Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წლევანდელი წლის მთავარი ეკონომიკური ამბები


2023 წლის ეკონომიკური მოვლენების ფოტოილუსტრაცია
2023 წლის ეკონომიკური მოვლენების ფოტოილუსტრაცია

ამ სტატიაში გიყვებით წლის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებზე.

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, რუსეთ-უკრაინის ომისგან საქართველომ, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებმა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მიიღო. რუსეთიდან გამოქცეულებმა ქვეყანაში კაპიტალი ჩამოიტანეს, რეკორდულად გაიზარდა ფულადი გზავნილებიც. გარდა ამისა, ტურიზმისგან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა, ასევე რეკორდული იყო ექსპორტისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელიც. ომის გავლენა 2023 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა. ამ სტატიაში გაგახსენებთ გასული წლის მთავარ უარყოფით და დადებით ეკონომიკურ ამბებს.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები განახლდა. ამას წინ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანება უძღოდა, რომელმაც ფრენების ცალმხრივად აკრძალული გადაწყვეტილება გააუქმა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანიაზე ფრენის ნებართვა მალევე გასცა. რუსულმა Azimuth Airlines-მა მოსკოვი-თბილისის ხაზზე პირველი რეისი 19 მაისს შეასრულა. 2024 წლისთვის რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან ფრენების უფლება გაცემულია ორ რუსულ ავიაკომპანიაზე, რომლებიც კვირაში 46 რეისს ასრულებენ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში. რუსეთში ფრენები აღადგინა ქართულმა “ჯორჯიან ეარვეისმაც”.

პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ევროკავშირის მხრიდან დემარში მოჰყვა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციას რუსეთი იზოლაციაში მოაქციოს. საქართველოს მთავრობა, რომელიც ფრენის აღდგენას რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური კავშირების ჭრილში ხედავს, ამტკიცებს, რომ ფრენის ნებას მხოლოდ არასანქცირებულ ავიაკომპანიებზე გასცემს.

ფარცხალაძის სანქცირება და კრიზისი ეროვნულ ბანკში

ეროვნულ ბანკში კრიზისი აშშ-ის გადაწყვეტილებას მოჰყვა, სანქციები დაეწესებინა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორისა და ბიზნესმენ ოთარ ფარცხალაძისთვის. „ქართველი-რუსი ოლიგარქი“ - ასე მოიხსენია სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირების შესახებ დოკუმენტში ოთარ ფარცხალაძე.

სანქცირების მომენტიდან ქვეყნის საბანკო სექტორი საერთაშორისო საფინანსო სანქციებს დაემორჩილა.

ეროვნულმა ბანკმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ეს ასეც უნდა იყოს და ზოგადი მითითება ყველა სანქცირებულ პირზე ვრცელდება. მაგრამ იმავე საღამოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ სებ-ის ამ გადაწყვეტილებას „არაკონსტიტუციური“ უწოდა - ფარცხალაძეს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ქვეყნის კონსტიტუცია და უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავსო.

კობახიძის განცხადების კვალდაკვალ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საკუთარ ბრძანებაში ცვლილება შეიტანა და ბანკებს საქართველოს მოქალაქეზე სანქციების გავრცელების ვალდებულება მოუხსნა - იმ შემთხვევაში, როცა სანქცირებულის ბრალი ქვეყნის სასამართლო სისტემაში დამტკიცებული არ ექნებოდათ. ეს ნიშნავდა, რომ ფარცხალაძეზე სანქციები არ გავრცელდებოდა.

თურნავას ბრძანების გამო ერთმანეთის მიყოლებით გადადგა ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი, რამაც ბანკის საბჭო, რომელიც მმართველი და საზედამხედველო ორგანოა, კრიზისის წინაშე დააყენა. საბოლოოდ, გაურკვეველი დარჩა, გაიტანა თუ არა ფარცხალაძემ რომელიმე ქართული ბანკიდან რაიმე თანხა, კომერციულმა ბანკებმა ეს ინფორმაცია არ გასცეს.

რეკორდული სავალუტო რეზერვი

წელს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა ისტორიულ მაჩვენებელს მიაღწია. ნოემბერში ქვეყნის რეზერვმა 5.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ქვეყნები რეზერვებს აგროვებენ, რათა შეუფერხებლად გადაიხადონ საგარეო ვალი, ეკონომიკური კრიზისის თუ სხვა შოკების შემთხვევაში, რეზერვები იცავს სახელმწიფოს ეკონომიკას. ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ინახავს უცხოურ ვალუტაში, რომელიც ეროვნული ბანკის თანახმად, განთავსებულია მხოლოდ მაღალი რეიტინგის მქონე სახელმწიფო და მულტინაციონალურ ფასიან ქაღალდებსა და დეპოზიტებზე.

რეზერვების დიდი რაოდენოთ შესყიდვაში ექსპერტები რისკებსაც ხედავენ, რაც უმთავრესად ბაზარზე დოლარის ყიდვას და ლარის რაოდენობის ზრდას უკავშირდება, რამაც თავის მხრივ შესაძლოა ინფლაციას შეუწყოს ხელი.

ლარში გაცემული სესხები გაიაფდა

2023 წლიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი 11-დან 9.5%-მდე შეამცირა. ცენტრალურმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ 2024 წელს კვლავ დაბალ ინფლაციას ელოდება. რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ის იცვლება, რომ ბანკები ლარში გაცემულ სესხებსაც აიაფებენ.

რუსეთიდან ფულადი გზავნილები მცირდება

2022 წელს საქართველომ რეკორდული რაოდენობის ფული - 4.4 მილიარდი დოლარი მიიღო უცხოეთიდან. ამ თანხის თითქმის ნახევარი რუსეთზე მოდიოდა.

რუსეთიდან გზავნილების ზრდა 2023 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა, თუმცა მაისიდან კლება დაიწყო და ოქტომბერში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 80%-ით შემცირდა, 76%-ით შემცირდა რუსეთიდან გზავნილები ნოემბერშიც. 11 თვის მონაცემებით ჯამში რუსეთიდან 1.4 მილიარდ დოლარზე მეტი გადმოირიცხა და თუ ამას 2022 წლის იმავე პერიოდს შევადარებთ, ვნახავთ, რომ გადმორიცხვები დაახლოებით 76 მლნ დოლარით არის შემცირებული.

რუსულ გაზზე დამოკიდებულება გაიზარდა

გაზი ყველაზე ფართოდ მოხმარებული ენერგიაა ქვეყანაში. საქართველო თითქმის სრულად იმპორტირებულ გაზს მოიხმარს, რადგან ადგილობრივი წარმოება უმნიშვნელოა. 2022 წელს ადგილობრივად მოპოვებული გაზის წილი მთლიან მოხმარებაში 1%-ც არ იყო. ქვეყანას გაზის ორი მიმწოდებელი ჰყავს: რუსეთი და აზერბაიჯანი.

2022 წელს მოხმარებული გაზის 80%-ზე მეტი აზერბაიჯანზე მოდიოდა, თუმცა წელს, დიდი ალბათობით, მდგომარეობა შეიცვლება, რადგან გაიზარდა გაზის იმპორტი რუსეთიდან. 2023 წლის 11 თვეში რუსეთიდან გაზის იმპორტში ქვეყანამ თითქმის 91 მლნ დოლარი გადაიხადა - 64%-ით მეტი შარშანდელთან შედარებით.

ინფლაცია შემცირდა

2023 წელს სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი, იგივე ინფლაცია შემცირდა. მარტივად რომ ვთქვათ, პროდუქტი და მომსახურება ისე არ გაძვირდა, როგორც 2022 წელს. 2022-ში ფასების ორნიშნა ზრდა იყო და წლიურმა საშუალო ინფლაციამ 11.9%-შეადგინა, 2023-ში კი 2.8%-ია (11 თვის მონაცემებით). საქსტატი სამომხმარებლო ფასების ინდექსს [ინფლაციას] სამომხმარებლო კალათის საფუძველზე ანგარიშობს, რომელიც ამ ეტაპზე 300-ზე მეტ პროდუქტსა და მომსახურებას აერთიანებს.

ქუთაისის აეროპორტმა რეკორდი მოხსნა

ისტორიულ მაჩვენებელს მიაღწია ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა რიცხვმა.

აეროპორტში Wizz air-მა წელს მეოთხე ხომალდი (ბაზირებული თვითმფრინავი) დაამატა და კოპენჰაგენის მიმართულებით დაიწყო ფრენა. 2023 წელს ავიაკომპანიამ საერთო ჯამში ექვსი ახალი მიმართულება დაამატა და იანვარ-ნოემბერში 1,3 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ქუთაისში ახალი ბაზის დამატებაში საქართველოს მთავრობა Wizz air-ს მომდევნო სამ წელში დაახლოებით 4 მლნ ევროს გადაუხდის. დეკემბერში ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ბიუჯეტური ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი დაემატა, რომელმაც სტამბოლის მიმართულებით დაიწყო ფრენა.

XS
SM
MD
LG