„რა არის ეს? წყეულიმც იყავით!!! ყველა სასამართლოს წინაშე!!! მოვითხოვ ღია განხილვას!“ - სოციალურ ქსელში გავრცელებული ამ პოსტის ქვეშ ცხინვალელი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ცემით მოკლული ახალგაზრდის, ინალ ჯაბიევის, ფოტოებს ავრცელებს. ალბოროვა პარლამენტის დეპუტატებისგან მოითხოვს, სასწრაფოდ შექმნან საგამოძიებო კომისია და ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ.
ფოტოებს არაერთი ცხინვალელი აქტივისტი ავრცელებს. მათი თქმით, ეს ფოტოები პროზექტურაშია გადაღებული. ფოტოზე გამოსახულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სისხლჩაქცევები აქვს ფეხების, ხელებისა და ზურგის არეში. ადგილობრივი აქტივისტები ამტკიცებენ, რომ ჯაბიევი პოლიციელებმა ცემით მოკლეს.
რადიო თავისუფლება ცხინვალში ერთ-ერთ სამოქალაქო აქტივისტს დაუკავშირდა, რომელმაც ინალ ჯაბიევის საქმის დეტალები გვიამბო. წყაროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მის ვინაობას არ ვასახელებთ.
„ინალი ცხინვალელი ბიჭია. მას ქალაქში ბევრი იცნობს. ის ცოტა ხნის წინ დააკავეს პოლიციელებმა და ბრალს სდებდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე შეიარაღებულ თავდასხმაში. ჯაბიევი ბრალს არ აღიარებდა და, როგორც ჩანს, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ფოტოები ვრცელდება და სასტიკადაა ნაცემი. მე როგორც ვიცი, პროზექტურიდან გვამს ახლობლებს არ აძლევენ და ამან ვითარება ძალიან დაძაბა. ამბობენ, ექსპერტიზაა საჭირო გარდაცვალების მიზეზების დასადგენადო, მაგრამ ნაცემი რომ არის, ეს უკვე აშკარაა. საავადმყოფო ომონის მიერ ალყაშია მოქცეული, დაღუპულის ნათესავები და მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. როგორც ვიცი, დაღუპულის ძმაც დააკავეს. ხალხი და დეპუტატები მთავრობის სახლთან მივიდნენ. ყვირიან, გადადექი, გადადექიო. ყველა ძალიან გაბრაზებულები ვართ“.
აქტივისტების განგაშს დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებიც გამოეხმაურნენ. აი, რას წერს ერთ- ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ზიტა ბესაევა, სოციალურ ქსელ ფეისბუკში:
„რას სჩადიხართ! როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში საკუთარი მოქალაქეების ასეთი მკვლელობა. როდის შეწყდება ადამიანების ეს დამცირება. ადამიანები არ არიან მონები და ცხოველები. ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც არ არის კანონი, წესრიგი და ნდობა სამართალდამცავების მიმართ. თქვენ ყველა ზღვარს გადახვედით, ამას არა აქვს გამართლება. როგორც დეპუტატი, მოვითხოვ, რომ ყველა დაისაჯოს, ყველა, ვინც მფარველობს უკანონობას. მე, როგორც დედა, როგორც მოქალაქე საკუთარი ქვეყნისა და როგორც დეპუტატი, არ შევურიგდები ასეთ განუკითხაობას და უკანონობას“.
ოსური მედიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სასწრაფოდ მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია და შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი დაკავებული თანამდებობიდან გამოძიების დასრულებამდე გაათავისუფლა. ბიბილოვმა განაცხადა, რომ ყველა დაისჯება, ვინც დამნაშავეა ჯაბიევის მკვლელობის საქმეში.
საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, სხდომის შემდეგ ბიბილოვი ცხინვალის მთავარ მოედანზე შეკრებილებთან გავიდა და მომიტინგეებს უთხრა, რომ მინისტრი ნანიევი უკვე გადააყენა თანამდებობიდან, თუმცა იქ შეკრებილები მთელი მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები კი რიგგარეშე სხდომის ჩატარებისა და მთელი მთავრობის გადაყენების ინიციატივით გამოდიან.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე შეიარაღებული თავდასხმა 17 აგვისტოს მოხდა. მის მანქანას ცეცხლი ქალაქის გარეუბანში გაუხსნეს. დაზიანდა მანქანა. მას შემდეგ ცხინვალში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. ამ ღონისძიებების ფარგლებში იყო დაკავებული ინალ ჯაბიევი. მინისტრზე თავდასხმის შემდეგ ცხინვალელებს ციხის სკანდალები გაახსენდათ.
ცხინვალის კოლონიაში 5 ივნისს განვითარებული მოვლენები კი ციხის კედლებს გასცდა. პატიმრების მიერ დაუმორჩილებლობის გამოცხადებას და თვითდაზიანებების მიყენებას კოლონიაში ომონის დანაყოფის გამოძახება მოჰყვა. დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატების ხელთ არსებული ინფორმაციით, პატიმრებს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შემდეგ მოვლენებმა ქუჩაში გადაინაცვლა. მეორე ღამით, დაუდგენელმა პირებმა დე ფაქტო იუსტიციის მინისტრ ზალინა ლალიევას სახლის ფანჯრები ჩალეწეს. სწორედ ლალიევას და ნანიევს ადანაშაულებდნენ პატიმრების ნათესავები დაკავებულების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში.
დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები ნანიევისა და ლალიევას გადადგომას გასული წლის სექტემბერშიც ითხოვდნენ. კოლონიაში შესულმა ომონის სპეცრაზმელებმა მოშიმშილე პატიმრებს ჯერ ძალით აჭამეს და შემდეგ სასტიკად სცემეს. ბიბილოვის ხელისუფლება მაშინაც უარყოფდა ძალადობას, მაგრამ სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ყველაფერი ცხადად ჩანდა. ამის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის, ზალინა ლალიევას, და შსს მინისტრის, იგორ ნანიევის, იმპიჩმენტის საკითხს განიხილავდა, თუმცა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის ჩარევის შემდეგ ისინი გადაყენებას გადაურჩნენ. სექტემბერში ცხინვალის ციხის პატიმრებმა შიმშილობა ამანათების შეგზავნისა და პაემნების აკრძალვის გამო დაიწყეს.
ცხინვალში ახლაც გრძელდება ვნებათაღელვა, ქალაქის მთავარ მოედანზე გამოსული მოქალაქეები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ, სამოქალაქო აქტივისტები კი, დიდი ხანია, ღიად ლაპარაკობენ ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა თავგასულობასა და მათ მიერ მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე.