Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხარეებს მოუწოდებს ერგნეთის შეხვედრების განახლებისკენ


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კარავი ერგნეთში
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კარავი ერგნეთში

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის ფაქტს. „ამ ტრაგიკულ საქმესთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მისია ხელს უწყობდა დიალოგს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის საშუალებით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი ფუნქციის ფარგლებში და მანდატის შესაბამისად აგრძელებს მოვლენების შემდგომ განვითარებაზე დაკვირვებას“ - ნათქვამია მისიის ოფიციალურ ვებსაიტზე 20 მარტს, ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კვლავ ადასტურებს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ხელი შეუწყოს საკითხის განხილვას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა და „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. ევროკავშირის მისია მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეთანხმდნენ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლებაზე. 1 მარტს, ქართულმა მხარემ შეაჩერა ერგნეთის შეხვედრებში მონაწილეობა მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ძალებისგან ვერ მიიღო პასუხი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემის კონკრეტული ვადის შესახებ. 20 მარტს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ერგნეთის შეხვედრა განახლდება.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG