Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილა ალოიზი


ავტორი: დარია პაპბა

ვილა ალოიზი - სოხუმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლამაზი შენობაა. XIX საუკუნის ბოლოს აშენებულმა სახლმა მეპატრონე ბევრჯერ შეიცვალა და ბევრჯერაც გადააკეთეს. შედეგად წარმოიქმნა საინტერესო არქიტექტურა, რომელიც საკუთარ თავში მოდერნიზმს, ნეოგოთიკას, მავრიტანულ და ფსევდორუსულ სტილებს აერთიანებს.

სოხუმსა და მის არქიტექტურას განსაკუთრებით უხდება ადრეული შემოდგომა და გაზაფხულის დამდეგი, დრო, როცა მზის მსუბუქი სითბოთი ნასაზრდოები ბალახი ისტორიული შენობების თეთრ ფასადებს ავარაყებს. ფერთა ეს შეხამება დაილექა მათ გონებაში, ვინც აქაურობას მე-20 საუკუნის დასაწყისში ეწვია და დარჩენის სურვილი გაუჩნდა. ისინი სოხუმის გარშემო ნაკვეთებს ყიდულობდნენ და დახვეწილ შენობებს აგებდნენ.

ამ შენობებიდან ბევრი როდი გადარჩა. მათი უმრავლესობა ან დიდი ხნის წინ აიღეს, ან დროსა და გულგრილობას ემსხვერპლა, ან - ბარბაროსულ რესტავრაციას.

ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ცნობილი შენობა, რომლის ისტორიასაც თითქმის ყველა სოხუმელი მოგიყვებათ, ე.წ. ალოიზის ვილაა. საინტერესოა, რომ იოაკიმი, რომლის სახელსაც ვილა ატარებს, შენობის აგებაში საერთოდ არ მონაწილეობდა, ის მისი პირველი მეპატრონეც კი არ ყოფილა.

„ი. ალოიზის ვილა 1896 წელს პოდპოლკოვნიკის მ. დე სიმონის დაკვეთით აშენდა, ის სოხუმის ოკრუგის მმართველი იყო. შენობის სტილში რომანტიკული მოდერნიზმი და ნეოგოთიკის ელემენტები ირიდა თავს. 1903 წელს, დე სიმონის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ქვრივმა შენობა მეორე გილდიის ვაჭარს, ცნობილ მეაბრეშუმე იოაკიმ ალოიზს მიჰყიდა. 1904 წელს ალოიზმა შენობა ცნობილი არქიტექტორ-ინჟინერის ა. სინიცინის პროექტის მიხედვით გააფართოვა და გადააკეთა, მისცა ის სახე, რომელიც დღეს აქვს. დაემატა კოშკების ელემენტები, ნაწილობრივ მეორე სართული, გამოჩნდა მავრიტანული სტილი და ფსევდორუსული სტილის ელემენტებიც“, - ამბობს არქიტექტორი თემურ ლომია.

როგორც ისტორიკოსი ანზორ აგუმა თავის წიგნში „ძველი სოხუმი“ წერს, იოაკიმ ალოიზი საფრანგეთის მოქალაქე და მეწარმე იყო. 1901 წელს ის მეუღლე ნინოსთან და ორ ვაჟთან ერთად კიევიდან სოხუმში გადმოსახლდა. მალევე შეიძინეს ორსართულიანი სახლი, რომელიც გულიასა და შოტლანდიის ქუჩების კუთხეში მდებარეობს. სახლში 35 ათასი რუბლი გადაიხადეს, რაც მე-20 საუკუნის დასაწყისში დიდი ფული იყო.

ვილა ალოიზი იოაკიმსა და მის ოჯახს მხოლოდ 1920 წლამდე ეკუთვნოდა. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ ეს შენობა, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდა. დროთა განმავლობაში ვილა სამ ბინად დაანაწილეს. ერთ მათგანში 1925-1938 წლებში აფხაზი მეცნიერი და პოლიტიკოსი სამსონ ჭანბა ცხოვრობდა.

„2011 წლიდან ობიექტზე სარესტავრაციო სამუშაოები ტარდება. რამდენად ხარისხიანად და სწორად ამას არ განვსჯი... მაგრამ არის დეტალები, რომელიც მაშფოთებს. თუ სწორად მახსოვს, 2013 წელს მხატვარმა არხიპ ლაბახუამ საკუთარი ხელით რესტავრირებული პირველი სართულის ფანჯარა მაჩუქა. ის ურდულის ელემენტებით იყო. მითხრა, რომ რამდენიმე კვირა შენობის გვერდით სამშენებლო ნაგავთან იდო. თუ შენობის ფასადის ელემენტებს ასე ეპყრობიან, მაშინ შენობის შიგნით რაღა მოხდება?.. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფასადის ელემენტების 95% ახალია, გამოდის, რომ დიდად არავინ ცდილობს, რისი გადარჩენაც შეიძლება ის მაინც აღადგინონ“, - ამბობს თემურ ლომია.

თუმცა, როგორ თემურ ლომია აღნიშნავს, ვილა ალოიზის შემთხვევაში დამკვეთებს მაინც მადლობა ეკუთვნის, რადგან ისინი ძეგლს იმ სახით აღადგენენ, როგორიც ის სოხუმელებს ახსოვთ. მით უფრო, რომ ქალაქში ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც არქიტექტურული ძეგლი გადააკეთეს ან საერთოდ აიღეს.

ტექსტი შეიცავს ტერმინებსა და ტოპონიმიკას, რომლებიც გამოიყენება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

XS
SM
MD
LG