Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ ხონელიძისგან უარი მიიღე, ვერ გაიტან - გალელებს ენგურზე პროდუქტის გადასატანად შერიგების სამინისტროს ნებართვა სჭირდებათ


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გალელებს ავალდებულებს, რომ ყოველ ჯერზე, როცა ისინი აფხაზეთში ბრუნდებიან, სურსათისა და პროდუქტების გადატანის ნებართვა მათგან ითხოვონ.

ენგურის ხიდთან გალელებმა სამინისტროს წარმომადგენელს თორნიკე ხონელიძეს WhatsApp-ზე უნდა აცნობონ, ვინ არიან, სად მიდიან, საიდან მიდიან და თან რამდენი და რა პროდუქტი მიაქვთ.

"ხონელიძეს უნდა მივწეროთ WhatsApp-ზე წერილი თხოვნით, რომ გაატარონ, რამე საყოფაცხოვრებო პროდუქტი იქნება თუ საქონელი. მერე უნდა დაველოდოთ, როდის გვიპასუხებს. შეიძლება 5 წუთშიც მოვიდეს პასუხი, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, 40 წუთი და საათიც გასულა, სანამ უპასუხია. შემდეგ, თუ თანხმობა მოგვცა, ჩემსა და ხონელიძეს შორის მიმოწერებს პოლიცია სურათებს უღებს და შემდეგ გვატარებენ. თუ ხონელიძისგან უარი მიიღე, საქონელს ვერ გაიტან რა", - გვეუბნება გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი.

თორნიკე ხონელიძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველოს უფროსია. მის წერილობით ნებართვას გალელები ენგურის ხიდზე მდგარ ქართველ პოლიციელებს უჩვენებენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან ხიდზე.

ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

რამდენიმე დღის წინ ნიკამ (სახელი შეცვლილია) ზუგდიდში თავისი მსუბუქი ავტომანქანისთვის მეორადი ნაწილი შეიძინა. სახლში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში იმავე დღეს ბრუნდებოდა. მეზობლებისგან და ნათესავებისგან იცოდა, რომ ავტონაწილს ხონელიძის ნებართვის გარეშე ვერ წაიღებდა, ამიტომ საქმე წინ წაიგდო და პოლიციელების მითითებამდე ითხოვა ნებართვა.

"ვისაც მიწერილი არ ჰქონდა, არ გაატარეს, ან დიდხანს მოაცდინეს. მაგალითად, დღეს რომ გადმოვიტანო ავტომანქანის ნაწილი და ერთი თვის მერე ისევ მივწერო წერილი ხონელიძეს, დამრთეთ ნება-მეთქი, არ დამრთავს. შენ ხომ ახლახან წაიღეო, იტყვის. ესე იგი, ვიღაცისთვის მიგაქვსო გასაყიდად. რაღაც საქონელს ვიღაცა სავაჭროდ ყიდულობს, მაგრამ ბევრს მართლა სახლისთვის მიაქვს პროდუქტები და საათობით ალოდინებენ", - ამბობს ნიკა.

გუშინ, 13 მარტს, პარტია "დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ გაასაჯაროვა მიმოწერა, სადაც ჩანს, როგორ ითხოვს სამინისტროსგან ნებართვას ერთ-ერთი მოქალაქე:

მიმოწერაში ვკითხულობთ:

"- … ვცხოვრობ გალში. მინდა 20 კილო ყველის და 50 ლიტრი ღვინოს გადატანა. ვითხოვ თქვენგან ნებართვას.

- გამარჯობა. ყველი რა დანიშნულებით?

- ახალ წლებზე მოსახმარად.

- თქვენი პირადი ნომერი მომწერეთ.

- დანიშნულება პირადი ნომრის? ახლავე მოგწერთ.

- ყველი სახლისთვის თუ გასაყიდად?

- ოჯახისთვის დღესასწაულებზე.

- რუხიდან მიგაქვთ თუ ფახულანიდან?

- რუხი.

- ბატონო, თქვენთან დაკავშირებით კონსულტაცია გავიარე. ყველი, სამწუხაროდ, არა. 5 კგ. თუ გაწყობთ დამიდასტურეთ".

თონრიკე ხონელიძისა და გალის რაიონის ერთ-ერთი მცხოვრელის მიმოწერა
თონრიკე ხონელიძისა და გალის რაიონის ერთ-ერთი მცხოვრელის მიმოწერა
ხონელიძისა და ერთ-ერთი გალელის მიმოწერა
ხონელიძისა და ერთ-ერთი გალელის მიმოწერა

"ენგურის ხიდზე დგანან თანამშრომლები [იგულისხმება ქართული პოლიცია - რ.თ.] და გეკითხებიან, რა გადაგაქვს და თავისთავად, გაიძულებენ, ხონელიძეს მიწერო, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაგატარებენ. სავაჭრო პროდუქცია რომელიც ჰგონიათ, იმაზე იქცევიან ასე. ერთი პატარა პარკით კიტრი, პომიდორი და ხახვი თუ მიგაქვს, არაფერს გეტყვიან. საბაჟოს მსგავსია რა, მაგრამ ის განსხვავებაა, რომ ფულს არ იხდი. უბრალოდ ან წაიღებ, პროდუქციას, ან არა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას კიდევ ერთი გალელი.

2008 წლის კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას კრძალავს. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის "ა" პუნქტის მიხედვით, დიდი რაოდენობით ნივთებისა და პროდუქტების გადატანაზე სპეციალური კონტროლი წესდება. თუმცა გალელები ამბობენ, რომ ახალი "წესები" გასული 2022 წლიდან დაამკვიდრეს.

"კანონში წერია, რომ ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე შეიძლება რაღაც შეიზღუდოს, მაგრამ ეს უნდა იყოს განსაზღვრული, რა რაოდენობაზეა საუბარი, რა პროდუქციაზე ვრცელდება და ასე შემდეგ. ეკონომიკური საქმიანობა WhatsApp-ით როგორ უნდა შეამოწმონ? რომელ ქვეყანაში ხდება ასე?!", - ამბობს იურისტი მაია ხურცილავა.

თვეების განმავლობაში სისტემატური ოფიციალური მიმოწერისა თუ სატელეფონო საუბრების მიუხედავად, შერიგების სამინისტრო მას არ პასუხობს, რატომ გადაწყვიტა სახელმწიფო აპარატმა 2022 წლიდან ენგურის ხიდზე მოქალაქეების ნივთებისა თუ პროდუქტების სათითაოდ შემოწმება.

თორნიკე ხონელიძემ, სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელიც პირადად გასცემს ნებართვებს გალელების პროდუქტების გადატანაზე, არც რადიო თავისუფლების კითხვებს უპასუხა და ინფორმაციის მისაღებად პრესცენტრთან დაკავშირება გვირჩია. არც გუშინ და არც დღეს შერიგების სამინისტროში რადიო თავისუფლებას არავინ დაელაპარაკა გალელების შემოწმების ახალ პრაქტიკაზე.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG