Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ცდომილება ყოველთვის შეიძლება იყოს“, - ამბობს კახელი ექიმი, რომელსაც COVID-19 არ დაუდასტურდა


ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმს, რომელსაც „ლუგარის ლაბორატორიაში“ 2 მაისს ჩატარებული PCR ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა, ამავე ლაბორატორიაში განმეორებით, ორჯერ გაკეთებული PCR ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა. შესაბამისად, ექიმი ქალი კოვიდინფიცირებული არ არის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი, ამბობს, რომ ექიმს დამატებითი, ჩაღრმავებული კვლევა ჩაუტარდება, რათა გაირკვეს, რა ტიპის ვირუსი აქვს. ნელი ხიზანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ლუგარის ლაბორატორია“ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაა აღიარებული და მის კომპეტენციაში ეჭვის შეტანა გამორიცხულია, თუმცა დასადგენია პირველ და მომდევნო ტესტირებებს შორის სხვაობის მიზეზი.

„ლუგარში განმეორებითი კვლევის შედეგი არის უარყოფითი. ანუ პირველის შემდეგ ორჯერ იქნა უარყოფითი შედეგი მიღებული. ამ (ლუგარის) ლაბორატორიის კომპეტენტურობაში ეჭვის შეტანა, უბრალოდ, არ შეიძლება, მაგრამ არსებობს და ხდება ისეთი რაღაცები მედიცინაში, როდესაც ორჯერ ორი ყოველთვის ოთხი არ არის. შეიძლება იყოს აქ რაღაც მიზეზები და გვინდა, რომ საზოგადოებას არ დარჩეს კითხვის ნიშნები. ახლა გადაწყვიტეს, რომ ტესტი ჩატარდეს არა მხოლოდ ახალ კოვიდზე, არამედ სხვა კორონავირუსებზე და ასევე კიდევ სხვა ვირუსებზე - ადგილი ხომ არ ჰქონდა რაიმე ჯვარედინ რეაქციას. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ჩაღრმავებითი კვლევები, თუმცა ქალის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“.

ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმი 2 მაისიდან თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში, იმყოფება. რადიო თავისუფლებამ მოახერხა მასთან დაკავშირება და მცირე კომენტარის ჩაწერა. ექიმი გვეუბნება, რომ ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს ცდომილება და მისი კორონავირუსზე ტესტირების შემთხვევაშიც ასე მოხდა. ამბობს, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არც მაშინ ჰქონია, როცა პირველადმა ტესტმა დადებითი აჩვენა და ახლაც თავს კარგად გრძნობს. ექიმი ამბობს, რომ დღეს საღამოს ეტყვიან, თუ როდის დატოვებს თბილისის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას, სადაც 2 მაისიდან იმყოფება. შეკითხვაზე, პირველი დადებითი პასუხის შემდეგ დაიწყეს თუ არა ექიმებმა მისი მკურნალობა, პასუხობს, რომ მკურნალობდნენ ზოგადი თერაპიული ზომიერი დოზებით.

„ტექნოლოგიაა და შეცდომა შეიძლება გაიპაროს. მაგასაც (ლუგარში ჩატარებულ PCR ტესტს) რომ ჰქონოდა ცდომილება, არ არის გასაკვირი. მე თავს კარგად ვგრძნობ, პრაქტიკულად ჯანმრთელი ვარ და არც არანაირი ცვლილება არ მაქვს. უბრალოდ, ძალიან დაღლილი ვარ. ემოციურად ძალიან რთული იყო პირველ ჯერზე დადებითი პასუხი. დღეს საღამოს მეტყვიან, როდის დავტოვებ კლინიკას“.

სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში, ირაკლი ქადაგიშვილმა, რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კახეთი კვლავ კორონავირუსისგან თავისუფალი ე.წ. მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს. უფრო მეტიც, ქადაგიშვილმა თქვა, რომ რეგიონში ტურისტული სეზონისთვის მზადება აქტიურად დაიწყო. მისი თქმით, სასტუმროები ემზადებიან, რომ როგორც კი ქვეყანაში დაწესებული აკრძალვები შემსუბუქდება, კახეთი კვლავ მიზიდულობის ცენტრი გახდეს.

„მე ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე ძალიან აქტიური იქნება შიდა ტურიზმი და შემდეგ უკვე, როდესაც მსოფლიო მასშტაბით მოხდება მიმოსვლის შერბილება, ალბათ, ჩვენ, როგორც მწვანე ზონა, და საქართველო, მთლიანობაში, როგორც პანდემიასთან წარმატებით მებრძოლი ქვეყანა, გახდება ძალიან დიდი ინტერესის სფერო დამსვენებლებისთვის“.

საქართველოში ახალი კორონავირუსი სამი თვის წინ დაფიქსირდა. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში გურია და კახეთია ის რეგიონები, სადაც, COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. შესაბამისად, ამ რეგიონებს არაფორმალური, თუმცა დამკვიდრებული ტერმინით, ე.წ. მწვანე ზონად მოიხსენიებენ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG