Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რამე რომ მოხდეს და ადამიანი დაიღუპოს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას?" - შენაქო-დიკლოს ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია


მდინარე ალაზანზე გადებული ხიდის მთავარი კონსტრუქცია მეტალისაა. ზედ ხის ფიცრებია დამაგრებული. სიძველის გამო თითქმის ყველა მათგანი დაზიანებულია, ერთ ადგილზე კი - ჩამტვრეული.
მდინარე ალაზანზე გადებული ხიდის მთავარი კონსტრუქცია მეტალისაა. ზედ ხის ფიცრებია დამაგრებული. სიძველის გამო თითქმის ყველა მათგანი დაზიანებულია, ერთ ადგილზე კი - ჩამტვრეული.

„მანქანით გავლის დროს ის ხიდი რომ ჩაწყდეს და ალაზანში მამაჩემი და ჩემი და რომ დაიხრჩოს, სად მიდის ახმეტის მუნიციპალიტეტი, ვის უნდა ვუჩივლო?“

თუშეთში, სოფელ შენაქოში მცხოვრებმა მარიამ ფირაშვილმა ეს შეკითხვა ორი დღის წინ დასვა და ფეისბუკში გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეომასალაც, რომელზედაც ჩანს, როგორაა დაზიანებული ომალოდან შენაქოსკენ მიმავალ გზაზე არსებული ერთადერთი საავტომობილო ხიდი. მდინარე ალაზანზე გადებული ხიდის მთავარი კონსტრუქცია მეტალისაა. ზედ ხის ფიცრებია დამაგრებული. სიძველის გამო თითქმის ყველა მათგანი დაზიანებულია, ერთ ადგილზე კი - ჩამტვრეული. მარიამ ფირაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხიდი 2017 წლიდანაა დაზიანებული და ადგილობრივი მცხოვრებნი მას თავისი ძალებით ამაგრებდნენ, რაც წელს ვეღარ შეძლეს.

„დაახლოებით ორი კვირის წინ ხიდზე მანქანით რომ გადავდიოდით, ჩაგვიტყდა ფიცარი. გადავასწარით, თორემ მანქანის ერთი საბურავი ჩავარდებოდა. ხიდი დაკერებულია, ეგეც ჩვენი ძალებით. რაღაც ფიცრები მოვძებნეთ და გავამაგრეთ. კაპიტალურად რომ გაკეთდეს, ისეთი მასალა უნდა, რომელიც ადგილზე არ იშოვება, კახეთიდან უნდა ამოვიტანოთ, თუმცა ამის გაკეთება ჯდება ძვირი. ჩვენი, ორი სოფლის ძალებით ეს შეუძლებელია“.

ბარიდან მაღალმთიან თუშეთამდე 73-კილომეტრიანი გზაა. მისი დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზე გადის.
ბარიდან მაღალმთიან თუშეთამდე 73-კილომეტრიანი გზაა. მისი დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზე გადის.

შენაქოელმა მარიამ ფირაშვილმა ახმეტის მერის მოადგილეს ვანო ნასყიდაშვილს დაახლოებით 10 დღის წინ დაურეკა და ხიდის ახლანდელი მდგომარეობა დეტალურად აღუწერა. ისიც უთხრა, რომ თვის ბოლოს თუშეთში სახალხო დღეობები უნდა გაიმართოს და ბარიდან ბევრ სტუმარს ელოდებიან, მათ შორის უცხოელებს, ამიტომ ხიდის აღდგენა სთხოვა:

„მითხრა, ტენდერი გამოცხადდება უახლოეს პერიოდშიო და ოქტომბერში ხიდი კაპიტალურად გაკეთდებაო. მანამდე კი მაქსიმუმ ერთ კვირაში ხიდის გამაგრება დაიწყებაო... თუმცა ერთ კვირაზე მეტი გავიდა და ხიდის გასამაგრებლად არანაირი სამუშაოები არ დაწყებულა, არც ის ვიცი, როდის დაიწყება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მარიამ ფირაშვილმა. მან ამბის გასარკვევად ახმეტის მერს ალექსი ფიცხელაურსაც დაურეკა.

„მერს რომ ვესაუბრებოდი, ასეთი ფრაზა ვუთხარი - თქვენ აზრზე ხართ, რამხელა ტრაგედია შეიძლება მოხდეს-თქო? ეს ფრაზა აღმოჩნდა მერის გაღიზიანების მიზეზი. მითხრა, ტონს დაუწიე, როგორ მელაპარაკები, უზრდელი ხარ და აქ მეორედ აღარ დარეკოო. გამითიშა ტელეფონი და ჩემი ნომერი დაბლოკა“.

ბარიდან მაღალმთიან თუშეთამდე 73-კილომეტრიანი გზაა. მისი დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზე გადის. საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული გზაა. ზაფხულობით თუშეთს ბევრი სტუმარი ჰყავს. ნუცა ცქიმანაური, რომელიც წლებია გიდად მუშაობს, თუშეთში 21 ივნისს იმყოფებოდა.

„შიდა მოხმარებისთვის ამ ხიდს დიდი დატვირთულობა და მნიშვნელობა აქვს. (ხიდი) იმდენად არის დაზიანებული, რამე რომ მოხდეს და ადამიანი ჩავარდეს ან დაიღუპოს, ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას? ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ როდესაც სახალხო დღესასწაულებია თუშეთში, მაგალითად, თუშეთობა, ჩინოვნიკები არასდროს არ მოგზაურობენ ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები - მანქანით ან ფეხით. ისინი თუშეთში ვერტმფრენით გადაფრინდებიან ხოლმე, რაც მათ ვერ შეუქმნის რეალურ წარმოდგენას იმაზე, რაც ხდება ხეობაში“.

თუშების ნაწილი ამბობს, რომ თუ ხიდის ჩანგრევის შედეგად ვინმე დაშავდება, სრული პასუხისმგებლობა ახმეტის მერიას დაეკისრება.
თუშების ნაწილი ამბობს, რომ თუ ხიდის ჩანგრევის შედეგად ვინმე დაშავდება, სრული პასუხისმგებლობა ახმეტის მერიას დაეკისრება.

ლადო კახოიძე, რომელიც 2015-2021 წლებში თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელი იყო, ამჟამად თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ დროისთვის ხიდზე ავტომობილებით გადასვლა შესაძლებელია, თუმცა ვიზიტორებს ეუბნებიან, რომ როცა ხიდზე გადადიან, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ.

„ჩვენი მანქანებით (ჯიპები და პიკაპები) ჩვეულებრივ გადავდივართ ხოლმე... ხიდის ერთი ნაწილი ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული. ეს ნიშნავს, რომ ამ ადგილს ყურადღება უნდა მიაქციოს ნებისმიერმა გამვლელმა. როგორც მე მოვიკვლიე, ხიდის კაპიტალურ შეკეთებაზე მერიას უკვე გამოცხადებული აქვს ტენდერი და 10 აგვისტოდან დავიწყებთ მაგის შეკეთებასო“.

თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლადო კახოიძე ამბობს, რომ სანამ ხიდის კაპიტალურად შეკეთება დაიწყება, შეეცდებიან საკუთარი ძალებით, დროებით გაამაგრონ.

„მოვიძიეთ მასალა, რომლითაც შევეცდებით ხიდის კუთხე ისე გავამაგროთ, კაპიტალურ შეკეთებამდე იყოს უსაფრთხო. ახლა ისეთი პერიოდია, აგვისტოდან სათემო დღეობები იწყება და ზედმეტი სიფრთხილე არ გვაწყენს“.

მას შემდეგ, რაც შენაქოელმა მარიამ ფირაშვილმა სოფლის ხიდის რთული მდგომარეობა საჯაროდ, ინტერნეტსივრცეში აღწერა, ახმეტის მერიამ ფეისბუკში განცხადება გამოაქვეყნა.

„თუშეთში, სოფლების ომალოსა და შენაქო-დიკლოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი არის ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებს გადაუდებელ კაპიტალურ შეკეთებას. ამ მიზნით, ახმეტის მერიამ უკვე გამოაცხადა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე ტენდერი და ხიდის კაპიტალური შეკეთებისათვის გამოყო შესაბამისი ფინანსური რესურსი“.

რადიო თავისუფლება ახმეტის მერიას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, როდის გეგმავენ ხიდის რეაბილიტაციას. მცდელობის მიუხედავად ვერ ჩავწერეთ ვერც ახმეტის მერი და ვერც მისი ორი მოადგილე. თუშების ნაწილი ამბობს, რომ თუ ხიდის ჩანგრევის შედეგად ვინმე დაშავდება, სრული პასუხისმგებლობა ახმეტის მერიას დაეკისრება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG