ქუთაისში მდებარე საფეიქრო საწარმო „ქუთექსის“ თანამშრომლები დამსაქმებელს უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. 120-მა თანამშრომელმა საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, ორწელიწად-ნახევრის წინ გახსნილ საწარმოში, ბოლო ერთი წელია, სისტემატურად უგვიანებენ ხელფასს, ივნისის თანხა კი დღემდე არ მიუღიათ. საწარმოში საშუალო ხელფასი 350 ლარია.
თანამშრომლები იმასაც აცხადებენ, რომ დამსაქმებლები, საკუთარი შეხედულებების მიხედვით, მუშაობას აჩერებენ და დასაქმებულებს იძულებით გაცდენილი დღეების ხელფასს უქვითავენ.
„დასაქმებულების ნაწილს მარტის თვიდან აქვს საშვებულებო თანხა ასაღები. არ ვიცით, როდის დაგვერიცხება ხელფასი, პასუხი არ გვაქვს, რასაც ვაპროტესტებთ. გვჭირდება ხელფასი დროულად“;
„ბანკში სესხი და განვადებების თანხა გვაქვს გადასახდელი, შვილები გვყავს, ოჯახი გვაქვს. ისიც არ ვიცით, როდის გადაგვიხდიან ხელფასს. ორი კვირაა უკვე, საქმე არ გვაქვს. მანამდე კიდე ორი კვირით გაჩერებულები ვიყავით და არავის არაფერი აუნაზღაურებია“;
„როცა იძულებით გვითხოვენ, რადგან საქმე არ არის, ჩვენი ბრალია?!“;
„ხელშეკრულების მიხედვით, 5-დან 10 რიცხვამდე უნდა დაგვერიცხოს ხელფასი, რაც არასდროს სრულდება. უკვე ორი კვირაა, იძულებით ვისვენებთ და არ ვიცით, როდის გავაგრძელებთ მუშაობას. ბოლო ერთი წელია, შვებულებით ვინც ისარგებლა, თანხა ამ დრომდე არავის დარიცხვია“, - ამბობენ „ქუთექსის“ თანამშრომლები.
საწარმოში დასაქმებულთა უფლებებს იცავს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება. პროფკავშირების ქუთაისის ოფისის წარმომადგენელ ირაკლი მხეიძის ინფორმაციით, მას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია საწარმოს ადმინისტრაციასთან და თუ დასაქმებულთა მოთხოვნები არ შესრულდება, დავას სასამართლოში გააგრძელებენ:
„ამჟამადაც თანამშრომლებს მიეცათ მითითება, დაბრუნებულიყვნენ სახლში და საჭიროების შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას შეჰპირდნენ. საწარმოს მუშაკები აცხადებენ, რომ მათთან რთწლიანი შრომითი ხელშეკრულებაა გაფორმებული, რაც ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტ შრომით ურთიერთობასა და შესაბამისი ხელფასის მიღების უფლებას გულისხმობს.
დასაქმებულები ასევე ვერ სარგებლობენ ანაზღაურებადი შვებულებით საკუთარი შეხედულების მიხედვით - ყველა თანამშრომელი, ,,ქუთექსის’’ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აგვისტოში გადის არაანაზღაურებად შვებულებაში, საშვებულებო ანაზღაურება კი, დაპირების მიუხედავად, მათ არ ეძლევათ“.
საწარმოს მკერავები უკმაყოფილონი არიან არასათანადო სამუშაო პირობებითაც. მათი ინფორმაციით, ფაბრიკაში არ არის კონდიცირება და ვენტილაცია და ხშირად ზიანდება მეორადი დანადგარები:
„სულ გაფუჭებულია მანქანები, ხელოსნები ვერ აკეთებენ“;
„ვიხრჩვებით, ამ სიცხეში ამდენი მანქანა რომ ამუშავდება“;
„მხოლოდ ფანჯრებზე ვართ დამოკიდებული, არც ვენტილაციაა და არც კონდიცირება“.
თავის მხრივ, „ქუთექსის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გოგოლაშვილი ამბობს, რომ საწარმო დაარსებიდან ასრულებდა კომპანია „ელ სი ვაიკიკის“ დაკვეთას და ბოლო შეკვეთის დროს პროდუქციის დიდ ნაწილს დაედო წუნი, რაც კომპანიასა და საწარმოს შორის ხელშეკრულების შეწყვეტისა და ხელფასის დაგვიანების საფუძველი გახდა. გიორგი გოგოლაშვილისავე განცხადებით, საწარმომ სხვა დამკვეთთან გააფორმა ხელშეკრულება და თანამშრომლები ხელფასს ამ კვირის პარასკევს მიიღებენ.
„ხელფასები დაგვიანდა, მაგრამ არავინ ამბობს, რომ არ გადავუხდით. „ვაიკიკმა“ ხელშეკრულება გაწყვიტა, რადგან უხარისხო პროდუქცია შეიკერა. გვყავს ახალი დამკვეთი და საწარმო ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას აგვისტომდე. შემდეგ ყველა შვებულებაში გავა“, - აცხადებს გიორგი გოგოლაშვილი.
რაც შეეხება საშვებულებო და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, „ქუთექსის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ მისთვის არ არის ცნობილი თანამშრომლებთან გაფორმებული ხელშეკრულების იურიდიული დეტალები და, შესაბამისად, განმარტებას ვერ გააკეთებს. წუნის შესახებ დირექტორის განცხადებას საწარმოს თანამშრომლები უარყოფენ. მკერავების ინფორმაციით, ყოველთვის, როცა ხელფასს უგვიანებენ, მსგავსი მიზეზი სახელდება, რაც სიმართლე არ არის, რადგან პროდუქციის 6-8 % -ის წუნდებას საწარმოო პროცესი ისედაც ითვალისწინებს.
„ყველა პასუხისმგებლობით ვმუშაობთ და ვაგზავნით ძალიან კარგ შეკვეთას. როცა არ უნდათ თანხის დარიცხვა, ყოველთვის ამ მიზეზს გვეუბნებიან. ასე არ შეიძლება, ყოველთვის ცუდად ვკერავდეთ, ყველა პრობლემის პასუხი არის წუნი. ვიდრე პროდუქცია დამკვეთთან გაიგზავნება, ჩვენ გვყავს მათი წარმომადგენლები, რომლებიც ამოწმებენ, რასაც ჩვენ ვკერავთ. შესაბამისად, წუნდებულ პროდუქციას ისინი არ უნდა უშვებდნენ, ანუ ეს პრობლემა მკერავებს არ ეხება“, - ამბობს საფეიქრო საწარმოს თანამშრომელი.
საწარმო „ქუთექსის“ მკერავები ამბობენ, რომ თუ დაკვეთა იქნება შესასრულებელი, მუშაობას გააგრძელებენ იმ პირობით, რომ ივნისის ხელფასი დროულად აუნაზღაურდებათ. საწარმოში დასაქმებულები გაფიცვას ჯერჯერობით არ აპირებენ და ამ ეტაპზე ხელშეკრულების პირობების შესრულებას დაელოდებიან.