2017 წელი - ზამთრის პირველი დღე
2017 წლის პირველ დეკემბერს, შუადღისას, 51-ე სკოლის მოსწავლეები, მეთერთმეტე კლასელები, ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე ქალაქის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე დაიღუპა. დათო სარალიძის გადასარჩენად ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ. ის 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
2 დეკემბერს შსს-მ განცხადება გაავრცელა: „1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“.
ხორავას ქუჩის საქმის 16-თვიანი ქრონიკა
- 2017 წელი - ზამთრის პირველი დღე
- დაკავება და ბრალდება - „დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დადგენილი და დაკავებულია“
- პირველი ინსტანცია - ბრალდება, დაცვა, ოქროს მოწმე - მიხეილ კალანდია
- 2018 წლის გაზაფხულის ბოლო დღე - პროკურორი, რომელიც გადადგა
- ხორავას საქმე შსს-მ გადაიბარა - დაიწყო ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციები
- ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისია - ორი დასკვნა
- მამები სიმართლისთვის - ბრძოლა კარვისთვის
- 2019 წლის ზაფხული - 18-თვიანი ბრძოლა სრულდება?
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფლიქტი მოზარდებს შორის, სკოლის საპირფარეშოში დაიწყო. მეცხრეკლასელებს, თ.ჩ.-ს, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის შვილს, ა.ს.-სა და უფროსკლასელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ჩვენებების მიხედვით, უფროსკლასელი მათ პნევმატურ იარაღს უშვერდა და აშინებდა. მეცხრეკლასელმა, ა.ს.- მ დახმარებისთვის ნათესავს, მ.კ-ს (მიხეილ კალანდიას) დაურეკა. მიხეილ კალანდიამ 51-ე სკოლასთან მეგობრები მიიყვანა, სადაც მათ ა.ს. და თ.ჩ. შეუერთდნენ. იქ დახვდნენ მათ დაპირისპირებული უფროსკლასელები.
დაკავება და ბრალდება - „დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დადგენილი და დაკავებულია“
შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი გ.ბ. 2 დეკემბერს დააკავა. კიდევ ერთი მოზარდი, გ.ჯ პოლიციას მკვლელობიდან მეოთხე დღეს, თავად ჩაბარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით გაირკვა, რომ დეკემბრის პირველ დღეებში, 150-მდე ადამიანიდან, გამოძიებასთან მხოლოდ რამდენიმემ ითანამშრომლა. საბოლოოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო, გამოძიებამ ბრალი წაუყენა ორ არასრულწლოვანს და სამ მშობელს. მათგან ერთ-ერთი იყო შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია. სამივე მშობელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის აგვისტოში აღკვეთის ზომა - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება.
ხორავას ქუჩის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დარწმუნებით განაცხადა, რომ „დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დადგენილი და დაკავებულია“.
გასაჯაროვდა მტკიცებულებათა ნაწილიც. როგორც პროკურატურა იტყობინებოდა, მკვლელობის საქმეში მხოლოდ ორი დანა ფიგურირებდა, ანუ მკვლელობა ჩადენილი იყო მხოლოდ ორი დანით. გამოძიების ამ ვერსიის არ სჯეროდა მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს.
პირველი ინსტანცია - ბრალდება, დაცვა, ოქროს მოწმე - მიხეილ კალანდია
საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 22 იანვარს დაიწყო. დაცვის მხარე იმთავითვე აღნიშნავდა, რომ საქმე არ იყო სათანადოდ გამოძიებული. დაუდგენელი იყო ბევრი დეტალი, რომელიც კითხვებს აჩენდა. ამასვე ამბობდა დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.
მისი განსაკუთრებული პროტესტი მოჰყვა ბრალდების მხარის, ე.წ. „ოქროს მოწმის“, მიხეილ კალანდიას ჩვენებებს, უფრო ზუსტად კი შეცვლილ ჩვენებებს. მთელი პროცესის განმავლობაში, მიხეილ კალანდიამ საკუთარი ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. თავდაპირველად ის ამბობდა, რომ ბრალდებულ არასრულწლოვნებს ჩხუბისას დანა არ ჰქონდათ. მოგვიანებით კი დეტალურად აღწერა ჩხუბის პროცესი და ისიც, თუ ვინ გამოიყენა დანა ხორავას ქუჩის ეზოში.
ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას, როგორც შვილის მკვლელს, ისე მოიხსენიებდა და მის დასჯას ითხოვდა. მისი მტკიცებით, ე.წ. „ოქროს მოწმეზე“ ზეწოლა ხორციელდებოდა. ზაზა სარალიძის ბრალდებებში გაისმა პროკურატურის მაშინდელი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის სახელი და გვარიც (მოზარდების კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, მოწმე, სწორედ მისი ვაჟი იყო). შვილმოკლული მამის თქმით, სწორედ მირზა სუბელიანი ახორციელებდა ზეწოლას გამოძიებაზე, რომელიც ხორავას ქუჩის საქმის მიჩქმალვას ცდილობდა.
ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, მოგვიანებით, 2018 წლის 9 ივნისს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას მიმდინარე წლის მარტში ერთი წლით და ერთი თვით პატიმრობა შეუფარდა. საპატიმრო ვადა მას ერთ თვეში, ივლისში ეწურება. მირზა სუბელიანის დაკავებას მაშინ ზაზა სარალიძემ „საკენკის გადმოგდება უწოდა“.
31 მაისს, თითქმის ოთხთვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, ხორავას ქუჩის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სასამართლომ გ.ბ დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში და მას 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, გ.ჯ დამნაშავედ იქნა ცნობილი დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურა ორივე არასრულწლოვანს ბრალს სდებდა ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში, თუმცა, მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია არ გაიზიარა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ განაჩენის შესაბამისად, უცნობი დარჩა ვინ მოკლა დავით სარალიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკა არეშიძის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა. საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში თითქმის ერთ წელს გაგრძელდა.
2018 წლის გაზაფხულის ბოლო დღე - პროკურორი, რომელიც გადადგა
სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას თბილისში მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. მთავრობა არა, მაგრამ პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა.
„დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა. რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება“, - ეს განცხადება ირაკლი შოთაძემ 31 მაისს გამოაქვეყნა.
31 მაისსვე, პარლამენტის სხდომაზე, დეპუტატებმა კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომ მოზარდების მკვლელობის საქმე საპარლამენტო კომისიას უნდა გამოეძიებინა.
ხორავას საქმე შსს-მ გადაიბარა - დაიწყო ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციები
ზუსტად ერთი წლის წინ, 2018 წლის პირველ ივნისს, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმე საქართველოს მთავარი პროკურატურისგან შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხელახალი გამოძიებისთვის გადაეცა.
შსს-ში გამოძიების დაწყებას მთავრობის მხრიდან მოტყუების კიდევ ერთ მცდელობად აფასებდა დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარვები გაიშალა. პარლამენტთან მივიდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. პარლამენტის წინ მის გამოჩენას, საზოგადოება ყვირილით და პლასტმასის ბოთლების სროლით შეხვდა.
პარლამენტის წინ გაშლილ კარავში მივიდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.
შეიქმნა მოძრაობა „ნუ მომკლავ“. აქციას შეუერთდა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც.
ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციები საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.
ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისია - ორი დასკვნა
2018 წლის 7 ივნისს, მუშაობა დაიწყო ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შესასწავლად პარლამენტის მიერ შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ. კომისიას სათავეში ჩაუდგა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.
17 წევრიან კომისიაში საპარლამენტო უმცირესობიდან მუშაობდა: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი. უმრავლესობიდან კი არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფიო კილაძე. ფრაქციიდან "საქართველოს პატრიოტები" კომისიის წევრი იყო ადა მარშანია. საგამოძიებო კომისიაში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
მოკლული მოზარდების მშობლების, საქმის პროკურორის, მოწმეების გამოკითხვის შემდეგ, საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაციები გამოსცა, რომლის თანახმადაც, უნდა დაწყებულიყო გამოძიება არასრულწლოვან გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე, რაც არ იყო გამოძიებული და ასევე, უნდა დაწყებულიყო სამართლებრივი დევნა მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ, რომლის შემთხვევაშიც, კომისიის განცხადებით, იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, თუმცა გამოძიება ამ კუთხით არ მუშაობდა.
კომისიის მუშაობის პროცესს დაემთხვა ხორავას ქუჩის საქმეზე დაკითხული არასრულწლოვანი მოწმის დ.ღ-ს დაკავება. მას 2018 წლის ივლისში ბრალად წარედგინა ცრუ ჩვენების მიცემა. 2019 წლის 22 მაისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და პატიმრობის ვადად 2 წელი და 3 თვე მიუსაჯა.
ხორავას ქუჩის საქმის დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ საბოლოო დასკვნა 2018 წლის 5 სექტემბერს, 9 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. თუმცა, ეს იყო მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა, რომელსაც არ იზიარებდა და პოლიტიზებულად მიიჩნევდა მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ და მათ 5 სექტემბერს სხდომაზე დასკვნის საკუთარი ვერსია წარმოადგინეს.
„ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული 78 გვერდიანი დასკვნისა და რეკომენდაციების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო, დაუყოვნებლივ დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა მიხეილ კალანდიას მიმართ.
ამავე დასკვნის თანახმად, დაუყოვნებლივ უნდა მოჰყოლოდა რეაგირება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებს. ასევე, კომისია ითხოვდა დაწყებულიყო გამოძიება ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებზე. ერთ-ერთ რეკომენდაციაში, ევროპული საქართველო მინისტრების: თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს.
რაც შეეხება „ქართულ ოცნების“ მიერ დაწერილ დასკვნას, მასში მითითებული იყო, რომ მაგალითად, გამოძიებას არ შეუფასებია დანაშაულთან ცალკეული პირების ამა თუ იმ ფორმით შესაძლო კავშირი; მირზა სუბელიანის, მისი შვილის, ცოლის დისა და მისი შვილის მიმართ არ ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის არ გაიჩხრიკა მიხეილ კალანდიას სახლი; გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი არ არის, ან დაგვიანებით არის ამოღებული. ასევე, არ დადგინდა ჩანაწერებში აღბეჭდილი ყველა პირის ვინაობა; არ ამოღებულა ჩხუბის გარკვეულ მონაწილეთა მობილური ტელეფონები და კომპიუტერები, აგრეთვე მათი მიმოწერა. არ განხორციელდა მათი სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა; საქმესთან დაკავშირებით შესაძლო ინფორმაციის მქონე ზოგიერთი პირი არ დაიკითხა ან დაიკითხა დაგვიანებით და სხვა.
მამები სიმართლისთვის - ბრძოლა კარვისთვის
2018 წლის 10 სექტემბერს, ზაზა სარალიძემ და მისმა თანამებრძოლმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ შიმშილობა დაიწყეს. მამები მთავრობის გადადგომასა და მათი შვილების მკვლელობის საქმის დროულ გამოძიებას და მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვდნენ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ზაზა სარალიძე რამდენჯერმე გადაიყვანეს საავადმყოფოში. შიმშილობა ზაზა სარალიძემ 18 სექტემბერს, პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტა.
ოქტომბრის მიწურულს, წვიმის სეზონზე, ზაზა სარალიძე პარლამენტის შენობის წინ დააკავეს. ის წვიმისგან დამცავი კონსტრუქციის მოწყობას ცდილობდა. იმავე საღამოს პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ და ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს.
შსს-მ კი განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე, რკინის ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ: „ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა“. შსს-ს ცნობითვე, „საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს.
ზაზა სარალიძე მალევე გაათავისუფლეს. მის საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიება არ მოითხოვა და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ზაზა სარალიძეს სასჯელი აღარ შეეფარდა.
ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე, კარავში დარჩა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან ერთი წლის თავზე, კვლავ უცვლელი იყო მისი მოთხოვნა - დასჯილიყო მისი შვილის მკვლელი.
2019 წლის ზაფხული - 18-თვიანი ბრძოლა სრულდება?
2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს გამოტანილი განაჩენი და მსჯავრდებული გ.ჯ. დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში. მას 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მომდევნო დღეს, 4 ივნისს, შსს-მ დააკავა მიხეილ კალანდია. მას ბრალად ედება დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა.
“ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია“, - თქვა ზაზა სარალიძემ.