Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ხო ძალიან დიდი სირცხვილია, რომ ასე ვცხოვრობთ?” - ხევსურეთში ელექტროენერგიის მოთხოვნით გზის გადაკეტვას აპირებენ


სოფელი ხახმატი ერთ-ერთია იმ სოფლებს შორის, სადაც ათწლეულებია მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს
სოფელი ხახმატი ერთ-ერთია იმ სოფლებს შორის, სადაც ათწლეულებია მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს

“უყურადღებობამ მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს უშუქოდ დარჩენილი სოფლების მოსახლეობა და ადამიანები, რომელთაც გული შესტკივათ მთის სოფლების განვითარებაზე, გადავკეტავთ ხევსურეთის საავტომობილო გზას და ამით ვეცდებით ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ხელისუფლებას”, - სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ტექსტით ხევსურები მხარდამჭერების შემოკრებას ცდილობენ. მხოლოდ პირაქეთა ხევსურეთში ათამდე სოფელი მრავალი წელია უშუქოდ არის დარჩენილი. ელექტროენერგიით უწყვეტად მომარაგების პრობლემა აქვთ პირიქითა ხევსურეთშიც. პირიქით და პირაქეთ ხევსურეთის 45 სოფლიდან დენით მხოლოდ 16 სოფელია უზრუნველყოფილი.

ნანი ჭინჭარაული ორ შვილთან და ქმართან ერთად 17 წელია ყოველ გაზაფხულზე ადის ხახმატში - პირაქეთა ხევსურეთის პატარა სოფელში - დათვის ჯვრის უღელტეხილამდე. ხახმატზე გადის ბარისახო-შატილის გზა. 2002 წელს იქ მუდმივად 17 ადამიანი ცხოვრობდა, 2014-ში - 7. ახლა მთელი წლით აღარავინ რჩება - მხოლოდ 4 ოჯახი ოჯახი ადის სეზონურად.

ნანის ოჯახის წევრები ხახმატში გაზაფხულიდან დეკემბრამდე რჩებიან.

ამ თვეებში თავი ძირითადად მშრალი საკვებით გააქვთ, სარეცხს ხელით რეცხავენ, ღამე კი ლამპით ინათებენ სახლს. ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრება ნიშნავს ცხოვრებას მაცივრის, სარეცხი მანქანის, ელექტროღუმლის, ტელევიზორის, ინტერნეტისა და ხშირად ტელეფონის გარეშეც.

“ახლა აქ ორი ოჯახი ვართ. ჩვენს გარდა კიდევ ერთი ოჯახია, ვინც ბავშვებით არის, დასასვენებლად, მაგრამ ახლა მითხრეს, რომ წასვლას აპირებენ, ბავშვს შიშები დაეწყო, ღამე სიბნელეში გაჩერება უჭირს, ვერ იძინებს. ჩემი შვილები უკვე მიჩვეულები არიან ლამპის შუქზე ცხოვრებას, მაგრამ მაინც მეცოდებიან. პატარა გოგომ მითხრა, დაღამება მეჯავრება, რომ ბნელდება, მაშინვე მაძინებო. რო არ დავაძინო, რა უნდა გააკეთოს? უფროსი ბიჭი 17 წლისაა, პროგრამირებას სწავლობს ჯეოლაბში და იმ დღეს 20 კილომეტრი გაიარა, რომ ტელეფონი დაეტენა სხვა სოფელში და იმ ტრენინგზე ჩართულიყო. ხო ძალიან დიდი სირცხვილია, რომ ასე ვცხოვრობთ?” - გვეკითხება ნანი. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლების უპასუხისმგებლობამ და უყურადღებობამ გზის გადაკეტვის გარდა სხვა არჩევანი აღარ დაუტოვა. არადა, ამბობს, რომ სულ მარტივად შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება: “ხახმატიდან 3 კილომეტრით და 700 მეტრით არის დაშორებული სოფელი გუდანი, სადაც ელექტროენერგია არის - რა უნდოდა ამ მანძილზე კაბელების გამოყვანას?“

ნანიც და მისი მეუღლეც საჯარო მოხელეები არიან. ნანი სკოლაში ასწავლის, მისი ქმარი სასაზღვრო პოლიციაში მუშაობს.

“უკვე გვითხრეს, თავი შეიკავეთო. მე გაჩერებას არ ვაპირებ, რაც უნდათ, ის ქნან”, - ამბობს ის.

სანთლები ბოძებზე

ნანის და უშუქო სოფლებში მცხოვრები სხვა ხევსურების მოთხოვნის ადრესატი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. ისინი ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასა და “ელექტრო პრო ჯორჯიასთან” მოლაპარაკების მრავალჯერადმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უშუქობით შეწუხებული მოსახლეობა გზის გადაკეტვას აპირებს, მათ პრობლემებს ხელისუფლებიდან მხოლოდ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. 27 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ “სოფლების ელექტროფიკაციასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მუშაობა დაწყებული აქვს”.

უფრო ადრე, მას შემდეგ, რაც სოფლის პრობლემებზე საჯაროდ დაიწყო ლაპარაკი, ნანის დუშეთის მერი დაუკავშირდა:

“მკითხა, შენ მზის პანელები არ გინდოდაო? მეთქი, რო მინდოდა, მომიტანე? გაირკვა, რომ ვერც ახლა მომიტანს. ადრე იყო აქ მოსული, არჩევნების წინ. რა მაგარ ადგილას ყოფილა თქვენი სოფელიო. ადგილი კია კარგი და ლამაზი, მაგრამ იცხოვროს, აბა, ამ ლამაზ ადგილას ერთი კვირა შვილებით და ნახავს, როგორია. ვერ ვხვდები, რატომ ვართ ასეთი მიგდებულები”, - წუხს ნანი და ჰყვება, რომ ელექტროენერგიის არქონა მისი სოფლის მთავარი პრობლემაა, მაგრამ ხელისუფლება არც სხვა პრობლემების მოგვარებას ჩქარობს. მაგალითად, ხიდი, რომელიც შარშან ადიდებულმა წყალმა წაიღო, ადგილობრივებმა თვითონ შეაკეთეს. ბიუჯეტში 60 000 ლარი კი იყო გამოყოფილი, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, არასაკმარისად მიიჩნია და ხიდის გაკეთება მომავლისთვის გადადო.

უშუქო სოფლებში ამბობენ, რომ ვერც მთის განვითარების პროგრამები და ვერც ტურიზმი მათ მძიმე ყოფას ვერ ამსუბუქებს. მეტიც, იმ ფულსაც კი ვერ იყენებენ სოფლის პრობლემების მოსაგვარებლად, რაც “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებშია გამოყოფილი.

ხიდი ხახმატში, რომელიც მდინარემ წაიღო.
ხიდი ხახმატში, რომელიც მდინარემ წაიღო.

“ათი ათასი ლარი ეკუთვნის ყოველ წელს თითო სოფელს. გვითხრეს, რომ გაგვეკეთებინა გაჩერება, საბავშვო მოედანი ან გარე განათება. დაცინვაა. ტრანსპორტი აქ არ დადის, ბავშვები აქ არ არიან და გარე განათება რომ გავაკეთოთ, სანთლებს ხო არ დავანთებთ ამ ბოძებზე, დენს თუ არ გამოგვიყვანენ”, - ამბობს ნანი.

ნანი ხახმატში ყოველ წელს მხოლოდ სოფლის სიყვარულის გამო არ ადის, მისი ოჯახი რამდენიმე ძროხას უვლის - მეცხოველეობა დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებაა. ახლა რძით მხოლოდ ყველის წარმოებას ახერხებენ, ყველს ნანი სანამ გაყიდის, მარილწყალში ინახავს. ელექტროენერგია და მაცივარი რომ ჰქონდეს, რძის სხვა პროდუქტებსაც გააკეთებდა და შემოსავალიც მეტი ექნებოდა. თუმცა ახლა, ნანიმ არც კი იცის, რა უფრო ადარდებს, ის, რომ მეცხოველეობით მეტ სარგებელს ვერ იღებს, თუ ის, რომ ბავშვებთან ერთად უწევს მძიმე შრომა და თვეების გატარება ყველანაირი ცივილიზაციისგან მოწყვეტილს.

ნანი ჭინჭარაული ქალიშვილთან ერთად
ნანი ჭინჭარაული ქალიშვილთან ერთად

“ჩემს ძროხებს არცერთი პარტია არ მომიწველის”

ხახმატის გარდა წლებია ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილი ხევსურეთის სხვა სოფლებიც: ბისო, ღული, ჭიე, ძეძეურთა, უკანხადუ, წინხადუ, ბლო, ჩირდილი, უკენახო, ზეისტეჩო. სოფლები უგზობისა და უშუქობის გამო წლიდან წლამდე ნელ-ნელა დაიცალა და ახლა იქ თითო-ოროლა ოჯახიღა თუ ცხოვრობს.

წელს სოფელ ღულს მხოლოდ ორი მოსახლე ჰყავს - 60 წლის მზია ჭინჭარაული და მისი მეუღლე ომარ ნაროზაული. მათი შვილები უფრო და უფრო იშვიათად ადიან ღულში დასარჩენად. მზია და მის მეუღლეც ზამთარს დუშეთში ატარებენ, გაზაფხულობით კი ხევსურეთში საქონელი აჰყავთ. ასე გრძელდება 30 წელია. აღწერის მიხედვით, ღულში 2002 წელს 10 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს მუდმივი მცხოვრები იქ უკვე აღარ იყო. ღული დღეს ოფიციალურად ნასოფლარად ითვლება.

“ყველაზე ახლოს ვცხოვრობთ ჰესებთან, ერთი კილომეტრიც კი არ არის ჩვენი სახლიდან როშკის ჰესამდე. რო შენდებოდა, ზედ დავყურებდი იმედით, რომ დღეს იქნება, ხვალ იქნება, ჩვენც გვექნება დენი. კი გავიდა ამ იმედში ორი წელი, როშკა განათდა, ჩვენ ერთი ნათურა არ აგვინთეს. 4 ოჯახი ვიყავით, ვინც ამოვდიოდით ხოლმე, ახლა ჩვენღა შევრჩით. ჩვენი სოფლის ახალგაზრდებს ყველას უნდა აქ ამოსვლა, აქ დაიზარდნენ, მაგრამ აბა, ვინ ამოვა, ვინ გაჩერდება აქ?” - როშკის ჰესზე, რომელსაც მზია ახსენებს, “მთის ამბები” 2022 წელს წერდა, რომ კრიპტოვალუტის “ფერმებს” ამარაგებს.

ბოლო წლებში როშკისწყალზე 4 მცირე ჰესი გაშენდა - ადგილობრივებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი გამომუშავებული ელექტროენერგია ყოფას შეუმსუბუქებდათ. დღეს სოფელ როშკას, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, მართლაც აქვს დენი. ღულს, სადაც მხოლოდ ერთი ოჯახია დარჩენილი, არა.

“ჩვენი ფულით ვაპირებდით ტრანსფორმატორის ყიდვას და ხეებზე დენის ამოჭიმვას. გვითხრეს, რატომ უნდა იწვალოთ ეგრე, ჩვენს საარჩევნო პროგრამაში გვეწერა, რომ ყველა სოფელს დენი უნდა ჰქონდესო და დაგვტოვეს ასე. საარჩევნო პროგრამაში თუ ეწერათ, რატომ არ გვიკეთებენ, რამდენი ხანი შეიძლება ვიყოთ ასე. ვისთან უნდა მოვითხოვოთ ან სამართალი, ან კანონი, ეგეც არ ვიცით. მე არცერთი პარტიის მომხრე არ ვარ, ჩემ ძროხებს არცერთი პარტია არ მომიწველის, მაგრამ იმ ძველი ხელისუფლების დროს მზის პანელები მაინც დაგვიმაგრეს სახლებზე, ახლა ისინიც დაძველებულია და მაგასაც ვეღარ ვიყენებთ”, - ჩივის მზია.

12 წლის წინ დაყენებული მზის ელემენტები მხოლოდ ტელეფონის დასატენად ჰყოფნის. ამბობს, რომ “როგორც ბავშვი ნატრობს სათამაშოს, ეგრე ნატრობს სარეცხ მანქანას”, რომელიც მძიმე შრომას და ცივ წყალში სარეცხის რეცხვას ააცილებდა თავიდან.

სოფელი ღული
სოფელი ღული

პროექტი “სინათლე ყველა სოფელს” 2013 წელს დაიწყო და 2015 წელს უნდა დასრულებულიყო. ამ პროექტის დაწყების საჭიროება იმხანად ელექტროენერგიის გარეშე მცხოვრები 28 სოფელი იყო.

“ჩვენს ხალხს არ ჩვევია, ვინმეს კარზე მივიდეს და ითხოვოს. რაც შეგვიძლია, ჩვენით ვაკეთებთ. ახლაც არც ფულს ვითხოვთ, არც პურს, ჩვენ თავს ჩვენ თვითონ მივხედავთ, რაც მაგათ ევალებათ, ის გაგვიკეთონ მხოლოდ, დენი მაინც გამოგვიყვანონ”, - გვპასუხობს მზია, როცა ვეკითხებით, როგორ მოხდა, რომ ათწლეულების განმავლობაში სოფლები ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობდნენ და ამ დრომდე არავის გაუგია მათი პრობლემების შესახებ.

ის ამბობს, რომ ხელისუფლებას საერთოდ არ ესმის, რა სჭირდება მთაში მარტო მყოფ ადამიანს. მაგალითად, წლების წინ, როცა ადგილობრივ ხელისუფლებას უთხრეს, “სოფლის პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილ ფულს სახლების სახურავების გამოსაცვლელად დავხარჯავთ და დანგრევისგან დავიცავთ ჯერ კიდევ საცხოვრებლად გამოსადეგ შენობებსო, უთხრეს, სჯობს გზა გაწმინდოთო. ყოველ წელს გზის გასაწმენდად ტრაქტორის დაქირავების ნაცვლად მოინდომეს, ისეთი ტრაქტორი ეყიდა სოფელს, რომლითაც გზასაც გაწმენდნენ და მიწასაც დაამუშავებდნენ, ამაზე უთხრეს, რომ შეუძლებელი იყო.

“იმათ რა იციან, მე რა მჭირდება? ასეთი რამე გაგიგონიათ, საჩუქარს გჩუქნიდნენ და გეუბნებოდნენ ასე არ გამოიყენო, მე როგორც მინდა, ისე გამოიყენეო?” - კითხულობს მზია.

ამ დრომდე ხევსურეთში ელექტროენერგიის გარეშე მცხოვრები ადამიანების პრობლემას სახელმწიფო უწყებებიდან საჯარო განცხადებით მხოლოდ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. 27 ივლისს გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ:

  • საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა სამინისტროს დავალებით განაახლა ე.წ. უშუქო დასახლებებზე ინფორმაცია.
  • ენერგეტიკის ფონდის სპეციალისტები დონორებთან და საჯარო უწყებებთან ერთად მუშაობენ “არსებული ვითარების მოსაგვარებლად”.
  • დონორებთან მუშაობის მიზანია თითოეული უშუქო სოფლისთვის ინდივიდუალური პროექტის მომზადება, იქნება ეს მზის პანელის მონტაჟი, მცირე სიმძლავრის სადგურების მშენებლობა და სხვ.
  • პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან გაიმართება.

დაპირება მზის პანელების მონტაჟის შესახებ უშუქო სოფლებში მცხოვრებლებს ამ დრომდეც არაერთხელ მოუსმენიათ და გუბერნატორის განცხადება მათ გეგმებს არ ცვლის. გზა, რომელსაც 1 აგვისტოს გადაკეტავენ, ერთმანეთს აკავშირებს პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს და საბოლოოდ შატილსა და მუცოში ადის. ზაფხულის განმავლობაში ეს გზა განსაკუთრებით აქტიურია ტურისტებისთვის.

XS
SM
MD
LG