Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვერბალურ ნოტას ვაგზავნით, გამოიძიონ ვანდალიზმი" - ჩეხეთის საელჩომ გამოფენა დროზე ადრე დახურა


ფოტოკოლაჟი: ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა თბილისში, 2024 წლის 23 ნოემბერი და ხავერდოვანი რევოლუცია პრაღაში, 1989 წლის 17 ნოემბერი
ფოტოკოლაჟი: ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა თბილისში, 2024 წლის 23 ნოემბერი და ხავერდოვანი რევოლუცია პრაღაში, 1989 წლის 17 ნოემბერი

ჩეხეთის საელჩო საქართველოში, 26 ნოემბერს, ვერბალურ ნოტას გაუგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისში, ჩეხეთის საელჩოს მოწყობილი გამოფენის დაზიანების გამო.

ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საელჩო საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს „დაუყოვნებლივ იქნეს გამოძიებული ვანდალური ფაქტი“, რომელიც გასული კვირის ბოლოს, თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა.

ვერბალური ნოტა - ხელმოუწერელი ნოტა, რომელიც უთანაბრდება ზეპირ განცხადებას. ეს არის მთავარი დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც საელჩო და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც საელჩო მდებარეობს, ცვლიან დიპლომატიურ მიმოწერას.

ვაკის რაიონის გამგეობის წინ, ჩეხოსლოვაკიის ბოლო და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის, დისიდენტი დრამატურგის, ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერის ღობეზე გამოფენილი ექვსი ბანერი, რომელზეც 1989 წლის ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოები და გზავნილები იყო აღბეჭდილი, დააზიანეს.

ჩეხეთის ელჩმა გადაღებილი ბანერების ფოტოები 23 ნოემბერს გამოაქვეყნა. ყველა ბანერი წითელი საღებავით იყო გადახაზული.

„სამწუხაროდ, ასე დასრულდა 1989 წლის ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩვენი გამოფენა ერთი კვირის შემდეგ“, - დაწერა პეტრ კუბერნატმა პლატფორმა X-ზე.

ვანდალიზმის გამო ჩეხეთის საელჩომ გამოფენა დროზე ადრე ჩამოხსნა. როგორც რადიო თავისუფლებას დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ეუბნებიან, ბანერები ჰაველის სკვერის ტერიტორიაზე 29 ნოემბრის ჩათვლით უნდა დარჩენილიყო.

ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერის ღობე, სადაც ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ბანერები იყო გამოფენილი, 25 ნოემბერი, 2024 წელი
ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერის ღობე, სადაც ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ბანერები იყო გამოფენილი, 25 ნოემბერი, 2024 წელი

ეს გამოფენა ნაწილი იყო ღონისძიებისა, რომელიც 17 ნოემბერს ჰაველის სახელობის სკვერში, ვაკის რაიონის გამგეობისა და ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

იმ დღეს, სკვერში, სადაც ვაცლავ ჰაველის ძეგლი დგას, მისი ერთ-ერთი პიესის „აუდიენციის“ პერსონაჟის, ფერდინანდ ვანეკის სკამის ანალოგი დამონტაჟდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩეხეთის ელჩი, საელჩოსა და ჩეხური დიასპორის წარმომადგენლები.

„ნოემბერი და დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი თარიღია ჩეხეთის რესპუბლიკისთვის და ჩეხი ხალხისთვის. ჩვენი მეგობრობა წლებს ითვლის, ვაკის რაიონი და პრაღა 6-ის რაიონი დამეგობრებული რაიონებია და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ძეგლი სწორედ აქ, ვაკის გამგეობის ეზოში - ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერშია დამონტაჟებული. ჩვენთვის დიდი პატივია, ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ჩვენს ჩეხ მეგობრებთან ერთად აღვნიშნოთ“, - თქვა 17 ნოემბერს ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ.

25 ნოემბერს რადიო თავისუფლებას ვაკის რაიონის გამგეობაში უთხრეს, რომ ღობე, რომელზეც ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი ბანერები იყო გამოფენილი, არ ეკუთვნის გამგეობის ტერიტორიას, გამოფენა ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებული იყო და, შესაბამისად, გამოფენის დაზიანების შესახებ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ უცნობებიათ.

ხომ არ დაიწყო გამოძიება გამოფენის დაზიანების გამო? - ამ კითხვაზე რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღო. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია ამ სტატიაში აისახება.

ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებული გამოფენის დაზიანებას 23 ნოემბერს გამოეხმაურა დანიის ელჩი საქართველოში, ანნე ტოფტ სორენსენი.

„თბილისში დანიის საელჩო სოლიდარობას უცხადებს ჩეხ კოლეგებს საქართველოში. ასეთი აქტები ძირს უთხრის კულტურული დიალოგის პატივისცემის ძირითად ღირებულებებს“, - დაწერა მან პლატფორმა X-ზე.

17 ნოემბერს ჩეხეთსა და სლოვაკეთში „ხავერდოვან რევოლუციად“ წოდებული მოვლენების 35-ე წლისთავი აღნიშნეს.

ბერლინის კედლის დანგრევიდან მეცხრე დღეს პრაღაში ძალის გამოყენებით დაშალეს სტუდენტთა მშვიდობიანი დემონსტრაცია კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ.

ვაცლავ ჰაველი ხელს უქნევს დემონსტრანტებს ვაცლავის მოედანზე, 10 დეკემბერი, 1989 წელი
ვაცლავ ჰაველი ხელს უქნევს დემონსტრანტებს ვაცლავის მოედანზე, 10 დეკემბერი, 1989 წელი

მეორე დღეს გაიფიცნენ პრაღის თეატრების თანამშრომლები, ხოლო სტუდენტებმა ქალაქის უმაღლესი სასწავლებლების კამპუსები დაიკავეს.

რამდენიმე დღის შემდეგ დემონსტრანტთა რიცხვი უკვე ასიათასობით იყო, ხოლო თვის ბოლოს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტი ლიდერები თავისუფალი არჩევნების ჩატარებას დათანხმდნენ.

ვაცლავ ჰაველის მხარდამჭერი მსვლელობა პრაღაში, ვაცლავის მოედანზე, 17 დეკემბერი, 1989 წელი
ვაცლავ ჰაველის მხარდამჭერი მსვლელობა პრაღაში, ვაცლავის მოედანზე, 17 დეკემბერი, 1989 წელი

დეკემბერში მოწყობილ არჩევნებში გაიმარჯვა დისიდენტმა დრამატურგმა ვაცლავ ჰაველმა, რითაც დაიწყო დემოკრატიული აღდგენის პროცესი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG