15 მაისს ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა აქამდე გამართული 85 შეხვედრიდან. 9 საათზე მეტხანს მხარეების წარმომადგენლები 17 საკითხს განიხილავდნენ, მაგრამ აქედან ყველაზე ხანგრძლივი და რთული სამი საკითხი იყო: არჩილ ტატუნაშვილის საქმე და დაღუპულის შინაგანი ორგანოების გადაცემა; დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება და ამ საქმის სიღრმისეული გამოძიება; ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმართულებით. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოსური ჯგუფის ხელმძღვანელმა მურად ჯიოევმა განაცხადა, რომ რუსეთის საექსპერტო ბიუროს მონაცემები პროცედურების დაცვით გადაეცა ქართულ მხარეს და ამ საკითხზე სხვა ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს.
„ოსური მხარე არ იყო დაინტერესებული ტატუნაშვილის სიკვდილით. ეს ბუნებრივად მოხდა, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. ის სამხრეთ ოსეთის სპეცსამსახურებისთვის ცოცხალი უფრო საინტერესო იყო, რადგან ქართული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა და მასთან კითხვები იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამ კითხვებს ვეღარავის დავუსვამთ. სამხრეთ ოსეთის დადანაშაულება ადამიანის მკვლელობაში უსაფუძვლოა. ქართულ მხარეს სხვა საექსპერტო დასკვნა არა აქვს, ამიტომ ყველა მტკიცება მხოლოდ ვარაუდია“, - განაცხადა მურატ ჯიოევმა.
რაც შეეხება შინაგანი ორგანოების გადაცემის საკითხს, ჯიოევმა თქვა, რომ რუსეთის საექსპერტო ბიურომ ყველა პროცედურა თავისი მეთოდოლოგიის მიხედვით გააკეთა, თავად არ არის ექსპერტი და მეტს ამ საკითხზე ვერაფერს იტყოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე იყო მაქსიმალურად კატეგორიული და მთელი სიცხადით მოითხოვა ყველა მასალის გამოცემა, რაც არჩილ ტატუნაშვილის საქმეს უკავშირდება.
„ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისთვის აუცილებელია შინაგანი ორგანოების გადმოცემა. ისინი [ოსური მხარე] არ აღმოჩნდნენ მზად, ამ მომენტისათვის გაეცათ ჩვენთვის ნათელი პასუხი“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ კი თქვა, რომ გამოძიების მთავარი მიზანი ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავეების გამოვლენა და დასჯაა.
„ეს იყო მკვლელობა და შესაბამისად, აუცილებელია ამ მკვლელობის გამჭირვალე გამოძიება. ამას რომ მივაღწიოთ, აუცილებელია გვქონდეს ყველა ნივთმტკიცება, ყველა მასალა, მათ შორის, ის შინაგანი ორგანოები, რაც არ იყო გადმოცემული. ჩვენ პრინციპულად დავაყენეთ საკითხი, რომ ნებისმიერი მასალა უნდა იყოს გადმოცემული, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ეჭვები, რომლებიც არსებობდა ამ მკვლელობასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გაგვიმყარდება და დავაფიქსირეთ ისიც, რომ თითქმის ერთი თვის განმავლობაში ცხედარი არ გადმოეცა ცენტრალურ ხელისუფლებას და კითხვის ნიშნები, რომლებიც ამ საქმეში არსებობდა კიდევ უფრო გამძაფრებული არის. ამიტომ აუცილებელია, რომ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა იყოს მაღალ დონეზე“.
საქართველოს ხელისუფლება ახლა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდება, რათა გაგრძელდეს საუბარი კონკრეტულ დეტალებზე. არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი მომდევნო შეხვედრებზეც დაისმება.