, ისტორიას ხელით შეეხონ და მიაგონ სათანადო პატივი ჩვენს უდიდეს წინაპრებს. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს უკვე ამ კომპლექტს შეემატა მუზეუმი, რომელიც არის თანამედროვე ტექნოლოგიით მოწყობილი“.
„კომპლექსი ახალ სიცოცხლეს იძენს და ამიერიდან მუზეუმის თანამშრომლებს ტურისტთა გაზრდილ ნაკადთან მოუწევთ გამკლავება“, - ეს განცხადება დღეს კახეთში მყოფმა კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გააკეთა. მისი თქმით, ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმში 65 ათასამდე ექსპონატია დაცული:
„65 ათასამდე ექსპონატია და ამით ეს კოლექცია ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეულია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა დამეთანხმებით, რომ დღეს თანამედროვე ეპოქაში მუზეუმის ფუნქცია დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ნივთების ექსპონირებას, ნივთების გამოფენას. ეს, პირველ რიგში, იქნება კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი თაობების ერთ-ერთი საყვარელი შეკრების ადგილი გახდება“.
ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმის გახსნის ღონისძიებას არ დასწრებია ოპოზიცია. ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი ნიკა ვარდოშვილი ამბობს, რომ საზეიმო არაფერია. მისი განცხადებით, სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული და პატარაა საგამოფენო სივრცე. გარდა ამისა, ოპოზიციისთვის მიუღებელია მუზეუმის შენობაში კვების ობიექტის გახსნა. ვარდოშვილი ამბობს, რომ თავდაპირველი პროექტი ახალმა ხელისუფლებამ თანხის დაზოგვის მოტივით შეცვალა, თუმცა, მისივე ინფორმაციით, პირვანდელი ბიუჯეტი სამი მილიონი იყო, საბოლოოდ კი 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა:
„მსოფლიოში ვერ ნახავთ ანალოგს, რომ თიხის ფრაგმენტები ზამბარებით იყოს მიკრული ფასადზე და ასე იყოს ფასადი მოპირკეთებული. უხარისხოდ არის შესრულებული ყველანაირი სამუშაოები. ათასობით ექსპონატები იქნება წლობით საცავში, იმიტომ რომ არ არის იქ საკმარისი საგამოფენო სივრცე . ბატონის ციხეში დააგეს უზარმაზარი ბაზალტის ფილები, რომელიც ისე უსწორმასწოროდ არის, რომ იქ გავლა საშიშია. მოკლედ, ყველანაირი სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული“.
პროექტი, რომელიც თელავში ერეკლე მეორის მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, 2012 წელს, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, დაიწყო, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ მაშინდელი პროექტი დაიწუნა და ახალი მოამზადა, ახალი პროექის მომზადებასა და განხორციელებას კი 5 წელზე მეტი დრო დასჭირდა, რის გამოც ხელისუფლება არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი. იმ ხანებში ისტორიკოსთა ნაწილის პროტესტი გამოიწვია სამუზეუმო კომპლექსში განთავსებული თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის შენობის დემონტაჟმა. ბოლო ინფორმაციით, ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაზე 14 მილიონი ლარი დაიხარჯა, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოყო.