Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალოვანები ცხინვალის პარლამენტში - ე.წ. დეპუტატების დაშინების მცდელობა


ცხინვალი
ცხინვალი

„დეპუტატების შეშინება უნდათ. პარლამენტში ძალოვანები შეიყვანეს და ისინი წინასწარ დეპუტატების წინააღმდეგ განაწყვეს, კონკრეტულად იმათ წინააღმდეგ, ვისაც აინტერესებს, რა ხდება ჩვენთან და რატომაა ციხეში ასეთი განუკითხაობა“ - ეს კომენტარი ერთ-ერთმა ცხინვალელმა ფეისბუკმომხმარებელმა ადგილობრივი ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით სანაკოევის, პოსტის ქვეშ დატოვა. სანაკოევმა კი დე ფაქტო პარლამენტის 17 დეპუტატის ხელმოწერილი მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც პროტესტია გამოთქმული იმის გამო, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები შეეცადნენ პარლამენტის დეპუტატებს დაპირისპირებოდნენ. განცხადებაში წერია, რომ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მისული კამუფლირებულ ფორმაში გამოწყობილი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები დეპუტატებს კრიმინალური სამყაროს მფარველობაში ადანაშაულებდნენ და აგრესიულად იქცეოდნენ, იყო ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც. ამ ფაქტს დეპუტატთა ნაწილი გმობს და ხელისუფლებას პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

აგრესია სანაკოევის მიმართ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა დაიწყეს. ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ბარსაგ ძუცათიმ, სანაკოევს უპასუხა, რომ დაუმორჩილებლობის გამო კანონით ძალის გამოყენება შეეძლოთ...

ცხინვალის კოლონიაში 5 ივნისს განვითარებული მოვლენები კი ციხის კედლებს გასცდა. პატიმრების მიერ დაუმორჩილებლობის გამოცხადებას და თვითდაზიანებების მიყენებას კოლონიაში ომონის დანაყოფის გამოძახება მოჰყვა. დეპუტატების ხელთ არსებული ინფორმაციით, პატიმრებს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შემდეგ მოვლენებმა ქუჩაში გადაინაცვლა. პარასკევ ღამით დაუდგენელმა პირებმა დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის, ზალინა ლალიევას, სახლის ფანჯრები ჩალეწეს. სწორედ ვალიევას ადანაშაულებდნენ პატიმრების ნათესავები დაკავებულების მიმართ არადამიანურ მოპყრობაში. ოსური მედიის ცნობით, დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ ლალიევას სახლზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 4 პირი ცხელ კვალზე დააკავა და გამოძიება მიმდინარეობს. შაბათს კი, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატების მოთხოვნით, ციხის ინციდენტზე საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, ზალინა ვალიევა, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ ნანიევი, და გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი ესწრებოდნენ. სხდომაზე დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მივიდა. ამ დროს დარბაზში სამხედრო ფორმაში ჩაცმული სპეცდანიშნულების დანაყოფების წევრებიც შევიდნენ - დაახლოებით, ორასამდე კაცი „ომონის“, „სობრის“ და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურებიდან. განხილვის დროს ისინი არღვევდნენ რეგლამენტს, ადგილიდან ისროდნენ რეპლიკებს, იქცეოდნენ აგრესიულად და ცდილობდნენ დეპუტატების ნაწილი კრიმინალების მფარველობაში დაედანაშაულებინათ. ეს კადრები ცხინვალის ტელევიზიით გადაიცა და ვითარების დაძაბვა დავით სანაკოევის უწყინარ კითხვას მოჰყვა. მან იკითხა, რა საჭირო იყო ცხინვალის კოლონიაში სპეცდანიშნულების რაზმის გამოძახება, როცა ინციდენტის აღმოფხვრა ციხის ადმინისტრაციასაც შეეძლო.

აგრესია სანაკოევის მიმართ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა დაიწყეს. ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ბარსაგ ძუცათიმ, სანაკოევს უპასუხა, რომ დაუმორჩილებლობის გამო კანონით ძალის გამოყენება შეეძლოთ და ომონს ციხეში დასახმარებლად დაუძახეს.

ძალოვანები კიდევ უფრო გაამხნევა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის გამოსვლამ - მან დეპუტატები კრიმინალების მფარველობაში დაადანაშაულა. სანაკოევი პატიმრების უფლებებზე ლაპარაკობდა, ბიბილოვი კი მას ძალოვანთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებდა.

5 ივნისს ცხინვალის კოლონიაში რამდენიმე პატიმარმა თავი დაიზიანა. თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის, განცხადებით, ეს ციხის თანამშრომლების მიერ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ მოხდა...

საბოლოოდ, გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევისგან გაირკვა, რომ 5 ივნისის ინციდენტის დროს 25 პატიმარი დაშავდა. აქედან 6, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრეს, ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დეპუტატებმა პროკურორს ვიდეოჩანაწერების ჩვენება მოსთხოვეს, რაზეც თანხმობა მიიღეს, თუმცა გასული წლის ოქტომბერში მსგავსი მოთხოვნა პროკურატურამ არ გაითვალისწინა და 2 ოქტომბერს ციხეში მომხდარი კადრები არ გაასაჯაროვა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში მაინც გაჟონა ამ კადრებმა, სადაც ჩანს, მოშიმშილე პატიმრებს როგორ სცემენ „ომონის“ წარმომადგენლები. მაშინ დეპუტატების ნაწილმა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საიმპიჩმენტო პროცედურები დაიწყო, მაგრამ ბიბილოვმა ისინი გადაარჩინა იმით, რომ ხელმომწერი დეპუტატების ნაწილს მოთხოვნა შეაცვლევინა. პატიმრები მაშინაც და ახლაც ციხეში პირობების გაუმჯობესებას, გზავნილებისა და პაემნების რაოდენობის გაზრდას მოითხოვდნენ. კოლონიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ გამოძიება ისევ მიმდინარეობს.

ცხინვალის გამოსასწორებელი კოლონიის უფროსი, ოთარ მარგიევი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის მიმართ მიმდინარეობს სამსახურებრივი მოკვლევაო, განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ალან თადტაევმა. გარდა ამისა, „სასჯელის აღსრულების სამმართველოს თანამშრომელზე გენერალური პროკურატურის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე კამერაში ტელეფონისა და სხვა აკრძალული ნივთების შეტანის გამო“, - აღნიშნა თადტაევმა.

5 ივნისს ცხინვალის კოლონიაში რამდენიმე პატიმარმა თავი დაიზიანა. თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის, განცხადებით, ეს ციხის თანამშრომლების მიერ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ მოხდა. კერძოდ, ინციდენტი დროში დაემთხვა ფაქტს, როდესაც ერთ-ერთი პატიმრის საკნიდან 2 ტელეფონი ამოიღეს. ამის შემდეგ ციხეში დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწიეს. "ომონის" სპეცოპერაციისას ციხეში პატიმრები დაშავდნენ.

ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ შერყეული ავტორიტეტის გამო, დე ფაქტო პრეზიდენტი ახლა მხოლოდ ძალოვან უწყებებს ეყრდნობა და მათ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დასაშინებლად იყენებს, რაც დე ფაქტო პარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმაც ცხადყო. მათი აზრით, რესპუბლიკაში პოლიტიკური კრიზისი და ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამწვავება გარდაუვალია.

XS
SM
MD
LG