Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიძლება თუ არა პანდემიამ “დაკარგული თაობა” გააჩინოს?


UNICEF-ის ანგარიშის თანახმად, 3 ნოემბრის მონაცემებით, მსოფლიოს 87 ქვეყანაში ბავშვებსა და მოზარდებზე მოდიოდა კორონავირუსით ინფიცირების 9-დან 1 შემთხვევა. სკოლების დახურვა 30 ქვეყანაში 572 მილიონ მოსწავლეს შეეხო. გაეროს ბავშვთა ფონდი შიშობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გრძელვადიანმა ზემოქმედებამ ბავშვების განათლებაზე, კვებასა და საერთო კეთილდღეობაზე შესაძლოა ბავშვების „დაკარგული თაობა“ გააჩინოს.

2020 წლის შუა პერიოდისთვის მსოფლიოში 150 მილიონით გაიზარდა მრავალმხრივ სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რიცხვი, რომლებსაც არ აქვთ წვდომა განათლებაზე, ჯანდაცვაზე, საცხოვრებელსა და საკვებზე.

როგორ გაურთულა ცხოვრება პანდემიამ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს?

UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ რადიო თავისუფლების კითხვებს უპასუხა და მსოფლიო კრიზისის ფონზე საქართველოში გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა.

მაია ქურციკიძე - გაეროს ბავშვთა ფონდი
მაია ქურციკიძე - გაეროს ბავშვთა ფონდი

“სკოლები, ფაქტობრივად, მთელი წელი დაკეტილია, მიმდინარეობს დისტანციური სწავლება იმ პირობებში, როცა ძალიან ბევრ ბავშვს საქართველოში არ აქვს ინტერნეტთან წვდომა და ელექტრონული მოწყობილობა, ასეთი კი 50 400 ბავშვია. თავად ვყოფილვარ ისეთ ოჯახში, სადაც 5 ბავშვია და 1 მობილური ტელეფონი, რომელსაც წვდომა აქვს ინტერნეტთან. შესაბამისად, არ უნდა გვეგონოს, რომ ბავშვები ასეთ პირობებში შეძლებენ განათლების მიღებას. ვისაც აქვს ონლაინ გაკვეთილებზე დასწრების შესაძლებლობა, მათი განათლების ხარისხიც არის კითხვის ნიშნის ქვეშ.

ჩვენ თავიდანვე ვიყავით მომხრე, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვით სკოლები ყოფილიყო ღია.

ეს არის გლობალური კრიზისი და გაეროს ფონდი მოუწოდებს სახელმწიფოებს და მათ შორის საქართველოსაც, რომ თანხების გადანაწილებისას გაითვალისწინონ ბავშვების საჭიროებები.

  • ყველა ბავშვი უნდა სწავლობდეს და სადაც არ არის სკოლა, უნდა იყოს ონლაინ სწავლება და არსებული უთანასწორობა ბაშვებს შორის უნდა შემცირდეს;
  • მეტად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჯანდაცვის სერვისები;
  • მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მიმართულებით დეზინფორმაციასთანაც ბრძოლა. განსაკუთრებით დამაზიანებელია ბავშვთა ვაქცინაციის თემაზე შექმნილი მითები;
  • უნდა გაუმჯობესდეს წყლის სანიტარიულ- ჰიგიენური პირობები. (საქართველოში 30 000-მდე ბავშვს სახლში არ აქვს წყალი და საპონი. )

სწორედ ამიტომ სერვისების მიწოდებისას პრიორიტეტი უნდა იყვნენ ბავშვები, რომ ჩვენ არ მივიღოთ დაკარგული თაობა”, - ამბობს მაია ქურციკიძე.

მისი თქმით, მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია და პრიორიტებების განაწილებისას უნდა გაითვალისწინონ ბავშვების საჭიროებები და ინტერესები.

მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, სადაც მზრუნველობამოკლებული ბავშვები ცხოვრობენ, პანდემიის გამო სხვა პრომლება აწუხებთ - შეზღუდვა, რომლის გამოც ბიოლოგიური მშობლების ნახვის უფლება არ ჰქონდათ.

“ისეთი რეგულაციაა, რომ რამდენიმე დღით თუ წავიდა ბავშვი, შემოსვლისას უნდა გაიაროს კარანტინი. იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ ბავშვისთვის, რომელსაც აქვს, მაგალითად, ფსიქიკური აშლილობები, რთული ქცევა, მდგომარეობის გამწვავების მაპროვოცირებელია ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა. ამიტომ, გაზაფხულზე საყოველთაო კარანტინის, სრული ჩაკეტვის პირობები იყო ძალიან რთული. ახლა ვცდილობთ ბავშვები გავუშვათ ხოლმე მშობლებთან, რადგან არ ვიცით, რა გველის წინ და ამიტომ არ გვინდა მათი ჩაკეტვა, კარგი არის ის, რომ ამ ბავშვებისთვის ტესტირება არის უფასო”,- ამბობს „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ თბილისის პროგრამის ხელმღვანელი მარინა შაღაშვილი.

“SOS ბავშვთა სოფელს” დიდი ტერიტორია აქვს, სადაც 10 პატარა სახლი დგას. ოჯახურ გარემოში დედობილ-მამობილთან 6-6 ბავშვი ცხოვრობს. ბავშვებს ეზოში ერთმანეთთან თამაშის საშუალება კი აქვთ, თუმცა სკოლის მეგობრებთან ურთიერთობა შეეზღუდათ და, შესაბამისად, სოციალიზაციის პროცესიც შენელდა.

“ონლაინ სწავლებაში, ასე თუ ისე, ვახერხებთ ბავშვების ჩართვას, თუმცა კონცენტრირება დიდი ადამიანისთვისაც რთულია, ბეზრდებათ. როდესაც რაღაც კურსს ვთავაზობთ, ისიც ონლაინ არის და ამიტომ უარს ამბობენ”, - ამბობს მარინა შაღაშვილი.

გარდა იმისა, რომ ზოგი ბავშვი ონლაინსივრცეში გადატანილი აქტივობების გამო შფოთავს, ზოგსაც ინტერნეტი ან ტელეფონიც კი არა აქვს, მათზე ზეგავლენას მშობლების მდომარეობაც ახდენს.

“ოჯახის გაძლიერების პროექტის” ფარგლებში 130-მდე ოჯახთან ვმუშაობთ ისან-სამგორის რაიონში, სადაც 300 ბავშვია”,- ამბობს მანანა შაღაშვილი.

მისი თქმით, მშობლების დიდი ნაწილი, რომელსაც ისედაც ძალიან მწირი შემოსავალი ჰქონდა, სამსახურის გარეშე დარჩა.

“ფსიქოლოგებს რომ ვესაუბრეთ, გვითხრეს, რომ ბავშვებზე მეტად პრობლემები მშობლებს შეექმნათ: ჩაკეტილი გარემო, ფინანსების არქონა… ვერ რთავდნენ ბავშვებს საგაკვეთილო პროცესში და უკიდურესად მძიმე სიტუაცია შეიქმნა. კარანტინის დროს დაეწყოთ დეპრესიული შფოთვები, არასტაბილური ემოციური მდგომარეობა, ოჯახში ძალადობამ იმატა”, - გვიხსნის „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ თბილისის პროგრამის ხელმღვანელი მარინა შაღაშვილი.

დღეს სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ 2 500-ზე მეტი ბავშვია. პანდემიამდე თუ სოციალური მუშაკები უშუალოდ მიდიოდნენ ოჯახებში და აფასებდნენ სიტუაციას, ახლა სოციალური მუშაკები სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფ ოჯახებთან, როგორც წესი, დისტანციურად მუშაობენ. ასეთი ფორმით ურთიერთობა კი აძნელებს ბავშვების ნდობის მოპოვებას. ტელეფონით პირად პრობლემეზე საუბარი რთულია, შეტყობინების მიღების შემთხვევაში კი ადგილზე მიდიან და რეაგირებენ.

“ბევრი შეტყობინება შემოდიოდა პანდემიამდეც და ბევრია ახლაც. განსაკუთრებით შშმ ბავშვების მდგომარეობა გართულდა, რადგან დღის ცენტრები და თერაპიული სერვისები პანდემიის დროს ხელმისაწვდომი არ იყო და ამასთან დაკავშირებით მოგვმართავდნენ მშობლები: ქცევა გაუარესდა და რა ვქნათო”, - ამბობს პროფესიული ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ელენე მარტაშვილი.

ელენე რადიო თავისუფლებას უხსნის, რომ ის პრობლემები, რომლებიც ისედაც არსებობდა, პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა.

„ვითარება ყველგან განსხვავებულია. გვქონდა შემთხვევა, რომ ბავშვისთვის ნაჩუქარი ტელეფონი დედამ გაყიდა, მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი დამოკიდებულება იყო დედასა და ბავშვს შორის. უბრალოდ, სწავლის პრიორიტეტი გააზრებული არ ჰქონდა მშობელს”, - ამბობს ელენე მარტაშვილი.

იმის გამო, რომ პანდემიით გამოწვეული იზოლაციის პირობებში ძალადობის მომატების რისკები არსებობდა, 15 აპრილიდან შექმნილია ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი -111. როგორც ელენე მარტაშვილი ამბობს, სერვისების მიღებასთან დაკავშირებული ზარები მაინც უფრო ხშირი იყო, ვიდრე ძალადობის გამო მიმართვები.

ნათია გაბრიჩიძის ოთხივე შვილი სკოლის მოსწავლეა. ყველაზე პატარა მეორე კლასშია, უფროსი - მეექვსეში.

“მთელი თაობის დაკარგვის საფრთხეებზე მე გამიჭირდება საუბარი. არ ვიცი. თუმცა ჩემს შვილებს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ გამოწვევები სერიოზულია. მაგალითად, ბავშვები მიჩვეულები იყვნენ, რომ დადიოდნენ სკოლაში, წრეებზე. შემდეგ აღმოჩნდნენ ახალ რეალობაში და შესაბამისი უნარების განვითარებაც სჭირდებათ. მაგალითად, სკოლაში მიდის თუ არა, დილით ადრე უნდა გაიღვიძოს, მოწესრიგდეს, მოემზადოს და დაესწროს გაკვეთილს იმის მიუხედავად, სკოლის მერხთან ზის თუ სახლში, სამზარეულოს მაგიდასთან. ამ რუტინის აწყობა და შენარჩუნება დიდ ძალისხმევას მოითხოვს ჩვენგან, მშობლებისგან.

როგორ ვუმკლავდები? არ ვიცი, ვუმკლავდები თუ არა. უბრალოდ ის ვიცი, რომ ძალიან ვცდილობ“.

მიუხედავად იმისა, რომ ნათია სიამოვნებას იღებს შვილებთან ერთად ბევრი “საქმის კეთებით”, მას უარის თქმა მოუხდა რამდენიმე პროექტზე. ღამე მუშაობს, რომ სამსახურის საქმეები მოასწროს, ხშირად მაინც ვერ ასწრებს და ბოდიშის მოხდა უწევს:

“ხანდახან ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს თავს ვერ გავართმევ და სასოწარკვეთილი ვხდები, მაგრამ შემოვუძახებ ხოლმე ჩემს თავს და ისევ შემართებით ვაგრძელებ”.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG