23 მაისს საქართველოში აფხაზეთის დღე აღინიშნება.
რადიო თავისუფლება სოხუმელ მწერლებთან - გურამ ოდიშარიასა და შალვა ბაკურაძესთან, ასევე ისტორიკოს კახა კვაშილავასთან ერთად აფხაზეთის დედაქალაქს იხსენებს. იმ ქალაქს, რომელიც მათ მეხსიერებას შემორჩა.
რით იყო სოხუმი განსაკუთრებული?
შალვა ბაკურაძე, პოეტი: ძალიან ბანალური პასუხი იქნება, მაგრამ სოხუმში ლანდშაფტი იყო საინტერესო. ადრე ბათუმი ჰგავდა სოხუმს, იგივე სუნი, მსგავსი არქიტექტურა... სოხუმში მზე ზღვიდან ამოდიოდა და ზღვაში ჩადიოდა. ბავშვობაში, პირველად რომ გავიგე, აქ დიოსკურიაა ჩაძირულიო, მაშინვე წავედით და ზღვაში ვყვინთავდით, რამე რომ გვეპოვა.
კახა კვაშილავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიკოსი: სოხუმის უნიკალურობა იყო ზღვა. ადამიანის ხასიათი იმ გარემოზეა დამოკიდებული, რომელშიც ცხოვრობს. მთაში ადამიანი უფრო ჩაკეტილია, რადგან სივრცეა ჩაკეტილი, ჰორიზონტი. ზღვასთან დაბადებულ ხალხს უფრო ლაღი ხასიათი აქვს.
სოხუმს თავისი პეწი ჰქონდა, თავისი კოლორიტი. სიგრძეში სადღაც 20 კილომეტრი იყო, სიღრმეში - 10. ამ პატარა ქალაქში იყო სიხალისე, ზღვა, მზიანი ამინდი, მულტიკულტურული გარემო - წელიწადში ცხრა თვე უცხოელები ჩამოდიოდნენ. ეს ყველაფერი ხასიათზე მოქმედებდა.
გურამ ოდიშარია, მწერალი: ცურვა სიარულთან ერთად ვისწავლე, პატარაობიდან მყავდა აფხაზი მეგობრები. სულ სანაპიროზე ვიყავით. იქ ჩამოდგებოდნენ ხოლმე საკრუიზო გემები სოციალისტური ქვეყნებიდან, დამსვენებლები მოჰყავდათ. ერთხელ ინგლისური გემიც ჩამოდგა, ერთხელ - ფრანგული. ასეთ დროს პორტი იკეტებოდა და არ გვიშვებდნენ, რომ ტურისტებისთვის რამე გაგვეცვალა: სამკერდე ნიშნები, ფული. ახლაც მახსოვს ჩეხური კრონები, ისეთი მსუბუქი იყო, წყალში არ იძირებოდა. პირველი ჯინსი მანდ ვიყიდე მეზღვაურებისგან.
ზღვას მოჰქონდა ჩვენთან ცივილიზაცია: „ბიტლზის“ ფირფიტები, „კოკა-კოლა“, „მალბორო“. თუმცა, ადგილობრივი, აფხაზური თუთუნიც გამორჩეული იყო - სიგარეტი „კოსმოსი“, ლურჯ კოლოფში. სხვადასხვა ქალაქებიდან გვთხოვდნენ, გამოგვიგზავნეთ „კოსმოსიო“.
ჯგირ-ხარაშო - სოხუმის სლენგი
კახა კვაშილავა: ბევრი ამბობს, რუსულად ლაპარაკობდით, გარუსებულები იყავითო. არ ვიყავით გარუსებულები. ამის დასტურია ის, რომ ახლა აქ ვართ. სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობაში სხვანაირი კულტურა ჩამოგვიყალიბდა, სხვა ჰორიზონტი. ამით განსხვავდებოდნენ სოხუმელები, თუნდაც გალელებისგან, რომლებიც უფრო სამეგრელოსკენ იყვნენ მიმართულები.
შალვა ბაკურაძე: სოხუმელებს თავისი აქცენტი კი არა, უფრო ენა ჰქონდათ. ძირითადად სამი ენა იცოდნენ: ქართული, მეგრული და რუსული. სოხუმში იბადებოდა ქართულ-რუსული, მეგრულ-რუსული ფრაზები, მაგალითად, „ჯგირ-ხარაშო“.
კიდევ ერთი სოხუმური ფრაზაა: „16 ნომრით არის წასაყვანი“ - სოხუმში N16 ავტობუსი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიდიოდა.
გურამ ოდიშარია: სტრაბონი დიოსკურიას რომ აღწერს, ამბობს, რომ აქ 70 ენაზე საუბრობდნენ.
ოდესიდან სოხუმში გემებს ბევრი სიტყვა შემოჰყვა, მაგალითად „ვასია“. სოხუმს თავისი სლენგიც ჰქონდა, „ეი, ვარა“ (აფხაზურად: ეი, ბიჭო), ნეპე (ბერძნულად: ბიჭო). აფხაზებს, როგორც რუსებს, არა აქვთ სიტყვები მამიდა და დეიდა, ამიტომ ქართულს ურევდნენ: „მაია მამიდა სკაზალა“...
ქალაქში ყველაზე მეტად რომელი შენობა დაგამახსოვრდათ?
კახა კვაშილავა: ალბათ ჩემი სკოლა - N6, კიდევ ადგილი ოქტომბრის მოედნიდან აფხაზურ თეატრამდე, მინისტრთა საბჭოს შენობა. სოხუმი არქიტექტურული თვალსაზრისით ძველი ქალაქი არ არის. მშენებლობის ბუმი იყო აკაკი მგელაძის პერიოდში (1943-1951წწ. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის სოხუმის ქალაქკომის და აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი). „ტურბაზაში“ [სოხუმის უბანი, რ.თ.], სადაც მე გავიზარდე, ყველაზე ძველი შენობა ჩემი სკოლა იყო, 1930-იანი წლების.
შალვა ბაკურაძე: ოდნავ რომ გასცდებოდი სოხუმს, ზღვის პირას უზარმაზარი, ულამაზესი შენობა იდგა, 365 ოთახით. ყველა ფანჯარას მზე ადგა. აქ ტუბერკულოზით დაავადებულებს მკურნალობდნენ. რუსმა მეცენატმა ნიკოლაი სმეცკოიმ თავისი ავადმყოფი შვილისთვის ააშენა, რომ ყოველდღე მზიან ოთახში ყოფილიყო. ახლა ის შენობა განადგურებულია, ოთახებში ხეები ამოვიდა.
გურამ ოდიშარია: იქ ყველა შენობას თავისი ლეგენდა ჰქონდა. ფრუნზეს ქუჩაზე ერთი ულამაზესი სახლი იდგა. იტალიაში მდიდარ ქალიშვილს მზარეული თუ ჭურჭლის მრეცხავი შეჰყვარებია. პირველივე გემით გამოიქცნენ და სოხუმში ჩამოვიდნენ. თან წამოღებული ფულით ეს სახლი ააგეს. მოგვიანებით ქალი ნოსტალგიის გამო დასუსტდა, ჭლექი დაემართა და გემით ისევ იტალიაში დაბრუნდა. ამბობენ, იტალიამდე არ ჩაუღწევია, გზაში გარდაიცვალაო. კაცმა სახლი ერთ-ერთ შერვაშიძესთან წააგო ბანქოში. შენობას ერთი საფეხური ჩამოტეხილი ჰქონდა, რადგან შერვაშიძე ერთხელ ცხენით ავიდა კიბეზე.
კიდევ ჭავჭავაძის ქუჩაზე იყო სახლი, სადაც ქართველებმა და აფხაზებმა ილია ჭავჭავაძეს უმასპინძლეს. იქ, მაგნოლიების ქვეშ გაუშლიათ სუფრა.
სოხუმის სალაყბო ალაგები
გურამ ოდიშარია: სოხუმში იყო „ბრეხალოვკები“, კაფეები ღია ცის ქვეშ. „ბრეხალოვკა“ უკრაინული სიტყვაა და სალაყბოს ნიშნავს. ესეც ოდესიდან შემოჰყვა გემებს. ოდესაშიც ასე იკრიბებოდნენ სანაპიროზე, ჩაის, ყავას სვამდნენ. ლაპარაკობდნენ. აქ იბადებოდა ებრაული ანეკდოტები.
მაშინ თბილისში ქაბაბის და ხინკლის საჭმელად სარდაფებში ჩადიოდნენ, სოხუმში, პირიქით, ღია ცის ქვეშ იყრიდნენ თავს. ლაპარაკობდნენ პოლიტიკაზე, ქალაქის ჭორებზე, ქვიშაზე მოდუღებულ ყავას სვამდნენ. ამბის კარგად მოყოლა ვინც იცოდა, ისეთ ხალხს ჰქონდა „ბრეხალოვკა“ აღებული, კარგი მსმენელებიც იქ იყვნენ.
ყველაზე ძველი „ბრეხალოვკა“ სასტუმრო „რიწის“ წინ იყო, გემებთან, შემდეგი - „ინტურისტთან“, კიდევ ერთი იყო კაფე ,,პინგვინი“, იქ უფრო ოჯახებით დადიოდნენ. „პინგვინში“ სკამებიც იდგა, სხვა „ბრეხალოვკებზე“ - მხოლოდ ქოლგები და მაგიდები.
ჭადრაკს მთელ სანაპიროზე თამაშობდნენ, გრძელ სკამებზე.
კახა კვაშილავა: შატალოზე კაფე „პინგვინში“ მივდიოდით ნაყინზე, ან ზღვაზე, ზამთარში - კინოთეატრ „აფსნიში“, ხანდახან ბოტანიკურ ბაღშიც. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო, ჩაკეტილი სივრცე და მცენარეებს სხვადასხვა ქვეყნების სახელები რომ ეწერათ, თითქოს ვმოგზაურობდით ამ ქვეყნებში.
შალვა ბაკურაძე: შატალოზე N9 ავტობუსს ბოლო გაჩერებამდე გავყვებოდით ხოლმე, აჩადარაში. იქიდან ფეხით ავდიოდით ტყეში, ჩვეულებრივი ჯუნგლები იყო. ან N5 ავტობუსს გავყვებოდით, მაჭარამდე, ან კელასურის ხეობაში წავიდოდით. ამ პატარა ქალაქში რამდენიმე ხეობა იყო, თავისი მდინარეებით: მაჭარა, კელასური, ბესლა, ჩალბაში...
რა ვერ მოასწარით სოხუმში?
კახა კვაშილავა: დედაჩემმა და მამაჩემმა სოხუმის ყველა უბანი იციან. ახლაც რომ გაუშვა, თვალდახუჭულები მიაგნებენ, მე ყველგან არ ვყოფილვარ.
შალვა ბაკურაძე: რა ვერ მოვასწარი? გოგოსთვის მინდოდა მეკოცნა და ისე წამოვედი სოხუმიდან, ერთხელაც არ მიკოცნია.
ყველაზე მეტად რა გენატრებათ?
კახა კვაშილავა: თბილისში ჩემი სამსახური - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - პოლიტკოვსკაიას ქუჩაზეა. თავად გლდანში ვცხოვრობ. სოხუმში ამ უნივერსიტეტს ორი კორპუსი ჰქონდა, წერეთლის და ჭოჭუას ქუჩებზე. სახლში რომ ვბრუნდები, ვფიქრობ ხოლმე, ახლა სოხუმში რომ ვიყო და ამ უნივერსიტეტში ვმუშაობდე, შინ სანაპიროთი წავიდოდი-მეთქი. ბევრჯერ დამიჭერია თავი, რომ წარმოვიდგენ, აი, თითქოს წერეთლის ქუჩაზე ვარ, ჭოჭუას ქუჩაზე ვარ...
შალვა ბაკურაძე: ავსტრალიელი მეგობარი მყავს, რობერტ მაკდუგალი. ერთხელ ჩემთან მთელი ღამე ვსვამდით და სოხუმზე ვუყვებოდი. ბოლოს მითხრა, შემი სახლის მისამართი მომეცი, ჩავალო. დილით რომ გავიღვიძე, ვერ ვიპოვე. შუადღეს მართლა სოხუმიდან დამელაპარაკა, ჩემს სახლში მისულიყო. იქ ვიღაც ქალი დახვდა. რომ მიაწოდა ტელეფონი, გამომლანძღა, ვინ არის ეს კაცი, აქ სურათებს რატომ იღებსო. მერე სხვა დამალაპარაკა, აფხაზი, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას დაემგვანა ქალაქი თქვენი წასვლის შემდეგ, ლიპარტიების სახლში ვცხოვრობ, ვიყიდე ეს სახლი, ისე არ შევსულვარ, თუ ჩამოვლენ, დავუბრუნებო. მამაჩემი ამას რომ ისმენდა, ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.
ფილმი გადაიღო რობერტმა: „სოხუმური ელეგიები“. სოხუმში ხომ ევკალიპტებია. ეს ხე ყველგან არ იზრდება. თავის დროზე იქაც ჭაობების ამოსაშრობად დარგეს. მეუბნებოდა, ევკალიპტები რომ დავინახე, თავი ავსტრალიაში მეგონა, ხეებზე კოალებს დავუწყე ძებნაო.
რა შეიძლება არ მენატრებოდეს? ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი მენატრება! ასეთი განცდა მაქვს, სოხუმში რომ ფეხი დავდგა, შეიძლება გული გამისკდეს და იქვე მოვკვდე.