„დილიდან მოჰყავთ და მოჰყავთ საავადმყოფოში ვენებგადახსნილი პატიმრები. მე კი გაფრთხილებდით, რომ მათ სიკვდილით დასჯა და წამება არ ჰქონდათ მისჯილი... და, აი, თქვენ შედეგი მინისტრების, დეპუტატების, პროკურატურის და მოსამართლეების არაკომპეტენტურობის... ღმერთმა არ ქნას, რომ ვინმე მოკვდეს“, - ეს პოსტი სოციალურ ქსელ ფეისბუკში ცხინვალელმა უფლებადამცველმა ფატიმა მარგეონმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ცხინვალის ციხიდან დაზიანებული პატიმრების საავადმყოფოში გადაყვანა დაიწყეს.
„ცხინვალის კოლონიაში ოთხმა პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხმა ბრალდებულმა და მსჯავრდებულმა ვენები გადაიჭრა. დე ფაქტო სამინისტროს ცნობითვე, პატიმრებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
სააგენტო „რესს“ ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში უთხრეს, რომ საპატიმროდან გადაყვანილი მოქალაქეების მდგომარება სტაბილურად მძიმეა.
დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროს თანახმად, თვითმკვლელობის მცდელობა დღეს დილით მოხდა, წინა დღეს კი „საშტატო ოპერატიული ღონისძიებები“ ჩატარდა“, - ეს არის პირველი ინფორმაცია, რომელიც ცხინვალის ციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პარასკევს შუადღით გავრცელდა. მოგვიანებით კი დაზიანებული პატიმრების რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა. შემდეგ ითქვა, რომ საავადმყოფოში 6 დაზიანებული მიიყვანეს. დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო კი, დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში ინფორმაციას არ ავრცელებდა. ამ დროს ცხინვალელებმა საკუთარი წყაროებით დაიწყეს ინფორმაციის შეგროვება და სოციალური ქსელებით გავრცელება. რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალიდან გვატყობინებს, რომ დაპირისპირება პატიმრებსა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შორის ხუთშაბათს დაიწყო.
„ხუთშაბათს კოლონიის ადმინისტრაციამ დაიწყო საკნებში ჩხრეკა, ერთ-ერთ პატიმარს ტელეფონი უპოვეს და წართმევისას მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ იუსტიციამ ციხეში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანაყოფი გამოიძახა. რაც ვიცით, ისაა, რომ პატიმრებს სასტიკად სცემეს, როგორც კოლონიის მეზობელი ქუჩის მცხოვრებლები ჰყვებიან, ღამით ყვირილისა და ღრიალის ხმა ესმოდათ. არაოფიციალური ინფორმაციით, 50 კაცამდეა დაშავებული. პარასკევს კი ამ პატიმრებმა ბუნტი დაიწყეს და დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. რამდენიმემ ვენები გადაიჭრა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამის შემდეგ უკვე ხალხმაც გავიგეთ. პატიმრების ნათესავები ქუჩაში გამოვიდნენ და ინფორმაცია მოითხოვეს. ერთი ქალი ჰყვებოდა, რომ შვილი მაშინ დაინახა, როცა რეანიმაციაში შეჰყავდათ“, - ამბობს რადიო თავისუფლების წყარო, ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი.
მოგვიანებით ოსურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ციხეში მყოფი პატიმრების ნათესავები დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და ციხეში მომხდარი ინციდენტის გასარკვევად დეპუტატებთან შეხვედრა მოითხოვეს. ამ დროს დე ფაქტო იუსტიციის სამინისტრომ უკვე გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია მომხდარის შესახებ, მანამდე კი სოციალურ ქსელებში ტროლები აქტიურად წერდნენ იმის შესახებ, რომ ციხის ადმინისტრაცია და ძალოვანი უწყებები არაფერ შუაში არიან და პატიმრებმა ერთმანეთში ჩხუბის დროს მიიღეს დაზიანებები, თუმცა, საბოლოოდ, ინფორმაცია მაინც ვერ დაიმალა და დე ფაქტო იუსტიციამ საზოგადოებას მომხდარის შესახებ საკუთარი ვერსია შესთავაზა. ამ ვერსიაშიც იკვეთება, რომ ცხინვალის ციხეში ბუნტი იყო.
„ერთ-ერთი პატიმრისგან მობილური ტელეფონის ამოღებას წინააღმდეგობა მოჰყვა, მან კოლონიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. წესრიგისა და უსაფრთხოების დასამყარებლად საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები იქნა ჩართული. რამდენიმე პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა. გენპროკურატურა უკვე სწავლობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ მასალას. პარასკევს პატიმრებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და უარი თქვეს ბადრაგის მითითებების შესრულებაზე და თვითდაზიანება მიიყენეს წინამხრის არეში, რაც სიცოცხლისთვის საშიში არ არის“, - წერია დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თუმცა ამ განცხადებასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა ოსურ საზოგადოებაში და სოციალური ქსელების მომხმარებლები წერდნენ, რომ პატიმრები რეანიმაციაში იმყოფებოდნენ.
ოსური მედიის ცნობით, დე ფაქტო პარლამენტთან შეკრებილ პატიმრების ნათესავებს დღის ბოლოს დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი შეხვდა და განაცხადა, რომ პატიმრები არ უცემიათ. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება კრიმინალების მოთხოვნებით ვერ იმოქმედებს. მან პატიმრების ნათესავებს ციხეში შექმნილი მდგომარეობა გააცნო:
„ამბობენ, რომ დაკავებულებმა ვენები გადაიხსნეს, მაგრამ ასე არ ყოფილა, მათ კანი გაიჭრეს და ამას ამბობს მკურნალი ექიმი. ყველაფერი კი პატიმარ ყულუმბეგოვთან კონფლიქტით დაიწყო, როცა მას ორი მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს. ფართო საზოგადოება მალე გაიგებს, რა იყო ამ ტელეფონებში, ყველაფერს გამოვაქვეყნებთ. ტელეფონები ციხის თანამშრომლის დახმარებით იქ უკანონოდ მოხვდა და ეს თანამშრომელიც უკვე გამოაშკარავებულია. არავის არავინ უცემია და ყულუმბეგოვი უკვე კარცერშია. მასზე სისხლის სამართლის საქმე ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზეა აღძრული“.
ანატოლი ბიბილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ციხეში არის კანონი და მას ყველა უნდა დაემორჩილოს.
„პარასკევს მათ უარი თქვეს კამერებიდან სავალდებულო
გამოსვლაზე. ფიზიკური ძალის გამოყენებით და არა ცემით ისინი გამოიყვანეს. მათ დაიწყეს გინება და ერთმანეთში მოწოდება, რომ ვენები გადაეხსნათ, მაგრამ მხოლოდ კანი გაიჭრეს, არავის უნდოდა თვითმკვლელობა და ეს მხოლოდ აჟიოტაჟისთვის გააკეთეს“, - განაცხადა ბიბილოვმა.
პატიმრების ნათესავები ბიბილოვის ამ განცხადებამ საერთოდ ვერ დაამშვიდა, რადგან კარგად ახსოვთ, რას ნიშნავს ციხეში სპეცდანიშნულების რაზმის შესვლა. გასული წლის სექტემბრის ბოლოს მოშიმშილე პატიმრებს ჯერ ძალით აჭამეს და შემდეგ სასტიკად სცემეს. ბიბილოვის ხელისუფლება მაშინაც უარყოფდა ძალადობას, მაგრამ სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ყველაფერი ცხადად ჩანდა. ამის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის, ზალინა ლალიევას, და შსს მინისტრის, იგორ ნანიევის, იმპიჩმენტის საკითხს განიხილავდა, თუმცა ბიბილოვის ჩარევის შემდეგ ისინი გადაყენებას გადაურჩნენ. ლალიევამ კი „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტს ცილისწამებისთვის უჩივლა და ეს საქმე ახლაც განხილვის პროცესშია. სექტემბერში ცხინვალის ციხის პატიმრებმა შიმშილობა ამანათების შეგზავნისა და პაემნების აკრძალვის გამო დაიწყეს. ოსი უფლებადამცველი ფატიმა მარგეონი მაშინ წერდა:
„შიმშილობის მიზეზი ამანათების გადაცემის ნორმების შეცვლაა. თუკი ადრე ყოველდღე, დილიდან ოთხ საათამდე, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ამანათის შეგზავნა, ახლებური, რუსული ნორმებით, რომელიც ჩვენთანაც გადმოიღეს, ამანათის შეგზავნა ორ თვეში ერთხელ შეიძლება მათთვის, ვინც ციხეშია, და თვეში ერთხელ მათთვის, ვინც საგამოძიებო იზოლატორშია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ციხეში არ არის პატიმრების გამოკვების საშუალება, იქ არსებული საკვებით არსებობა შეუძლებელია და პატიმრებს თავი იმით გაჰქონდათ, რომ პატიმრების მშობლები ან ნათესავები ახერხებდნენ რაღაცის მიტანას ყოველდღიურად. ახალი ნორმის ამოქმედების პირობებში ადამიანები შიმშილობენ. მათ გადაწყვიტეს რაღაც სახით პროტესტის გამოხატვა, რომ ადრინდელი ნორმები დააბრუნონ. არ არის იმის გაგება, რომ ჩვენს ციხეში ისედაც მკაცრი პირობებია. ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულისთვის სხვადასხვა ვადით იხდიან სასჯელს, იქ ერთნაირად მძიმე პირობებში იმყოფებიან - ფაქტობრივად, განსაკუთრებული რეჟიმის ზონაში“.
ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში თვეზე მეტხანს იყო, სასამართლოს შემდეგ კი ციხეში გადაიყვანეს. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის აცხადებს, პირველად, როცა წინასწარი დაკავების იზოლატორში მიიყვანეს, იქ მძიმე პირობები იყო და ნაცემი პატიმრებიც ნახა, რომლებიც იმ დროს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით იყვნენ დაკავებული და ფიზიკური შეურაცხყოფა საოკუპაციო ძალებმა მიაყენეს. ციხეში კი მასთან პური, კვერცხი და წიწიბურა მიჰქონდათ, თუმცა ის ციხის საჭმელს არ ჭამდა და ძირითადად ამანათებზე იყო დამოკიდებული. გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ცხინვალის ციხის კორპუსი ახალი გარემონტებული იყო და იქ შედარებით ნორმალურ პირობებში იყვნენ, თუმცა პატიმრებისგან უკმაყოფილება მასაც ესმოდა.
დიდი ხანია, ცხინვალელი უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები ადგილობრივ ციხეში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ, ამ ყველაფერს კი პატიმრების მიმართ ძალოვანი უწყებების სისასტიკეც ემატება.