Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქების მძიმე მდგომარეობა აფხაზეთში


კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ღირშესანიშნაობების დაცვის საერთაშორისო დღე სოხუმში საგანგებო გამოფენით აღინიშნა. ექსპოზიციას უმასპინძლა მხატვართა კავშირის ცენტრალურმა საგამოფენო დარბაზმა, რომელიც განთავსებულია გასული საუკუნის დასაწყისში აშენებულ, ფრესკებიან, ლამაზი ფასადის შენობაში.

სოხუმში, წლიდან წლამდე, სულ უფრო მცირდება ასეთი შენობების რაოდენობა. გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც მხატვართა ნამუშევრები, ასევე აფხაზეთის ისტორიისა და არქიტექტურის ამსახველი ფოტოები, ღია ბარათების კოლექციები, რომლებზეც ასახულია აფხაზეთის ქალაქები და ბუნება XIX-XX საუკუნეების გასაყარზე. მაგალითად, დამთვალიერებელი აფხაზი მხატვრის, ვალერი გამგიას ლინოგრავიურების კოლექციაში ნახავს მოქვის ტაძარს, ბაგრატის ციხეს და არაერთ სხვა ისტორიულ ძეგლს. ბესლეთის ხიდი, კამანის ეკლესია, ლიხნის სასახლე - გამოფენაზე კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლები წარმოდგენილია ნახატი ტილოების სახით.

სამხატვრო გალერეის დირექტორის სურამ საქანიას თქმით, გამოფენილია არაერთი დოლმენის (მეგალითური ნაგებობა, რომელიც ძირითადად შედგება ვერტიკალური შემომსაზღვრელი კოჭებისგან და ჰორიზონტალური ბლოკებისგან) გამოსახულება, მათ შორის ეშერის დოლმენისა, რომელიც თბილისში ინახება და გამოფენაზე მხატვარ ნიკოლაი პისარჩუკის ნამუშევრის სახითაა წარმოდგენილი. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია აფხაზი მხარეთმცოდნის ანზორ აგუმაას ღია ბარათების კოლექცია, რომელიც დამთვალიერებელს წარმოდგენას უქმნის ასი წლის წინანდელ სოხუმზე და, როგორც გამოფენაზე მისულმა აფხაზმა ისტორიკოსმა სტანისლავ ლაკობამ შენიშნა, თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ ასი და მეტი წლის წინ სოხუმი ბევრად ლამაზი, მწვანე და კომფორტული იყო, ვიდრე ახლაა:

„სოხუმი და მისი სანაპირო პირდაპირი მნიშვნელობით გაწკრიალებული იყო, თუმცა ცხადია, მაშინ არ იყო გზის ასეთი საფარი და ზაფხულიც მტვრიანი იქნებოდა, მაგრამ სოხუმი იყო ძალზე კოლორიტული ქალაქი თავისი არქიტექტურით, რადგანაც დაგეგმარდა სამხრეთ საფრანგეთის ქალაქების ანალოგიით. სოხუმში ცხოვრობდა ხალხი, ვისაც დიდი დრო ჰქონდა გატარებული საზღვარგარეთ - რუსები, ბერძნები, სომხები, ირანელები და ადგილობრივი მოსახლეობა. ტყუილად კი არ უწოდა სერგეი ესენინის მეგობარმა ვადიმ შერშენევიჩმა ქალაქს „სოხუმური ნიცა“. მცირე ხნით თვითონ ესენინსაც უცხოვრია სოხუმში. ცნობილია, რომ ჭანბასთან ერთად ავტომობილით მგზავრობისას, ესენინს ავტომობილი გაუჩერებია დღევანდელ დენდროპარკთან, საიდანაც თვალი მოუვლია სოხუმის უბისათვის და უთქვამს, ერთხელ როგორღაც აღვწერ ამ ედემსო“.

სტანისლავ ლაკობას თქმით, დღეისათვის უყურადღებოდაა დარჩენილი ქალაქის როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული გარემო.

„ვის როგორც უნდა, ისე იქცევა. ვხედავ მოუვლელობას, ზრუნვის ნაკლებობას. ვისაც სად უნდა იქ აშენებს. არ ხდება წაქცეული ხეების სანაცვლოდ გამწვანების აღდგენა-განახლება. მეტი ყურადღება უნდა ეთმობოდეს ამას, მაგრამ პასუხად ამბობენ, რომ სახსრები არ ჰყოფნით. რა თქმა უნდა, არ ეყოფათ, როცა ასე ძვირად ღირებული ავტომობილების პარკი აქვთ. ფაქტობრივად, ჩვენი ბიუჯეტი ჩინოვნიკების უზრუნველყოფას ხმარდება, რაც შეუძლებელს ხდის სასარგებლო საქმის კეთებას“, - ამბობს სტანისლავ ლაკობა, რომლის თქმითაც, ომისშემდგომ აფხაზეთში ქალაქებს მძიმე დრო დაუდგათ.

„ქალაქი კი რა არის? ქალაქი - ეს სახელმწიფოა. თუ ქალაქი ინგრევა, ესე იგი, ინგრევა სახელმწიფო. საბჭოთა პერიოდში ამბობდნენ, რომ უნდა წაიშალოს ზღვარი ქალაქსა და სოფელს შორის, რათა სოფელი იქცეს ქალაქად, ახლა კი ჩვენთან უკუპროცესი მიმდინარეობს“, - ასეთია ისტორიკოს სტანისლავ ლაკობას ვერდიქტი.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში.

XS
SM
MD
LG