Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილი გაახსენდათ - ექსპერტიზის დასკვნით აღშფოთებული ოჯახი


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილი და მისი საქმე გუშინ კიდევ ერთხელ გაახსენდათ. ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში წამებით მოკლული ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზად მაშინ როსტოვში ჩატარებულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ გულის შეტევა დაასახელა. რუსეთიდან ცხინვალში კიდევ ერთი ექსპერტიზის პასუხი 17 ნოემბერს მოვიდა - ამჯერად ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმეზე. გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკული აბსტინენტური სინდრომის (ე. წ. ნარკოტიკული „ლომკა“) ფონზე ისევ გულის შეტევაა დასახელებული. ამ ამბის შესახებ პირველი ინფორმაცია და ექსპერტიზის დასკვნის სქრინები ჩრდილოოსურმა გამოცემა „ოსნოვამ“ გამოაქვეყნა. სოციალურ ქსელში ამ მასალას დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც გამოეხმაურა და მას ყალბი ინფორმაცია უწოდა, თუმცა ექსპერტიზის მასალები გადაეცა როგორც დაღუპულის ოჯახს და მის ადვოკატებს, ასევე დე ფაქტო პროკურატურას.

ამ მასალაში კი შემდეგი წერია:

„საექსპერტო კომისია მიიჩნევს, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი დადგა გულის მოულოდნელი შეტევით, აბსტინენტური სინდრომის (ნარკოტიკული საშუალების აღკვეთა) ფონზე. დადგენილი სისხლდენები ღვიძლიდან, მკერდის რბილი ქსოვილებიდან, ზემო ტუჩის ჭრილობებიდან, მრავალი სისხლჩაქცევიდან, როგორც ცალკე, ისე ერთად აღებული, ვერ იქნებოდა მისი სიკვდილის მიზეზი“.

მედიით გამოქვეყნებული დოკუმენტების ნამდვილობა უკვე დაადასტურა გარდაცვლილის მეუღლემ და ადვოკატმა. პროექტ „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ინალ ჯაბიევის ცოლი, აქსანა ჯაბიევა, აცხადებს, რომ არ ენდობა ექსპერტიზის დასკვნას:

ნარკოტიკული პრეპარატის აკრძალვის გამო გულის შეტევით გამოწვეული სიკვდილი არ ამსუბუქებს იმ სამართალდამცავების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ინალ ჯაბიევის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებაში...
ალან ბესტაუთი

„17 რიცხვში ჩვენ გვაჩვენეს ექსერტიზის პასუხები. ყველანი შოკში ვართ. ჩათვალეთ, რომ მეორედ დავმარხეთ ინალი,- აი, ასეთი რეაქცია გვქონდა. ყველაფერი ტყუილია, რომ თითქოს ინალს ნარკოტიკული ნივთიერების შეწყვეტის გამო გულმა დაარტყა. ყველა ყველაფერს ხედავს ექსპერტიზის გარეშეც და ყველას ესმის, რისგან დაიღუპა ინალი. იქ არის კიდევ ერთი აბზაცი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ სიკვდილი დადგა ვერტიკალურ მდგომარეობაში. ესე იგი ინალი ორივე ხელით ჩამოკიდებული იყო და მაჯებზე ხელბორკილები ეკეთა. მე ვამბობდი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: კიდეც რომ ყოფილიყო (თუმცა კატეგორიულად არ ვეთანხმები იმას, რაც ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ თითქოს ნარკოტიკული საშუალების აკრძალვის გამო იყო) ამ მდგომარეობაში, ესე იგი, თუ მას „ლომკა“ ჰქონდა და ცუდად გრძნობდა თავს, რატომ ჩამოკიდეს და ურტყამდნენ? დადგენილია, რომ სიკვდილის დღეს მიღებული აქვს ოთხი დაზიანება და ასევე დადგენილია, რომ სიკვდილის შემდეგ ცხვირი აქვს გატეხილი“.

აქსანა ჯაბიევა აცხადებს, რომ მიმდინარე გამოძიების ფონზე წინასწარ ხვდებოდა, როგორი იქნებოდა ექსპერტიზის პასუხი:

„წინასწარ ვხვდებოდით, რომ ასეთ პასუხს დადებდნენ. ადამიანები, მოქალაქეები, რომლებიც სამართალდამცავების ხელით კვდებიან, რომლებსაც სცემენ, მათ შემდეგ წარმოაჩენენ როგორც ნარკომანებს, რომლებსაც „ლომკა“ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აქვთ და უნდათ, რომ ხალხმა ეს დაიჯეროს. მე არ ვიცი, ხალხი რას იფიქრებს, მაგრამ მე ამას არასოდეს დავიჯერებ. ყველა, ვინც მას იცნობდა, ვინც მის გარემოცვაში იყო, ყველა ჩვენი ნათესავი, მეზობლები - არავინ დაიჯერებს, რომ ინალი ნარკომანი იყო, არავინ!“

ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმეზე იმდენად დიდია საზოგადოებრივი პროტესტი, რომ სოციალურ ქსელში ამ საქმის დეტალების განხილვა მიმდინარეობს. ამ რეზონანსული საქმის შესახებ დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. საქმის გამომძიებელი ალან ბესტაუთი ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს:

ტატუნაშვილი კიდევ ერთხელ გაგვახსენდა და ახლა ამ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ უფრო ცხადი ხდება, როგორ იკერება საქმეები და როგორ ცდილობენ ე. წ. მუნდირის დაცვას და საკუთარი თანამშრომლების გადარჩენას სისტემაში...

„ნარკოტიკული პრეპარატის აკრძალვის გამო გულის შეტევით გამოწვეული სიკვდილი არ ამსუბუქებს იმ სამართალდამცავების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ინალ ჯაბიევის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებაში. ყველა პირი, რომელიც ამჟამად დაკავებულია, ექსპერტიზის პასუხის შემდეგ კიდევ ერთხელ დეტალურად იქნება დაკითხული. მათ ბრალს საბოლოო რედაქციით წაუყენებენ და მომზადდება მასალები სასამართლოში გადასაგზავნად“.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ ადგილობრივი საზოგადოების პროგრესულ ნაწილს აღარც სამართალდამცავების ნდობა აქვთ და აღარც სამედიცინო ექსპერტიზის. ცხინვალში კი კიდევ ერთხელ გაახსენდათ არჩილ ტატუნაშვილი და მისი საქმე. ჩვენი წყაროს აზრით, ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე შიდა გამოძიება რომ დაწყებულიყო და ვინმე დასჯილოყო, შეიძლება აღარც ინალ ჯაბიევი მომკვდარიყო.

„ტატუნაშვილი კიდევ ერთხელ გაგვახსენდა და ახლა ამ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ უფრო ცხადი ხდება, როგორ იკერება საქმეები და როგორ ცდილობენ ე. წ. მუნდირის დაცვას და საკუთარი თანამშრომლების გადარჩენას სისტემაში. წამება სასტიკად უნდა ისჯებოდეს, მაგრამ ტატუნაშვილზეც ექსპერტიზამ გულის შეტევა დაასახელა და ახლა ინალიც ვითომ ნარკომანი იყო და „ლომკის“ გამო გულის შეტევით მოკვდა. ეს ხომ გარდაცვლილის და მისი ოჯახის მიმართ ცინიზმი და შეურაცხყოფაა. იქნებ სიკვდილამდე ან მის შემდეგ გაუკეთეს ნარკოტიკი? ამას დაადგენს გამოძიება? არ გვაქვს ამ გამოძიების ნდობა. აქ პატარა საზოგადოება ვართ და ყველამ ვიცით, ვინ როგორ ცხოვრობს. ამ ბიჭის ნარკომანობა არავის გაუგია, მაგრამ ბიბილოვი იმ ხალხს უგზავნის მესიჯს, ვინც სექტემბერში საპროტესტო აქციაზე ქუჩაში გამოვიდა და მკვლელების დასჯა მოითხოვა. ამ მესიჯის შინაარსი კი ასეთია: „თქვენ, რა, ნარკომანს იცავთ?“ - მაგრამ არავის აქვს უფლება, თუნდაც ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ცემით და წამებით მოკლას და, იმედია, ამას იაზრებს ჩვენი საზოგადოება. ახლა მაქსიმალურად ეცდებიან, დაკავებულ მილიციელებს ბრალი შეუმსუბუქონ, მაგრამ დაღუპულის ოჯახი და მისი ადვოკატები უკან დახევას არ აპირებენ“, - გვეუბნება ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი, რომლის ვინაობას მისივე უსაფრთხოების დასაცავად არ ვასახელებთ.

30 წლის ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინალ ჯაბიევი მილიციელებმა აწამეს და სცემეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას და სოციალური ქსელებით ფოტოების გავრცელებას ცხინვალში მასობრივი მღელვარება და საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა, ე.წ. მთავრობა დაეთხოვა. მიუხედავად ამისა, 28 აგვისტოს შემდეგ ცხინვალში არ წყდებოდა საპროტესტო გამოსვლები თავად ბიბილოვისა და დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გადადგომის მოთხოვნით. მესამე თვეა, დე ფაქტო პარლამენტის უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.

XS
SM
MD
LG