Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყანჩელის მარტოობა


როცა დიდი კომპოზიტორი კვდება, მისი მუსიკა ბუნებრივად იქცევა ხოლმე უკვდავების ხმოვან დადასტურებად - მუსიკა აქტუალურად იჭრება აუწყობლობითა და კაკაფონიით დაყრუებულ პროზაულ ყოფაში და დროებით მაინც ამკვიდრებს ჰარმონიულ წესრიგს ჩვენ შორის.

ყანჩელის მარტოობა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:35 0:00
გადმოწერა

ატმოსფერო კომპოზიტორის მუსიკით ივსება - შინაგანად იმეორებ შეჩვეულ მოტივებს ან ფიზიკურად იწევ მისი მუსიკისკენ, მით უმეტეს, ისეთი კომპოზიტორის მუსიკისკენ, რომლის იდეებიც, მინიმალური ნოტებით გამოხატული მრავლისმთქმელობა, მელოდიები თუ შინაარსით აღსავსე სიჩუმეც კი ჩვენი ცხოვრების ინტონაციურ შემადგენლად ქცეულა.

გია ყანჩელი ბიოგრაფიული კომპოზიტორია, ჩვენი ცხოვრების და, შეიძლება ითქვას, იდენტობის შემავსებელი - როგორც ფიროსმანის ფერწერა ან, ვთქვათ, გალაკტიონის ლექსი...

მაგრამ ყანჩელი არ არის მხოლოდ საყვარელი მელოდია (და, ამავდროულად, არის კიდეც, რადგან შეუძლებელია გიყვარდეს კომპოზიტორი, თუკი მის მიერ შექმნილი მელოდია არ გიყვარს). ყანჩელი უნივერსალური ენაა - ზოგჯერ რთული, ღრმა, ზოგჯერ მოჩვენებითად რთული ან, პირიქით, მოჩვენებითად მარტივი და მსუბუქი, მაგრამ ყოველთვის თანადროული თავისი იდუმალი ნევროტულობით, ინდივიდუალიზმით, სევდიანი ირონიით, სათქმელის მნიშვნელოვნებით და, რაც მთავარია, მსმენელზე - დაფიქრებულ ადამიანზე - ორიენტირებულობით.

ყანჩელის მსმენელი დაფიქრებული ადამიანია, რადგან ესაა კომპოზიტორი, რომლის მუსიკალურ-ფილოსოფიური კონცეფციაც განუზომელ სიამოვნებას მოგანიჭებს, თუკი მასთან ერთად და მისი რიტმით, მისი დროით ისწავლი ფიქრს, ეს კი ხშირად არცთუ ადვილი ამოცანაა, რადგან თითქოსდა გამჭვირვალე, ერთი ნახვით შეყვარებისთვის განწირული, დახვეწილ-მელანქოლიური თეატრალურ-კინომუსიკალური შედევრების თემებიც კი, რომელთა მელოდიური ნამსხვრევები მოგონებების სურათხატებივით გაიელვებენ ხოლმე მისსავე უნიკალურ სიმფონიებში, გრანდიოზულ კანტატებსა თუ ბრძნული იგავებივით მრავლისმომცველ მინიატურებში, მისი დიდი და რთული მუსიკალური სამყაროს ნაწილია.

მართალია, ეს გაცვეთილი კლიშეა, მაგრამ სწორედ უნივერსალურობა და, ამავდროულად, შემაშინებელი ინტიმურობა აქცევს ყანჩელს ყველა დროის საუკეთესო ქართველ და თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიტორად, რადგან მის ენას, მუსიკალურ ენას, თარგმნა არ სჭირდება...

ქართულ მუსიკაში ამგვარი უნივერსალურობის მაგიის მატარებელი, ალბათ, სწორედ ყანჩელის შემოქმედება და ქართული მრავალხმიანობაა, რომელიც, კომპოზიტორისავე აზრით, საავტორო იყო და არა აბსტრაქტული ხალხის, ანუ ამორფული "კოლექტივის" მიერ შექმნილი, ისევე როგორც შეუძლებელია ხალხს შეექმნა ყინწვისის ანგელოზი და არა უცნობ გენიოსს, რომლის ვინაობაც, უბრალოდ, არ ვიცით.

ზაქარია ფალიაშვილმა მეოცე საუკუნის ქართული მუსიკალური ტონალობა განსაზღვრა, ხოლო გია ყანჩელმა ქართული მუსიკალური აზროვნება აქცია ზოგადსაკაცობრიო მოვლენად. ეს ორი კომპოზიტორი არაფრით ჰგავს ერთმანეთს, არც სტილით, არც პათოსით, მაგრამ ორივეს უმნიშვნელოვანესი მისია ერგო მეოცე საუკუნის ქართულ კულტურაში - პირველს საწყისის განსაზღვრის, მეორეს - განვრცობა-უნივერსალიზაციის.

ჩემი აზრით, ისინი კიდევ ერთი, არცთუ უმნიშვნელო ინდივიდუალური მახასიათებლით არიან ერთმანეთის მსგავსნი - მორალური თანმიმდევრულობით, ანუ, მარტივად, სამოქალაქო წესიერებით...

და შესაძლოა სწორედ მორალურობა, ზნეობრივი ადეკვატურობა იყო იმის მიზეზი, რომ ყანჩელი თითქოსდა მარტო დარჩა თავისი თაობის (და არა მხოლოდ თავისი თაობის) ამდენ "ცნობიერებააღრეულ" თუ მორალის კუთხით დეგრადირებულ ადამიანს შორის - აკი თვითონვე ამბობდა მისთვის ჩვეული შეფარული ირონიით, რაკი ბევრი აღარავინ ურეკავდა ტელეფონზე, რომ ის ზოგს უკვე გარდაცვლილი ეგონა. ეს კი არა მივიწყების (რაც დაუჯერებელია, რადგან ყანჩელის დავიწყება შეუძლებელია), არამედ სწორედ მისი მორალურ-პერსონალური პოზიციის ადეკვატურობის ლოგიკურ შედეგად მესახება, ანუ სწორედ სიცოცხლის და არა სიცოცხლეშივე სიკვდილის, რადგან, რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჩანდეს ეს აზრი, მართალი ადამიანი ყოველთვის მარტოა, ხოლო გონ და ღირებულებებარეულს, ვულგარულსა და, ზნეობრივი თვალსაზრისით, გაყეყეჩებულ-გადაგვარებულს ყოველდღიურად გარს ეხვევიან აქტიურად მობუყბუყე-მოთუხთუხე ჭაობით მიზიდული სიცრუის მეხობტე სულელები...

ამ მხრივ, სამწუხაროდ, ბევრია "აქტუალური", მათ შორის, ისეთი ექს-გენიოსებიც, ვინც ოდესღაც ყანჩელთან ერთად ქმნიდა უნივერსალურობაზე პრეტენზიის მქონე შთამბეჭდავ კულტურას - მათთან, ალბათ, "არასდროს წყდება ტელეფონის ზარი", ისინი ყოველთვის უხერხულ მოვლენათა შუაგულში არიან, თუმცა ეს აქტუალობა ილუზიაა და მთავარს კი კარგა ხანია ვეღარ ფლობენ - სინამდვილისა და სიცრუის გარჩევის უნარს, და ახლა კი საერთოდ თავადვე ქცეულან სიცრუისა და უპერსპექტივობის ანგარებიან მქადაგებლებად...

ყანჩელი კი მარტოა, რადგან, როგორც ჩანს, ჭეშმარიტებასთან სიახლოვე მარტოობას გულისხმობს, სიჩუმეს, ტყუილს კი ხმაური უყვარს, რაც ყანჩელს არასდროს ჰყვარებია, თუმცა ეს სწორედ იმგვარი მარტოობაა, რომელიც, რიხარდ ვაგნერის აზრით, უკვდავების საწინდარია: როცა მთავრდება ცხოვრება, ხელოვნების სიმართლე იწყება.

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG